ავტორი:

"ამ აქციებმა დაგვანახა კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა" - შალვა პაპუაშვილი

"ამ აქციებმა დაგვანახა კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა" - შალვა პაპუაშვილი

ჩვენ არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არის თუ არა მისთვის უხერხულობის შემქმნელი ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხოლოდ რუსეთი იწონებს.

პაპუაშვილის განცხადებით, უმრავლესობისთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის.

„არა, იმიტომ, რომ თუკი პოზიცია არის ასეთი, რომ ჩვენთვის განმსაზღვრელია ქართველი ხალხის ნება, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ სხვების მოსაზრება ამ შემთხვევაში გადამწყვეტი არ არის. ჩვენ უპირატესად არ ვმოქმედებთ სხვების მოსაზრებებიდან გამომდინარე, არამედ უპირატესად ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამავე საკითხზე საუბრისას პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა.“

„რაღაცა თეთრია თუ შავია უნდა გადაწყდეს არგუმენტით, რომ ეს ფერი რაღაცას ნიშნავს და არა ის, ვინ რა თქვა. მთელი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ გვაქვს დოგმებით საუბარი, რომ „იმან რომ თქვა“, „ამან რომ თქვა“ - ეს არგუმენტი არ არის.

ეს არის ავტორიტეტებით საუბარი და არა არგუმენტებით. ჩვენ რომ მხოლოდ ავტორიტეტებს დავყრდნობოდით, მაშინ უნდა დაგვეწესებინა სანქციები, რაც კატასტროფა იქნებოდა ქართველი ხალხისთვის, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაგვეთავისუფლებინა, აქეთკენ გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები - ეს იქნებოდა კატასტროფა ხალხისთვის და ბევრი სხვა, რისკენაც გვიბიძგებდნენ იგივე ავტორიტეტები პირდაპირ, ირიბად, ღიად, დახურულ კარს მიღმა და ა.შ. ჩვენ მივყვებოდით და მივყვებით არა იმას, რას ამბობენ ავტორიტეტები, არამედ იმას, რა არის სწორი ქართველი ხალხისთვის საღი, გონივრული განსჯის შედეგად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ მიმდინარე აქციებმა მათ დაანახეს ხალხის მხარდაჭერა ამ კანონპროექტის მიმართ.

„ამ დღეებმაც დაგვანახეს ერთი საჭიროება ამ კანონის და მეორე, ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ. ზუსტად ამ აქციებმა დაგვანახა ამ კანონპროექტის მიმართ ხალხის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტი ამ კანონზე მსჯელობას გააგრძელებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.