ავტორი:

ირანის "ფუჭი გასროლა": დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე- როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?

ირანის "ფუჭი გასროლა":  დრონებით და რაკეტებით მასიური თავდასხმა ისრაელზე, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე-  როგორ შეძლო ეს ისრაელმა და უპასუხებს თუ არა ის ირანს?

14 აპრილს, ისტორიაში პირველად ირანი თავს დაესხა ისრაელს. რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა ირანის პირველი პირდაპირი შეტევა წარმატებით მოიგერია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით ირანმა 300-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, თუმცა მათი 99% განადგურდა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ამ ფაქტს "მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა" უწოდა.

ირანის მიერ გაშვებული დრონებიდან სამიზნემდე მიღწევა ვერცერთმა შეძლო. 120-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტიდან მხოლოდ მცირე რაოდენობა მოხვდა ისრაელის ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ხელისუფლება ექვსი თვის წინ "ჰამასის" შეტევას სათანადოდ ვერ დახვდა. ამჯერად უკვე მზად იყო და შეძლო, მოკავშირეების მხარდაჭერით ჩამოეგდო ასობით დრონი, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტა ბევრად უფრო სერიოზული მტრისგან, ვიდრე "ჰამასია".

რა მოხდა შაბათს ღამით ახლო აღმოსავლეთის ცაზე - და როგორ იმოქმედებს ეს დასავლეთის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერაზე, არაბული სამყაროს პოზიციასა და ღაზაში ომის მიმდინარეობაზე, ამ საკითხზე BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

  • "პირველად ისტორიაში ირანული რაკეტები გამოჩნდა ალ-აქსას მეჩეთის თავზე" - რას ამბობენ მხარეები მომხდარზე?

ისრაელზე ირანის თავდასხმა პასუხი იყო დამასკოში ისლამური რესპუბლიკის საკონსულოზე განხორციელებულ ავიაიერიშზე, რაშიც თეირანი ისრაელს ადანაშაულებს. თუმცა ისრაელის ხელისუფლება, ტრადიციულად, მსგავს ოპერაციებში მონაწილეობას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

ირანიდან და მისი მოკავშირე ქვეყნების ბაზებიდან ერაყში, სირიასა და იემენში 300-ზე მეტი უპილოტო თვითმფრინავი და რაკეტა გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. ისრაელმა 99% ჩამოაგდო, რაშიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის სამხედროებიც დაეხმარნენ.

რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მოახერხა ნევატიმის საჰაერო ბაზაზე შეღწევა, მაგრამ ზიანი მცირეა. რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობას, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი გოგონას დაჭრის შემთხვევაა ცნობილი.

შეტევა უკრაინაზე რუსული არმიის თავდასხმების მსგავსი იყო. გამოყენებული იყო სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის დრონები, საკრუიზო და ბალისტიკურ რაკეტები.

რაკეტის ნამსხვრევები, რის ნაწილიც ისრაელის ცნობით, მოხვდა გოგონას იუდეის უდაბნოში, ქალაქ არადთან ახლოს

უკრაინაზე რუსეთის ყველაზე დიდი დარტყმა 100-ზე მეტ დრონსა და რაკეტას მოიცავდა. 29 დეკემბრის შეტევისას, სხვადასხვა იარაღით მასიურმა თავდასხმამ "გადატვირთა“ უკრაინის საჰაერო თავდაცვა და მისი 100%-ით მოგერიება ვერ შეძლეს.

ისრაელის შემთხვევაში სხვა ვითარება იყო. ორი კვირის განმავლობაში ირანი სხვადასხვა დონეზე აფრთხილებდა ისრაელის მთავრობას, რამაც ქვეყანას და მის მოკავშირეებს დრო მისცათ, სათანადოდ მომზადებულიყვნენ.

ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და უპილოტო თვითმფრინავებს სამიზნემდე დიდი მანძილის ფრენა მოუწიათ. ამერიკელებმა მონაწილეობა მიიღეს თავდასხმის მოგერიებაში. ჩამოაგდეს მინიმუმ სამი ბალისტიკური რაკეტა და სამხედრო თვითმფრინავებმა გაანადგურეს მრავალი სამიზნე. ასევე იორდანიის საჰაერო ძალებმა მის ტერიტორიაზე ათობით დრონი ჩამოაგდეს.

ისრაელელი პოლიტიკოსები და ექსპერტები თანხმდებიან, რომ ირანის თავდასხმის მოგერიება მნიშვნელოვანი წარმატება იყო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ირანის თავდასხმას ისრაელისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, თეირანის სახელმწიფო მედია და პოლიტიკოსები მას მტრისადმი მკაცრ პასუხად მიიჩნევენ.

"პირველად ისტორიაში ირანული რაკეტები გამოჩნდა ალ-აქსას მეჩეთის თავზე, ოკუპირებული პალესტინის დედაქალაქ იერუსალიმში“, - წერს ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA.

თუმცა, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმისგან განსხვავებით, ირანმა საჯაროდ გააფრთხილა ისრაელი თავდასხმის შესახებ.

"ირანული თავდასხმის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი იყო "სასაცილოდ დეტალური გაფრთხილება ამის შესახებ", - ამბობს დიმი რადერი, მემარცხენე, ოპოზიციური ისრაელური ჟურნალის "+972"-ის დამფუძნებელი.

"ეს იმიტომ ხდება, რომ ირანს არ სურს ზიანის მიყენება ისრაელისთვის, უბრალოდ, მას ნამდვილად უნდა სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილება“, - წერს ჟურნალისტი.

  • "თქვენ გაიმარჯვეთ, გამოიყენეთ ეს გამარჯვება ბოლომდე...“

ღაზაში მორიგი ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც "ჰამასის" ბოევიკებმა შეუტიეს ისრაელს, მოკლეს 1200 ისრაელელი და კიდევ 250 მძევლად აიყვანეს. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციამ ღაზაში 33 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ომის მასშტაბებმა და ხანგრძლივობამ სერიოზული განხეთქილება გამოიწვია ისრაელსა და მის დასავლელ მოკავშირეებს შორის.

ისრაელის პოზიციის საპირისპიროდ, მარტის ბოლოს ამერიკელმა დიპლომატებმა არ დაბლოკეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. გასულ კვირას აშშ-ს კონგრესის ორმოცდაათზე მეტმა წევრმა მოუწოდა მთავრობას ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეზღუდვისკენ. აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებებს საჯაროდ შეცდომა უწოდა.

მაგრამ ირანის შეტევამ ეს განსხვავებები უკანა პლანზე გადაწია. დასავლელმა ლიდერებმა თავდასხმა ცალსახად დაგმეს.

და თუ ღაზის ომმა შეაჩერა ისრაელისა და არაბული ქვეყნების დაახლოება, რაც ბოლო წლებში მოხდა, ირანის შეტევამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ისინი საერთო საფრთხის წინაშე. მაგალითად, ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ჩამოაგდეს, მათ შორის იორდანიის საჰაერო ძალებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჰაშიმიტური სამეფოს ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდს შეესაბამება.

კვირას ისრაელში ცხოვრება ძველებურად გაგრძელდა

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა მოითხოვეს, რომ თეირანმა შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია. ბაიდენმა მოიწვია G7 ქვეყნების საგანგებო შეხვედრა.

პრეზიდენტის თქმით, ისინი უზრუნველყოფენ "ერთიან დიპლომატიურ პასუხს" ირანის თავდასხმაზე. დიპლომატიაზე აქცენტი არის ისრაელის სამხედრო პასუხის თავიდან აცილების მცდელობა, რადგან ამერიკა შიშობს, რომ ეს მარიონეტული კონფლიქტი გადაიზრდება ღია ომში რეგიონის ქვეყნებს შორის, რასაც შეიძლება დამღუპველი შედეგები მოჰყვეს.

ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროების თანახმად, ბაიდენმა გააფრთხილა ნეთანიაჰუ, რომ ის არ დაუჭერს მხარს საპასუხო დარტყმას: ამერიკა მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

"თქვენ გაიმარჯვეთ, გამოიყენეთ ეს გამარჯვება ბოლომდე“, - უთხრა ბაიდენმა ნეთანიაჰუს.

  • როგორ უპასუხებს ისრაელი?

თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ირანთან დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა და ისრაელის სამხედრო კაბინეტი განიხილავს შესაძლო პასუხს. ისრაელის ვებგვერდის Ynet-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ ომის კაბინეტი ცდილობს შეიმუშაოს ირანის ტერიტორიაზე დარტყმის ვარიანტი, რომელიც არ გამოიწვევს ესკალაციას და ერთ-ერთი განხილული ვარიანტია თავდასხმა ატომურ ობიექტებზე.

იმავდროულად, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა მოჰამედ ბაგერიმ დაიმუქრა: თუ ისრაელი საპასუხო მოქმედებებს განახორციელებს, "ჩვენი შემდეგი ოპერაცია გაცილებით მასშტაბური იქნება“. ის ასევე იმუქრება, რომ თავს დაესხმება ამერიკულ ბაზებს ახლო აღმოსავლეთში, თუ ისრაელი ამერიკის მხარდაჭერას მიიღებს.

ირანში მთავრობის მხარდამჭერები ისრაელზე თავდასხმას სიხარულით შეხვდნენ

ამავე დროს კაიროში გამართული მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კიდევ ერთხელ შევიდა ჩიხში.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ "ჰამასის" წარმომადგენლებმა უარყვეს საერთაშორისო შუამავლების - შეერთებული შტატების, ეგვიპტისა და კატარის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების გეგმა.

"ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელისგან მოითხოვა წერილობითი დაპირება ღაზიდან ჯარების გაყვანის შესახებ ზავის მეორე ფაზაში. გეგმა, ასევე მოიცავს 7 ოქტომბრის მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელების სანაცვლოდ.