ავტორი:

"არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს" - კახა კალაძე

"არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი - ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს" - კახა კალაძე

"მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, ამასთან აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან".

როგორც კალაძემ აღნიშნა, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას.

“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები. სამარცხვინოს დავარქმევდი, თუმცა კარგად ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, “ფარას” დოკუმენტში ყველაფერი იქნება ასახული. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები. ასეთი რეზოლუციები გვინახავს. გახსოვთ, გასული თვეები. ამოიღეთ და ნახეთ, რას იღებდნენ. არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. გვახსოვს, როდესაც მოგვიწოდებდნენ თუ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა ქვეყანა, თუ სანქციებს არ შეუერთდებოდა ქვეყანა, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ, ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ის, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას”,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით - "საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე" ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტის ხელახლა წარდგენა საქართველოს ოფიციალური პირების მიერ 2023 წელს გაკეთებულ საჯარო კომენტარებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი აქვს გამოთხრილი, ვინაიდან, “უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან.

რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონის მიხედვითაა მოდელირებული, ხოლო მსგავსი კანონპროექტები ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ყირგიზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.