ავტორი:

ევროპული ქვეყნები "რკინის გუმბათის" აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ - რისთვის ემზადება ბებერი კონტინენტი?

ევროპული ქვეყნები "რკინის გუმბათის" აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ - რისთვის ემზადება ბებერი კონტინენტი?

“პოლონეთისა და დანიის პრემიერ-მინისტრებმა ევროპის დასაცავად "რკინის გუმბათის“ შექმნის იდეა განიხილეს,“ - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა დანიელ კოლეგასთან, მეტე ფრედერიკსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი დადებითად გამოეხმაურა პოლონეთის წინადადებას იმის შესახებ, რომ ევროპის ცის პოტენციური სარაკეტო თავდასხმებისგან დაცვის მიზნით "რკინის გუმბათის“ შექმნის პროექტს შეუერთდეს“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

თავის მხრივ, დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპა "საშიშ ზონაში“ იმყოფება. "არ არსებობს იმის მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეს ევროპას ასეთი სარაკეტო თავდაცვის ფარი“, - აღნიშნა მეტე ფრედერიკსენმა.

  • გერმანიის პოზიცია

ევროპული საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობის შესახებ ლაპარაკი გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყო. მაშინ მან იწინასწარმეტყველა, რომ ამას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდებოდა.

“გერმანია ისრაელისგან “რკინის გუმბათის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას იყიდის“, - წერდა ჯერ კიდევ 2023 წლის 14 ივნისს POLITICO.

სტატიაში ნათქვამია, რომ გერმანიის მთავრობა სამხედრო სფეროს მოდერნიზების მიზნით დაახლოებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს.

ისრაელში წარმოებული საჰაერო თავდაცვის Arrow-3 სისტემის შესაძენად, რომელიც ბალისტიკური რაკეტების გასანეიტრალებლად ძალიან ეფექტურია, საერთო ჯამში 4 მილიარდი ევროს დახარჯვა იგეგმებოდა. 2022 წელს კომიტეტმა ასევე დაამტკიცა დაახლოებით 950 მილიონი ევრო გერმანული წარმოების ექვსი IRIS-T-SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესაძენად.

Arrow-3 სისტემას ისრაელის აეროკოსმოსური ინდუსტრია, აშშ-ის საჰაერო კოსმოსურ გიგანტ Boeing-თან თანამშრომლობით აწარმოებს. საჰაერო თავდაცვის სისტემები ერთობლივად უზრუნველყოფენ 2400 კილომეტრის მანძილის დაცვას.

Arrow-3

თავად Arrow-3 სისტემა, როგორც “რკინის გუმბათის“ ქსელის ნაწილი, ისრაელში 2011 წლიდან გამოიყენება. POLITICO-ს ინფორმაციით, Arrow-3 გერმანიაში შესაძლოა, 2025 წლის ბოლოს ამოქმედდეს.

ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ევროპული სახელმწიფოები უფრო მეტს ლაპარაკობენ თავდაცვის გაძლიერებაზე და ამ მიმართულებით ხარჯებით სულ უფრო მეტად იზრდება.

  • "რკინის გუმბათი"დიდ ბრიტანეთსაც სჭირდება"

პოლონეთის, დანიის და ევროკავშირის სხვა ქვეყნების გარდა, საჰაერო სივრცის უფრო მეტად დაცვაზე ფიქრი დიდმა ბრიტანეთმაც დაიწყო.

“ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, "რკინის გუმბათი" დიდ ბრიტანეთსაც სჭირდება“, - წერს telegraph-ი თავის ანალიტიკურ მასალაში, სადაც მოცემულია თავდაცვის მაღალჩინოსნების პოზიცია იმის შესახებ, რომ “ქვეყანას არ გააჩნია სახმელეთო სისტემები ლონდონისა და ატომური ელექტროსადგურების დასაცავად“.

“ირანის თავდასხმა ისრაელზე დასავლეთისთვის “გამოსაფხიზლებელ ზარად“ იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს გააჩნია საჰაერო თავდაცვის ყოვლისმომცველი სტრატეგია, შემაშფოთებელია, რომ ქვეყანას არ გააჩნია სახმელეთო სისტემები ლონდონის ან მისი ატომური ელექტროსადგურების დასაცავად. თანამედროვე ომის ცვალებადი ბუნება, სადაც ბრიტანეთის მოწინააღმდეგეები უზარმაზარ აფეთქებებს აწარმოებენ, ნიშნავს, რომ ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების მუდმივი ქოლგა.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველა სცენარისთვის. უნდა მოვემზადოთ მრავალი სახის თავდასხმისთვის. გასულ შაბათ-კვირას ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც “გამოსაფხიზლებელი ზარი”. მნიშვნელოვანია მშპ-ის 3 პროცენტის დახარჯვა საჰაერო თავდაცვის ისეთ სისტემებზე, მაგალითად, როგორიცაა “რკინის გუმბათი“, - ამბობს სტატიაში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ტობიას ელვუდი.

  • უახლესი ისტორიის ქრონიკები: ირანის თავდასხმა ისრაელზე

14 აპრილს, დამასკოში, ისლამური რესპუბლიკის საკონსულოზე განხორციელებული ავიაიერიშის საპასუხოდ, ისტორიაში პირველად, ირანი თავს დაესხა ისრაელს. ისრაელმა ირანის პირველი პირდაპირი შეტევა წარმატებით მოიგერია. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით ირანმა 300-ზე მეტი დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა, თუმცა მათი 99% განადგურდა, რაშიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის სამხედროებიც დაეხმარნენ. ხოლო ირანის მიერ გაშვებული დრონებიდან სამიზნემდე მიღწევა ვერცერთმა შეძლო. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა ამ ფაქტს "მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიღწევა" უწოდა. რამდენიმე ბალისტიკურმა რაკეტამ მოახერხა ნევატიმის საჰაერო ბაზაზე შეღწევა, მაგრამ ზიანი მცირეა. რაც შეეხება მშვიდობიან მოსახლეობას, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი გოგონას დაჭრის შემთხვევაა ცნობილი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ირანის თავდასხმას ისრაელისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია, თეირანის სახელმწიფო მედია და პოლიტიკოსები მას მტრისადმი მკაცრ პასუხად მიიჩნევენ.

  • რას წარმოადგენს საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათი“ და როგორ მუშაობს?

ტაქტიკური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა "რკინის გუმბათი“ (ებრ. כיפת ברזל, ინგლ. Iron Dome), განკუთვნილია არამართვადი ტაქტიკური რაკეტებისაგან ისრაელის დაცვისთვის 4-დან 70 კმ-მდე ფრენის მანძილიდან.

სისტემა შექმნილია კომპანია Rafael-ის მიერ. როგორც ამბობენ, მას ისრაელელები "ცის ღმერთსაც" კი ეძახიან. თითოეულ ბატარეას შეუძლია დაიცვას 150 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. "რკინის გუმბათის" ძირითად ღირსებას მისი რადარი წარმოადგენს.

კომპანია Elta Systems-ის მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურს, EL/M-2084-ს, სწრაფად შეუძლია მოახდინოს მიზნების იდენტიფიკაცია და მათი ტრაექტორიის გამოთვლა. რადარის შესაძლებლობები საშუალებას იძლევა, მოხდეს ისეთი რაკეტების იგნორირება, ანუ თუ რაკეტა დაუსახლებელ ტერიტორიაზე ვარდება, მასზე სისტემა რეაგირებას არ ახდენს. რაკეტის აღმოჩენას და ბრძანების გაცემას კი 3 წამი სჭირდება.

"რკინის გუმბათის“ პირველი ბატარეა ისრაელში 2011 წლის 27 მარტს, ბეერ-შევასთან ახლოს განთავსდა და უკვე ამავე წლის 7 აპრილს, წარმატებით შეაჩერა ღაზიდან ნასროლი БМ-21-ის რაკეტები. 2021 წლის 11 მაისს კი, როდესაც პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა: "ჰამასმა“ და "ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანეს, საერთო ჯამში ქვეყნის ტერიტორიას 600-ზე მეტი რაკეტა ესროლეს, "რკინის გუმბათმა“ მართლაც სასწაული შეძლო და 600-ზე მეტი რაკეტის განეიტრალება მოახერხა.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი