ავტორი:

არქეოლოგები და ასტრონომები სტოუნჰენჯსა და მთვარის პოზიციებს შორის სავარაუდო კავშირს შეისწავლიან

არქეოლოგები და ასტრონომები სტოუნჰენჯსა და მთვარის პოზიციებს შორის სავარაუდო კავშირს შეისწავლიან

მომავალ წელს არქეოლოგები და ასტრონომები სტოუნჰენჯსა და მთვარის პოზიციებს შორის სავარაუდო კავშირს შეისწავლიან.

მზისა და სტოუნჰენჯის ურთიერთკავშირი, განსაკუთრებით ბუნიობის დღეებში, დღემდე ყველას აოგნებს, თუმცა ამ დრომდე შეუსწავლელი რჩება ეს უცნაური მოვლენა. მეცნიერები ამ საკითხს მთვარის ერთ-ერთი უიშვიათესი მოვლენის დროს დააკვირდებიან.

ასტრონომები და არქეოლოგები "მთვარის შეჩერებას" დააკვირდებიან. ეს ის მომენტია, როცა მთვარე ჩრდილოეთის ან სამხრეთის ყველაზე შორ ჰორიზონტს აღწევს. "მთვარის შეჩერება" ყოველ 18.6 წელიწადში ერთხელ ხდება. უკანასკნელი 2015 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, მომდევნოს კი 2025 წლის იანვარში ელიან. სწორედ ეს მოვლენა მისცემს ასტრონომებს, არქეოლოგებსა და არქეასტრონომებს იშვიათ შესაძლებლობას, ჩაუღრმავდნენ და გამოიკვლიონ ის თეორიები, რომლებიც სტოუნჰენჯსა და ადგილობრივებს მთვარესთან აკავშირებთ.

ზოგიერთ ექსპერტს სჯერა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც სტოუნჰენჯი ააგეს, "მთვარის შეჩერების" შესახებ უკვე იცოდნენ. მათი ვარაუდით, იმ გადაწყვეტილებას, თუ სად დაემარხათ თავიანთი გარდაცვლილები, მთვარის ამ ფენომენთან ურთიერთდამოკიდებულების გათვალისწინებით იღებდნენ.

ასევე სავარაუდოა, რომ სტოუნჰენჯის ოთხი ქვა, რომელიც მართკუთხედს ქმნის და დღემდე დგას, ასე იმიტომ ააგეს, რომ "მთვარის შეჩერება" აღენიშნათ. კრემაციები, რომლებიც სტოუნჰენჯთან ტარდებოდა, ძეგლის სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო კონცენტრირებული და ზუსტად ემთხვეოდა მთვარის ყველაზე სამხრეთ წერტილში ამოსვლის პოზიციას.

"ამ ქვების მდებარეობა მთვარის ექსტრემალური პოზიციებისას ემთხვევა და მკვლევრები უკვე წლებია ბჭობენ, რომ ეს უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს",- აცხადებს კლაივ რაგლზი, არქეოასტრონომი ლესტერის უნივერსიტეტიდან. მისივე თქმით, ადამიანები მთვარის ციკლის შესახებ ათიათასობით წლის წინ უკვე იცოდნენ და ნაკლებ დამაჯერებელი იქნება, თუ ქვების ასეთი განლაგება უბრალო დამთხვევა აღმოჩნდება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა