ავტორი:

რა უნდა იცოდეთ, ბავშვთა ასაკში სიელმე რომ არ გამოგეპაროთ - ოფთალმოლოგი მაია საგინაშვილი დაავადებასა და მის მკურნალობაზე

რა უნდა იცოდეთ, ბავშვთა ასაკში სიელმე რომ არ გამოგეპაროთ - ოფთალმოლოგი მაია საგინაშვილი დაავადებასა და მის მკურნალობაზე

დაბადებიდან მხედველობის სიმახვილე ძალიან დაბალია, ასაკთან ერთად ვითარდება და 5-6 წლისთვის 100 პროცენტს აღწევს. ამ პროცესში შეიძლება მოხდეს სიელმის ანუ სტრაბიზმის განვითარება, რაც მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და საშუალოდ 20-დან ერთ ბავშვს აღენიშნება. სტატისტიკურად, ხშირია სიელმის დაგვიანებული დიაგნოსტიკა. ახალშობილი ბავშვი ხშირად თვალს ვერ ასწორებს და პარალელურად ვერ ამოძრავებს. სწორედ ეს ფაქტი უწყობს ხელს, რომ მშობელს სიელმე გამოეპაროს და დაგვიანებული დიაგნოსტიკა მოხდეს. ეს კი დამატებით გართულებებსა და რიგ შემთხვევაში, შეუქცევად შედეგთან არის დაკავშირებული.

"ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი მაია საგინაშვილი სტრაბიზმზე დეტალურად გვესაუბრება.

- რა ტიპის დაავადებაა სტრაბიზმი ანუ სიელმე?

სტრაბიზმი თვალის მამოძრავებელი აპარატის დაზიანებაა. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც დარღვეულია თვალის კაკლის სწორი მდებარეობა და მათი პარალელური მოძრაობა. ამ პათოლოგიის დროს თვალი ან მონაცვლეობით ორივე თვალი, მუდმივად ან პერიოდულად გადახრილია საფიქსაციო წერტილიდან. მკურნალობის გარეშე სტრაბიზმთან ერთად შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ოფთალმოლოგიური გართულებები ან მხედველობის დაკარგვა.

- რა იწვევს სიელმეს?

- სიელმის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს რეფრაქციის პათოლოგია, როგორიცაა ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი. ასევე სტრაბიზმი შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებულმა დაზიანებამ, რომელიც იწვევს თვალის მამოძრავებელი აპარატის ფუნქციონირების დარღვევას. აღსანიშნავია დედის ორგანიზმში ქრონიკულად არსებული ან მწვავედ გადატანილი ვირუსული ინფექცია, რომელიც შესაძლოა გახდეს ბავშვის თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების მიზეზი. ამ უკანასკნელმა კი გამოიწვიოს სხვადასხვა თანდაყოლილი პათოლოგია და მასთან დაკავშირებული დაბალი მხედველობა, რასაც მოჰყვება თვალის გადახრა ანუ სიელმე.

- დაავადება თანდაყოლილია თუ შეძენილი? უფრო ხშირად რომელ ასაკში იჩენს ის თავს?

- სიელმე, როგორც წესი, ბავშვთა ასაკთან ასოცირებული დაავადებაა. თუმცა გვხვდება მოზრდილებშიც. მოზრდილებში შესაძლოა იყოს ბავშვობის ასაკიდან არა ნამკურნალები სიელმე ან შემდეგში განვითარებული.

თანდაყოლილად ითვლება სიცოცხლის პირველ 6 თვეში გამოვლენილი პათოლოგია. ამ ასაკიდან კი უკვე ის შეძენილია.

მოზრდილობაში სტრაბიზმი შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიურმა ან ენდოკრინულმა პათოლოგიამ. მოულოდნელად და სწრაფად განვითარებული სიელმე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არსებულ პრობლემაზე მიანიშნებს და ამ დროს სასწრაფო ჩარევაა საჭირო, რომ გამომწვევი დაავადების დროული მკურნალობა მოხდეს.

- სიელმის დროს მთავარი სიმპტომი თვალის პარალელური მოძრაობის დარღვევაა. როგორია დაავადების სხვა ჩივილები?

- სტრაბიზმისთვის დამახასიათებელია დაბალი მხედველობა, შესაძლებელია იყოს გაორება. სიელმის დროს პაციენტს არ აქვს განვითარებული სიღრმითი ანუ მოცულობითი მხედველობა. სიღრმით მხედველობას თავის ტვინი სწავლობს მხოლოდ თვალების ნორმალურ მდგომარეობაში დგომის დროს. თუ ტვინი ორი თვალით ერთდროულად მხედველობას სიცოცხლის პირველ წლებში ვერ სწავლობს, მაშინ მას სიღრმითი მხედველობა ვეღარ ჩამოუყალიბდება.

- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

- პირველ თვეებში, ვიდრე თვალი ფიქსაციას დაიწყებს, სიელმე შეიძლება ნორმის ვარიანტად ჩაითვალოს, ოღონდ ეს ოფთალმოლოგის დასადგენია. იგნორირება და ლოდინი, თუნდაც ერთ წლამდე, არაფრით არ შეიძლება, რადგან სიელმეს ზოგჯერ ორგანული პათოლოგიაც იწვევს. მნიშვნელოვანია, ოფთალმოლოგის მიერ ბავშვის მდგომარეობის დროული შეფასება, რათა არ მოხდეს მხედველობის დაკარგვა ან სხვა არასასურველი გართულებების განვითარება.

დაგვიანებული დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს და მკურნალობის გარეშე დარჩეს მხედველობისთვის საშიში ოფთალმოლოგიური დაავადებები - ჩამოყალიბდეს ზარმაცი თვალი, არ განვითარდეს ბინოკულური მხედველობა.

როგორც კი დედა ან პედიატრი თვალების პარალელური მოძრაობის დარღვევას შეამჩნევს, აუცილებელია ოფთალმოლოგთან კონსულტაცია. ამ დროს ვიზუალური დეფექტის გარდა შესაძლოა განვითარდეს ცალმხრივი თანდაყოლილი კატარაქტა, რომლის ოპერაციის ჩატარებაც სიცოცხლის 5-6 კვირამდეა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში თვალი ყოველთვის სუსტად მხედველი დარჩება.

მნიშვნელოვანია, რომ არ მიიღოთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად.

- როგორ ხდება დაავადების მართვა?

- სიელმის მკურნალობა მოიცავს კონსერვატორულ და ქირურგიულ მეთოდებს. ნებისმიერ მეთოდს გააჩნია სამედიცინო ჩვენება და ამას ექიმი ირჩევს დიაგნოზის დასმის შემდეგ. კონსერვატორული მკურნალობა მოიცავს სათვალის შერჩევას, სპეციალურ სავარჯიშო მკურნალობას. ხოლო ქირურგიული ჩარევა ხორციელდება ექსტრაოკულარულ კუნთებზე, მათი შესუსტების, გაძლიერების, გადანაცვლების გზით. შესაძლებელია მეთოდების კომბინაციაში გამოყენებაც.

თუ ზრდასრულ ასაკში ბავშვობაში ჩამოყალიბებული სტრაბიზმი გვაქვს, მაშინ ოპერაცია მხოლოდ კოსმეტიკურ მიზანს ისახავს.

- სტრაბიზმის მართვის რა შესაძლებლობები არსებობს "ნიუ ჰოსპიტალსში“?

- "ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიური სამსახური წარმოდგენილია პროფესიონალი, კვალიფიციური და გამოცდილი ექიმთა გუნდით. კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო თუ ქირურგიული აპარატით. ეს კი საშუალებას აძლევს ექიმს, პროფესიონალურად მართოს ნებისმიერი სირთულის პათოლოგია და წარმატებით ჩაატაროს ქირურგიული ოპერაცია.

(R)

R