ავტორი:

"ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით" - ალეკო ელისაშვილის თქმით, მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით" - ალეკო ელისაშვილის თქმით, მას პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ აქციაზე დაკავების შემდეგ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ამბობს, დაზიანებების გამო ის გვიანობამდე ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებოდა.

"უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, ამ შეთრევის დროს წავიქეცი და დაგდებულს მირტყამდნენ გამეტებით. შემდეგ რამდენიმე საათით გადამიყვანეს დიდუბის განყოფილებაში, იქ ადამიანური გარემო იყო. შემდეგ მოვედი კლინიკაში და აღმოჩნდა, რომ ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი. ანჯელინა ჯოლის ტუჩიც მოვიპოვე ბრძოლით" - ამბობს ელისაშვილი "ფორმულასთან".

მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ, ელისაშვილმა ინტერპრესნიუსთანაც" ისაუბრა.

„კორექტული ჯაჯგური" გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ იყვნენ ვერაფრით ვიტყვი იმიტომ, რომ მარტო ფეხებს და "ბათინკებს" ვხედავდი. ასეთი "კარგი" ნაცემი შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, იქ ანზორ ჩუბინიძესაც შევხვდი და მასთან ცხარე საუბარი მქონდა. ამის შემდეგ მანქანაში ჩამსვეს მე და ერთი დაკავებული მომიტინგე, დაახლოებით ნახევარი საათი გაჩერებული ვყავდით და ბოლოს მიგვიყვანეს დიდუბეში, წერეთლის პოლიციის სამმართველოში. იქ რამდენიმე საათი ვიყავი, ოქმები შეადგინეს, ამ დროს ლევან იოსელიანიც მოვიდა და მალე წამოვედით. მერე მე წავედი კლინიკაში იმიტომ, რომ მთელი სხეული ძალიან მტკიოდა. თავის ტომოგრაფია, რენტგენი გადავიღე. "კარგი გულიანი ნაცემი ვარ. ტუჩი მაქვს ისეთი, რომ ვხუმრობდი,ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსია ვარ-მეთქი და ნეკნი მაქვს მოტეხილი. სახლში ვარ, მხნედ, შეუპოვრად ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში, არა რუსულ კანონს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს. საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცავებმა აღნიშნეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

ნახეთ ასევე: