ავტორი:

რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს 2000 დოლარის სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა დაუმზადეს - სუსი

რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს 2000 დოლარის სანაცვლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის ყალბი ცნობა დაუმზადეს - სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს განეხორციელებინათ პირის ქვეყნიდან გაძევება.

„გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე“,-აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.