ავტორი:

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო - რა დება პარლამენტთან? (live)

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე დაიწყო - რა დება პარლამენტთან? (live)

პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, პირველი მოსმენით იხილავს.

ამის პარალელურად საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი, რომლებსაც გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით "არა რუსულ კანონს!” აქციაზე მყოფები აპროტესტებენ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის განხილვაც იურიდიული კომიტეტის ფარგლებში დღეს დილიდან იწყება.

აქციის მონაწილეებმა ასევე პარლამენტის უკან, გაშალეს დიდი ბანერით წარწერით, “დიდება, ვინც კიდევ გვაბრძოლებს იმედით”. ადგილზე ისმის საყვირების ხმა და შეძახილები “არა რუსულ კანონს”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გარდა დილით ჩანიშნული აქციისა, კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტის წინ გაიმართება საღამოს, 19:00 საათზე.

"საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება. ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. "რუსული კანონი“ გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს! "რუსული კანონი“ არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის! კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - წერია ორგანიზატორების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი შინაარსით გასულ წელს ინიციირებული და საპროტესტო აქციების ფონზე "ჩაგდებული" პროექტის იდენტურია.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

პროექტით, მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს".

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არ გამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

რაც შეეხება ალტერნატიულ კანონპროექტებს, ის საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრების მიერ არის ინიციირებული. "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" პროექტით განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი, ხოლო ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები იკრძალება, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის - ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას. "გრანტების შესახებ" კანონსა და "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" კანონში მომზადებული ცვლილებებით, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის კიდევ ერთი ალტერნატივაა, ნებისმიერი როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებული იქნება შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანი, მოცულობა და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

იხილეთ ასევე: