ავტორი:

ტკიპების გავრცელების სეზონი იწყება: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და როგორც დავიცვათ თავი - ინფექციონისტის რჩევები

ტკიპების გავრცელების სეზონი იწყება: რა დაავადებებს იწვევს მათი ნაკბენი და  როგორც დავიცვათ თავი - ინფექციონისტის რჩევები

ტკიპები, რომლებიც საკმაოდ მძიმე დაავადების გადამტანები არიან, ბუნებაში გაზაფხულის დადგომასთან და დათბობასთან ერთად ჩნდებიან. ტკიპების აქტივობა იწყება აპრილის ბოლოდან, პიკს კი ივლისის დასაწყისში აღწევს. ბუნებაში მათი აქტივობა ყველაზე საშიში დილის 8-დან-11 საათამდე და საღამოს 5-დან 20 საათამდეა.

ბუნებაში არსებული ტკიპები ორი საშიში დაავადების გადამტანები არიან.

ტკიპებით გამოწვეული ენცეფალიტი უკიდურესად საშიში ინფექციაა, რომლის სიკვდილიანობა 25%-მდეა. ენცეფალიტი ინფიცირებული ტკიპას ნერწყვით გადაეცემა ადამიანს ნაკბენიდან რამდენიმე წუთში. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 4-28 დღეა.

ინფექცია იწყება ცხელებით, რასაც მოჰყვება სისუსტე, თავის ტკივილი და სახსრების გაძლიერებული მგრძნობელობა. დაავადების გამწვავებას მოსდევს: ნევროლოგიური გართულებები და ძლიერი თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, თვალის ტკივილი, ლეთარგია, ცნობიერების დაქვეითება, კრუნჩხვები.

მეორე საშიში დაავადებაა ლაიმის დაავადება, ანუ ბორელიოზი. მას იწვევს ბაქტერია Borrelia burgdorferi, რომელიც გადადის ინფიცირებული ტკიპას ნაკბენით. ლაიმის დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს მსუბუქიდან მძიმემდე, მათ შორის კანზე გამონაყარი (ხშირად წრეების სახით), დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცხელება, ჩხვლეტის შეგრძნება და დაბუჟება. ბორელიოზის წინააღმდეგ ვაქცინა არ არსებობს, მაგრამ სამკურნალოდ ანტიბიოტიკები შეიძლება დაინიშნოს. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი დამოუკიდებლად ექიმის დანიშნულების გარეშე, რადგან მედიკამენტების დოზა და ხანგრძლივობა გამოითვლება ინდივიდუალურად.

ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს:

- გაზაფხულზე, როდესაც გამწვანება იწყება, ბალახი ამოდის, ხეებს ფოთლები გამოსდის, უკვე მნიშვნელოვანი სეზონი იწყება ტკიპებისთვის. ზოგჯერ მცდარად ჰგონიათ, რომ ეს ის ტკიპაა, რაც ძაღლებს და ზოგადად, ცხოველებს აქვთ. გააჩნია, ჩვენ ახლა რომელ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ბორელიოზი რომელ ტკიპასაც გადააქვთ, ეს ის ტკიპა არ არის, რაც ცხოველებს ჰყავთ.

- თუმცა ძაღლის ტკიპაც საშიშია ალბათ?

- დიახ, შეიძლება სხვადასხვა დაავადებების გადამტანი იყოს, მაგრამ მთავარი პრობლემა, რაზეც ყველა ვღელავთ, ეს ბუნებაში არსებული ტკიპაა. ძაღლის ტკიპა არის მსხვილი და კარგად ჩანს, ის ტკიპა კი, რომლებსაც ლაიმის დაავადება გადააქვს, ძალიან პატარა, ნემსის თავის ზომაა. ზოგჯერ ვერ ხედავს ადამიანი, იმდენად ღრმად არის კანში ჩამჯდარი. ინფექციის გადატანისთვის მათ არ სჭირდებათ ცხოველი, ძირითადად ბალახიდან ხდება კანში ჩაჯდომა. ზოგჯერ ადამიანი ვერც აფიქსირებს იმ მომენტს, რომ ტკიპა ჰქონდა სხეულზე ჩამჯდარი, მაგრამ ხანდახან თვალით ხილვადია. მისი ამოღება სპეციალური წესით, პინცეტით ხდება, როგორც გითხარით, ძალიან პატარა, უწვრილესი ტკიპაა.

ასე გამოიყურება ძაღლის ტკიპა

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ნახავს, რომ კანში ტკიპა აქვს ჩამჯდარი.

- ოჯახის პირობებში შესაძლებელია ამოღება, პინცეტი მთლიანად უნდა მოკიდოს იმ ნაწილს და ამოაძროს, შემდეგ კანი სპირტით უნდა დამუშავდეს. თუ შეატყო, რომ ვერ ამოიღო ბოლომდე და რაიმე ნაწილი მაინც დარჩა, უმჯობესია, სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს.

ნაკბენიდან ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ სასურველია კონსულტაცია გაიაროს სპეციალისტთან. სასურველია ჩატარდეს გამოკვლევა ბორელიოზზე. ზოგჯერ შესაძლოა დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, მაგრამ ყველაზე საყურადღებო სიმპტომია, ე.წ. მიგრირებადი ერითემა, ეს არის ძალიან სპეციფიკური გამონაყარი, რკალის ფორმა აქვს და შესაძლოა, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში გაჩნდეს, არ არის აუცილებელი, რომ ნაკბენის ადგილზე გაჩნდეს მხოლოდ. ასევე შესაძლოა, განვითარდეს ტემპერატურის მატება და სახსრების ტკივილი.

ბუნებაში არსებული ტკიპა

- დასაწყისში ვახსენეთ ცხოველის ტკიპა, როგორც მივხვდი, ცხოველის ტკიპა არ არის ასეთი საშიში.

- ცხოველებთან დაკავშირებით ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟია, აქ ხდება ხოლმე აღრევა. სინამდვილეში, მძიმე დაავადების გადამტანი არ არის ცხოველის ტკიპა, როგორც გითხარით, უფრო სახიფათოა ბუნებაში გავრცელებული.

დაავადების პირველი სიმპტომების წამოსვლა ხდება რკალების სახით

- როგორ უნდა დაიცვან თავი, ბუნებაში ყოფნის დროს.

- ადამიანს უნდა ეცვას დახურული ფეხსაცმელი, ფეხი მთლიანად დაფარული ჰქონდეს და ასევე მკლავები. ეს არის მხოლოდ გამოსავალი. თუ კარვებით მიდიან ტყეში, ამ დროს აუცილებელია ცხოველებისგან დამცავი კრემები.