ავტორი:

"რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში" - რა თქვა პრეზიდენტმა  CNN-თან ინტერვიუში?

"რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში" - რა თქვა პრეზიდენტმა  CNN-თან ინტერვიუში?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ის აუცილებლად დაადებს ვეტოს "რუსულ კანონს", რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის ხმის გაჟღერება იქნება. CNN-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიაა საქართველოში პროვოკაცია და დესტაბილიზაცია მოაწყოს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

  • "საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების გზაზეა, დეკემბერში ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკავშირის პასუხი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. ამ დროს მხოლოდ ერთ ქვეყანას აქვს სურვილი ამ პროცესს ხელი შეუშალოს - ეს ქვეყანა არის რუსეთი. ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი მაგალითია რუსული კანონი, რომელსაც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელისშემშლელად განიხილავენ.

უამრავი ქართველი ახალგაზრდა აპროტესტებს ამ კანონის მიღებას. ისინი საკუთარ პოზიციას ნათლად გამოხატავენ. ჩემი ვეტო მათი ხმის გაჟღერება იქნება. ჩვენ არჩევნები 26 ოქტომბერს გვაქვს, როდესაც საქართველო თავის არჩევანს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღამდე შევინარჩუნოთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას გააგრძელებენ.

ეს არის რუსეთის სტრატეგია, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში. ეს არის რუსეთის რბილი ძალა საქართველოში. მათ სურთ ქართული საზოგადოების გაყოფა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანებას და ეს არჩევანი არასდროს შეცვლილა.

"ჩვენ ვართ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და ძალიან ახლოს ვართ მოლაპარაკებების დაწყების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ უკვე დაიწყეს. ყველა ქართველი თავს ევროპელად გრძნობს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, გასული 30 წლის განმავლობაში მუდმივად, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირსა და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება. ეს არის ის, რაც ვერაფერმა შეცვალა, ვერც ომმა, ვერც ტერიტორიის ოკუპაციამ - მოსახლეობის სიმტკიცე ურღვევია და არ შეიცვლება და სწორედ ეს სიმტკიცე მიგვიყვანს არჩევნებზე წელს ოქტომბერში და დარწმუნებული ვარ, რომ გასული წლის მსგავსად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს მივიღებთ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, შარშან, ეს კანონი ვერ მიიღეს და ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი საქართველოს მოსახლეობის პროტესტის წყალობით.

"ახლა ჩვენ ერთი ნაბიჯით მიახლოებული ვართ ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან წლის ბოლოს, შესაძლოა მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ამ გზაზე და მათ აშკარად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რას მოიმოქმედებს ის, თუკი საქართველოს ხელისუფლება კანონპროექტს დაამტკიცებს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ შეუძლია ვეტო დაადოს, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა ექნება.

"ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მიქცევა, რადგან კანონი ჩვენი პარტნიორების, საქართველოში მოქმედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინააღმდეგაც არის მიმართული. ეს არის ნამდვილად გეოპოლიტიკური ომი, არა სამხედრო ომი, როგორსაც თქვენ ახლა უკრაინაში ხედავთ, არამედ სხვა ტიპის, „რბილი“ ომი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა

წაიკითხეთ ასევე: