ავტორი:

"ქუდბედიანი ვარ...“ - ახალგაზრდა მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი

"ქუდბედიანი ვარ...“ - ახალგაზრდა მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი

მხატვარი ნატო უტიაშვილი მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. ხატვის გარდა, მან საკუთარი ტალანტი მრავალმხრივ განავითარა და გობელენის, ტიხრული მინანქრის, სამკაულისა და თოჯინების შექმნაც შეისწავლა...

ნატო უტიაშვილი:

- დავიბადე კახეთში, ქალაქ გურჯაანში. ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა. რომანტიკოსი ვიყავი პატარაობიდან. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ... ღრმა ბავშვობიდან ვწერდი დღიურებს, ვმღეროდი. მამას ნივთებში მავთულებს ვპოულობდი და სამკაულებს ვაწყობდი, სანთლებისგან ფიგურებს ვაკეთებდი. წაკითხული წიგნიდან ილუსტრაციებს ვხატავდი.

- რა ასაკში დაიწყეთ ხატვაზე სერიოზულად ფიქრი?

- 12 წლის ვიყავი, როდესაც გურჯაანში გაიხსნა სამხატვრო სკოლა. ჩემმა მამიდაშვილმა ძალით მიმიყვანა იქ, მაშინაც ძალიან მორიდებული ვიყავი.

მასწავლებელი მეუბნებოდა - ბავშვურად ხატეო, ყველაფერი ერთდროულად მაინტერესებდა: შუქ-ჩრდილები, ფერები, ანარეკლები.

- გობელენის სპეციალობისკენ რამ გიბიძგათ?

- ჩემმა მასწავლებელმა, მაია ლიუმ მირჩია გობელენი შემესწავლა. მეც წავედი მაგ მიმართულებით. გივი ყანდარელი გობელენის ფუძემდებელია საქართველოში და მასთან დავიწყე სწავლა ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტში, რომელიც ცოტა ხანში თეატრალურს შეუერთდა. საბოლოოდ თეატრალური დავამთავრე.

მახსოვს, მუსიკის თემაზე გაკეთებულმა გობელენმა როგორ აღაფრთოვანა ყველა, რომლის იდეაც ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლის, ხათუნა რაზმაძის სიტყვებმა შთამაგონა, რომელმაც მითხრა, რომ იმ თემაზე გამეკეთებინა ესკიზი, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. ჩემთვის ასეთი თემა მუსიკაა და სწორედ ამ თემაზე მოვქსოვე.

თეატრალური წითელ დიპლომზე დავამთავრე.

მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც, როდესაც ვან გოგის ცნობილი ნამუშევრის მიხედვით გობელენი მოვქსოვე, ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია, ის ერთგვარი გადატრიალებაც გახდა ჩემს ცხოვრებაში.

- ტიხრული მინანქარი სად და როდის შეისწავლეთ?

- ვმუშაობდი ტიხრული მინანქრის საწარმოში და სწორედ იქ შევისწავლე. ვაკეთებდით ტიხრებს, ფერებს, დამუშავებას. მოგვიანებით ტიხრების განყოფილების უფროსად დამნიშნეს. შემდეგ მოხდა ისე, რომ დავიშალეთ და სხვაგან გავაგრძელე სწავლა, კერძოდ კი ნათია მალაზონიასთან.

2017 წელს კი ავიღე გრანტი, ესეც მაია ლიუს რჩევით.

საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში სულ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან, ამის გამო ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ქუდბედიანი ვარ... მადლობა თითოეულ მათგანს და მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში მიდგას.

- სამკაულებზეც გვითხარით...

- სამკაულები ბავშვობიდან მიყვარს, ერთგვარი ჰობიც კი იყო მათი აწყობა. ბისერების კოლექციებიც მაქვს გაკეთებული, მაგრამ სერიოზული სახე არ მიმიცია ამ მიმართულებისთვის.

- თოჯინების კეთება როდის ისწავლეთ?

- პანდემიის დროს აღმოვაჩინე ეს ნიჭი ჩემში. მას მერე გავაკეთე რამდენიმე კოლექცია, რომლის რეალიზაციას ონლაინ ვახდენდი, ნაწილი კი ჩაბარებული მაქვს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში.

- ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილებაზეც გვესაუბრეთ...

- ეს პანდემიამდე იყო და მეტად საინტერესო გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში. შშმ პირებს ხელსაქმეს ვასწავლიდი, ძალიან შემიყვარდნენ, დღემდე ვურთიერთობთ...

- ამჟამად რით ხართ დაკავებული?

- ამჟამად სახლში მაქვს მოწყობილი პატარა სახელოსნო და აქტიურად ვხატავ. მივხვდი, რომ ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს. სწორედ ეს გახდა ამოსავალი წერტილი ჩემს მრავალფეროვან შემოქმედებაში. დიდი გეგმები მაქვს, ვნახოთ, იმედია, შევძლებ და განვახორციელებ...

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი