ავტორი:

"ხელისუფლებას როდესაც კრიზისი აქვს, ის იწყებს ასეთი აქციების მოწყობას. ამგვარმა კონტრაქციებმა, რაც წინა ხელისუფლებებს მოუტანა, ამათაც იმავეს მოუტანს" - ექსპერტი

"ხელისუფლებას როდესაც კრიზისი აქვს, ის იწყებს ასეთი აქციების მოწყობას. ამგვარმა კონტრაქციებმა, რაც წინა ხელისუფლებებს მოუტანა, ამათაც იმავეს მოუტანს" -  ექსპერტი

მმართველი პარტია სკანდალად ქცეული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს "მხარდამჭერთა თხოვნაა“.

"ყველას დავანახებთ, სად დგას ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია სიმართლე და ჭეშმარიტი ევროპული ფასეულობები, რომლისთვისაც ძვირფასია ჩვენი ტრადიციული ეროვნული ღირებულებები - მამული, ენა და სარწმუნოება“, - წერია განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, კონტრაქცია 29 აპრილს გაიმართება.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, ხელისუფლება კრიზისშია, რეიტინგს გადარჩენა სჭირდება და მისი წინამორბედების მსგავსად, "ქართული ოცნება“ ამიტომაც აწყობს კონტრაქციას.

"ხელისუფლებას ნათქვამი აქვს, აპრილის ბოლოს მივიღებ კანონსო და აქციას აანონსებს. არ გამოვრიცხავ, საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს, ამისკენ ილტვის ხელისუფლება, ამიტომ პროტესტანტებს დიდი სიფრთხილე მართებთ“, - ამბობს პოლიტოლოგი ambebi.ge-სთან საუბარში:

"ქართული ოცნება“ პირველი არ არის, ვინც ამას აკეთებს. თუ გახსოვთ, შევარდნაძის პერიოდი, როდესაც მას გაუჭირდა და ასლან აბაშიძემ მოაშველა მთელი თავისი ძალები. უფრო ადრე, გამსახურდიას დრო, როცა ხელისუფლება მიტინგებს ატარებდა და ებრძოდა მაშინდელ ოპოზიციას. სააკაშვილის 60-ათასიანი არმიაც გვახსოვს, სტადიონზე რომ შეკრიბა და აჩვენა ხელისუფლებამ, აი, რამდენი ხალხი ვართ ივანიშვილის წინააღმდეგო. ასე რომ, ეს არ არის პირველი. ხელისუფლებას როდესაც კრიზისი აქვს, როდესაც არ აქვს მოსახლეობაში საყრდენი, ის იწყებს ასეთი აქციების მოწყობას. სამწუხაროა, რომ აქ სიახლე არაფერია.

ამ კონტრაქციებმა, რაც წინა ხელისუფლებებს მოუტანა, იმას მოუტანს ამ ხელისუფლებასაც. რამდენიც არ უნდა შეკრიბონ, იქ ხომ იმის 10%-იც არ იქნება მისული, რამდენიც საპროტესტო აქციებზე დადის? საერთოდ, ხელისუფლება რომ კონტრაქციებს აანონსებს, ეს არის ნონსენსი, სხვა რა უნდა თქვა, რაზე უნდა ილაპარაკო?

მათ ფული აქვთ, ხალხს შეკრებენ, რაიონებიდან ჩამოიყვანენ, იმავეს გააკეთებენ, რასაც და როგორც ყველა წინამორბედი აკეთებდა, ვიღაცებს დაავალებენ, მარტონი არ წამოხვიდეთ, ვიღაცები უნდა წამოიყვანოთ და ა.შ. ეს კინო არაერთგზის გვაქვს ნანახი.

აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: პრობლემა ისაა, რომ აქცია 29 აპრილსაა დაანონსებული, არც შაბათს და არც კვირას, არამედ - ორშაბათს. ვვარაუდობ, რომ ეს აქცია ორშაბათიდან სამშაბათს გაგრძელდება, ხოლო სამშაბათს კანონს გაიტანენ მეორე მოსმენით. ანუ ახლა ხელისუფლება მარტო კონტრაქციას კი არ აანონსებს, ერთ-ერთი მიზანი, როგორც ჩანს, კანონის გატანაა.

რუსთაველზე სტრატეგიულ სივრცეს ხელისუფლება გაავსებს თავისი მოკავშირეებით, ზუსტად ისე, როგორც ეს გაკეთდა შევარდნაძის დროს, მაშინაც რუსთაველი აიღეს მისმა მომხრეებმა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ხელისუფლება მიდის სამოქალაქო დაპირისპირებაზე, მაგრამ რამდენად გამოუვა ეს, რთული სათქმელია. ღმერთმა დაიფაროს და, დაპირისპირება თუ მოხდა, ამ ხელისუფლებას მერე ძალიან ცუდად ექნება საქმე, მისი ყოფნა-არყოფნის საკითხი დადგება. ერთადერთი ვარიანტი ისაა, როგორც თავის დროზე ყაზახებმა მიმართეს პუტინს დასახმარებლად, არიქა, ჯარი მოგვაშველეო, ამათაც პუტინს მიმართონ ანალოგიური მოთხოვნით. საქართველოში ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რეპრესიები რომ დაიწყოს, პატარა ქვეყანა ვართ მწირი რესურსებით და საკუთარი ძალებით ეს არ გამოვა, ამისთვის უცხო ქვეყნის ძალა გჭირდება და ის უცხო ქვეყანა, რომელიც ასეთ ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას, მხოლოდ რუსეთია. მე უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ - რადგან ხელისუფლებას ნათქვამი აქვს, აპრილის ბოლოს მივიღებ კანონსო და აქციას აანონსებს, ამას სწორედ იმისთვის აკეთებს, რომ მოხდეს დაპირისპირება. როცა ასეთ დონეზეა ხელისუფლება, მისთვის რეიტინგის გადარჩენის შანსი ესაა. მერე პროცესები როგორ გაგრძელდება, ეს უკვე არ ვიცი...

ერთი გარემოებაცაა - დღეს საპროტესტო აქციებში მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი გაახალგაზრდავდა, 5 წლის წინ თუ ხანდაზმული მომიტინგეები ჭარბობდა, დღეს პირიქითაა - აქციებზე ძირითადად ახალგაზრდობა და სტუდენტობაა. როცა ახალგაზრდობა, სტუდენტობა ქუჩაში გამოდის, მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია და ეს თავადაც მშვენივრად იციან. რამდენად რისკზე წავა ხელისუფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ პროტესტანტებს მართებთ დიდი სიფრთხილე იმისთვის, რომ რაიმე უბედურება არ დაატყდეთ, პროვოკაციებს არ წამოეგონ (რასაც ხელისუფლების მხრიდან არ გამოვრიცხავ). ლოკაციების მეტი რაა, თუ რუსთაველზე ხელისუფლების მომხრეები დაიდებენ ბინას, იქეთ თავისუფლების მოედანია ან სხვა ლოკაციები, გაპროტესტება ყველგან შეიძლება. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამისკენ მიდის და არ უნდა მივცეთ საშუალება, მან სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.“

იხილეთ ასევე: