ავტორი:

იორდანიის პირველი ქალი მფრინავი, რომელიც ქვეყნის სამხედრო სამსახურშია - რა არის ცნობილი პრინცესა სალმას შესახებ

იორდანიის პირველი ქალი მფრინავი, რომელიც ქვეყნის სამხედრო სამსახურშია - რა არის ცნობილი პრინცესა სალმას შესახებ

ბოლო კვირებია, რაც იორდანიის პრინცესა სალმა ინტერნეტვარსკვლავად იქცა. ყველაფერი ირანის ისრაელზე დრონებითა და რაკეტებით შეტევას უკავშირდება. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის მიერ გაშვებული დრონებიდან ექვსი დრონი პრინცესა სალმამ ჩამოაგდო. მოგვიანებით კი იორდანიის მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერნეტში გავრცელებული ცნობები ყალბი იყო.

  • მიუხედავად ამისა, სალმას მიმართ ინტერესი დიდია, მით უფრო, რომ საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, ის სამხედრო საქმით სერიოზულად არის გატაცებული.

პრინცესა სალმა ბინტ აბდულაჰი იორდანიის მეფე აბდულა II-ისა და დედოფალ რანია ალ-აბდულას მესამე შვილია. იგი 1996 წლის 26 სექტემბერს დაიბადა. პრინცესას სახელს უკვე არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას მიაწერენ.

  • პირველი ქალი მფრინავი

პრინცესა იორდანიის ისტორიაში პირველი ქალი მფრინავი გახდა. მან თეორიული და პრაქტიკული სწავლება მიიღო იორდანიის შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამაში. წარმატებით დაასრულა ავია ტექნოლოგიების ექსპლუატაციის მოკლე კურსი, რისთვისაც დაჯილდოვდა კიდეც.

  • კავშირი პრინც უილიამთან და პრინც ჰარისთან

პრინცესა სალმამ დიდი ბრიტანეთის პრესტიჟული სამეფო სამხედრო აკადემია Sandhurst 2018 წელს დაამთავრა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ აკადემიაში სწავლობდნენ პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი.

  • პრინცესა იმანი

პრინცესა იმანი პრინცესა სალმაზე ოთხი წლით უმცროსია, თუმცა მათი დაბადების დღეები მხოლოდ ერთი დღით განსხვავდება. ამიტომ იუბილეს ორივე ერთ დღეს აღნიშნავს. შარშან დედოფალმა რანიამ შვილებს საერთო მისალოცი პოსტი მიუძღვნა:

"სანამ ჩემი გოგოები ასე ახლოს არიან, სიყვარული და სიცილი არ მოგვაკლდება", - წერდა დედოფალი.

  • პრინცესა სალმას ახლო ურთიერთობა აქვს ძმასთან, პრინც ჰუსეინთან

პრინცი ჰუსეინი, ოთხი და-ძმიდან ყველაზე უფროსი, ხშირად აქვეყნებს პოსტებს თავისი დის მიღწევების შესახებ.

"უცხოელის" შვილი

აბდულა II 1962 წელს ამმანში დაიბადა. მამამისი იორდანიის მეფე ჰუსეინ ბენ ტალალი იყო და მათი გვარი მუჰამედის პირდაპირ შთამომავლად ითვლება.

აბდულა მუჰამედის 43-ე თაობის წარმომადგენელია. იორდანიაში, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აბდულას "უცხოელს” უწოდებდნენ, რადგან დედამისი წარმოშობით ბრიტანელი არისტოკრატი იყო, ხოლო სალმას მოიხსენიებენ, როგორც "უცხოელის შვილს".