ავტორი:

რეანიმაციიდან დიდ სცენაზე: ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით

რეანიმაციიდან დიდ სცენაზე: ნუციკო, რომელსაც ცერებრალური დამბლის დიაგნოზი დაუსვეს, 7 ენაზე მღერის - გაიცანით 6 წლის გოგონა საოცარი ნიჭით

თიკო მახარაძე და ნუცა საჩეჩელაშვილი დედა-შვილი არიან. ამ მუსიკალურ დედა-შვილს სოციალურ ქსელში კარგად იცნობენ, რადგან ცნობილი "ტიკტოკერები" არიან. 6 წლის ნუცა საოცარი ნიჭით გამოირჩევა, ყოველი მისი ნამღერი მსმენელის გაოცებას და აღფრთოვანებას იწვევს. ამ ნიჭის გამოვლენამდე, გოგონას არც ისე სასიამოვნო პერიოდი აქვს გავლილი. რასთან ჰქონდა საქმე ნუცას ოჯახს, რა პრობლემის გადალახვა მოუხდა ყველას ერთად, ამაზე თიკო მახარაძე, ნუცას დედა გვიამბობს:

- ნუცა დაიბადა 7 თვის - 31 კვირის იყო. დაბადებისას არ ჰქონდა რაიმე თანდაყოლილი პრობლემა. ყველაფერი მოხდა შემდეგ, ექიმები ფილტვებს ეხმარებოდნენ, რომ უკეთ გახსნილიყო. როდესაც ჟანგბადი მიაწოდეს, თავში კაპილარი გაუსკდა, ვერ გაუძლო, რადგანაც მისი ნაადრევობის გამო ბოლომდე ჩამოყალიბებული არ იყო. ამიტომაც მივიღეთ დიაგნოზი - ცერებრალური დამბლა. ბავშვმა რეანიმაციაში გარკვეული პერიოდი გაატარა... შემდეგ, ამის გამო, 6 თვისას თერაპიის კურსი დავუწყეთ. დიაგნოზის გაგებისთანავე მივხვდით, რომ ამ ყველაფერთან გამკლავება ადვილი არ იქნებოდა და ბრძოლა მოგვიწევდა. ტვინის ძალიან ძლიერი დაზიანება. მოკლედ უტარდებოდა თერაპიის კურსი და ექიმების რჩევებს მივყვებოდით. გვეუბნებოდნენ, რომ ვერ გაივლიდა.

- პირველ ეტაპზე ასეთი იყო მათი პროგნოზი?

- კი და დამოუკიდებელი ჯდომაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. პროცესს მივენდეთ, რაღაცნაირად გვჯეროდა, რომ მაინც შეძლებდა და ნუცა ფეხზე დადგებოდა. არც ერთი წამით იმედი არ დაგვიკარგავს. მაქსიმალურად რაც შეგვეძლო, ყველაფერი ჩავდეთ, რომ სიარული შესძლებოდა. თავიდან ექიმები ზუსტ პასუხს ვერაფერზე მეუბნებოდნენ, რადგან ბევრი რამ ბავშვის მონდომებაზე იყო დამოკიდებული. როგორ იყოჩაღებდა და რამდენად მხნედ დაუდგებოდა ამ გამოწვევას. ამბობდნენ, თუ 2 წლამდე დაჯდება, მაშინ სიარულზეც ვიფიქროთო... ხომ ვამბობ, დამოუკიდებლად დაჯდომაც კი სათუო იყო, რადგან თავს ვერ იჭერდა. ხელში უნდა გვჭეროდა, ან რაღაც სხვა პოზიციაში უნდა ყოფილიყო. სასწაული მოხდა - 2 წლისა დაჯდა. ნუცა დღეს დადის, 3 წლის იყო პირველად დამოუკიდებლად რომ გაიარა.

- მანამდე, როგორც თქვით, თერაპიას გადიოდა და ინტენსიურად ვარჯიშობდა..

- დიახ, დადის ოღონდ, სრულად ჯერ ვერა, მხოლოდ ფეხის წვერებზე. წარმოიდგინეთ ასეთ მდგომარეობაში დარბის კიდეც. უბრალოდ, თავისი დიაგნოზიდან გამომდინარე ტერფის სრულად დადგმა უჭირს. სიელმეც მისი დაავადების შედეგია, რომელიც ოპერაციას ექვემდებარება.

- ე.ი. თავიდანვე ოპტიმისტურად იყავით განწყობილი, არც გიფიქრიათ, რომ რაღაც არ გამოვიდოდა, რაღაც ისე არ იქნებოდა, ხომ?

- მჯეროდა, რომ აუცილებლად გამოვიდოდა... ძალიან თბილი და სხვანაირი ბავშვია. არც თვლის, რომ ჯანმრთელობის მხრივ რაიმე შეზღუდვა აქვს. ამ ყველაფრის შესახებ რაღაც დონეზე ინფორმაცია აქვს... ბავშვი არის გონიერი, საღად მოაზროვნე.

- რა მთავარია, ნიჭიერი და მას რაც ბევრისგან გამოარჩევს, საოცარი ხმისა და სმენის პატრონია. ეს როდის და როგორ აღმოაჩინეთ?

- ლაპარაკიც არ იცოდა, წლის და 2-3 თვის იქნებოდა ნელ-ნელა სიმღერა რომ დაიწყო, მაგრამ როგორც ვატყობდი, საბავშვო სიმღერები არ სიამოვნებდა. არადა, სიმღერაში მე განსხვავებული მიმართულება მომწონს, უფრო ბლუზს, ჯაზს ვუსმენ. რადგან მივხვდი, რომ ბავშვს სხვა რაღაცები აინტერესებდა, მეც ისეთ მუსიკას ვურთავდი, რადგან ვხდებოდი, რომ ის მეტად სიამოვნებდა. წლინახევრიდან თვითონ დაიწყო უცხოურ ენაზე სიმღერა, ან სიმღერაზე აყოლა... 2 წლიდან ინგლისურად გამართულად მღერის, ამის კადრებიც მაქვს. მერე ფრანგულად, ესპანურად, პორტუგალიურად დაიწყო მღერა. ახლა უკვე 7 ენაზე მღერის. თავისთავად სალაპარაკო უცხო ენა არ იცის, მაგრამ სიტყვებს, ტექსტებს სმენით იმახსოვრებს.

- მისი აკომპანიატორი, პარტნიორი, მიმართულების მიმცემი მუსიკაშიც თქვენ ხართ, ხომ?

- მე და დედაჩემი, ანუ ნუცას ბებო. ისიც მუსიკოსია. გიტარის მასწავლებელია...

- მოკლედ მის მუსიკალურ გემოვნებას უვითარებთ, აყალიბებთ და ხელს უწყობთ. ამასთან, დედა-შვილს ინტერნეტსივრცეში, კერძოდ, "ტიკ-ტოკზე" ბევრი გულშემატკივარი გყავთ. იგრძნობა, რომ აუდიტორიას უყვარხართ.

- კი და ჩვენც გვიყვარს მათთან ურთიერთობა. რადგან ვაქტიურობთ სოციალურ ქსელში, ხალხიც ამიტომ ჩვენგან სულ სიახლეს ელოდებიან. ნუციკოს უხარია, რომ მის ნამღერს უსმენენ. უცხოელ ლაივ-კრეატორებთანაც გვაქვს ხოლმე ჩართვები - ჩვენც ვმღერით და ისინიც მღერიან, თუ მომღერლებთან გვაქვს ჩართვები. საინტერესო ლაივებია ხოლმე. ნუცას მოსწონს, ოღონდ მღეროდეს და ვინმე უსმენდეს. თუ მას ოდნავ ეკრანს მოვარიდებ, არ სიამოვნებს, უნდა, რომ კადრში თვითონ გამოჩნდეს და უსმინონ. ზოგადად ძალიან მიზანდასახულია. სანამ სიმღერას არ ისწავლის, ალბათ 100-ჯერ გადაახვევს და მიუბრუნდება, ცხადია, თუ მოსწონს. ცოტა ჯიუტიც არის, შეიძლება ჩემი შერჩეული, თუ შეთავაზებული არ გააკეთოს. დამოუკიდებლად არჩევს ყველაფერს თავისთვის. მებრძოლია, თითქმის სულ თავისი გააქვს. მოსიყვარულეა - უხარია, ქუჩაში რომ უღიმიან და ესეც ეხუტება.

- თქვენ მუსიკალური განათლება გაქვთ?

- შვიდწლედი დავამთავრე და რასაც ახლა მუსიკაში ვაკეთებ, მხოლოდ ჩემით, თვითნასწავლი ვარ. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე უნდა ვყოფილიყავი. ჩავაბარე, მაგრამ ვერ დავამთავრე, რადგან მალევე დავოჯახდი. ისე, ამას იმდენად არ შევუფერხებივარ სწავლის კუთხით, უბრალოდ ნუციკოს პრობლემის გამო სწავლა ვეღარ გავაგრძელე და დავასრულე... ბავშვობაში მომღერლობაზე ვოცნებობდი... ამიტომ ახლა ვცდილობ, რაღაცნაირად ეს დანაკლისი ავინაზღაურო. კონცერტები მაქვს ხოლმე. მალე ერთ-ერთ შოუში მივიღებ მონაწილეობას და ამით ალბათ ჩემი სცენაზე დაბრუნება მოხდება... ადრე ვმღეროდი, სულ სცენაზე ვიდექი. ლატვიაში კონკურსში გრანპრის მფლობელიც გავხდი. ეს გამარჯვება ჩემს დაოჯახებას უძღოდა... ნუციკოს გარდა მყავს 8 წლის ლიზა. ისიც მღერის და კარგად ხატავს... ცოტა ხანში ნუციკო მაყურებელი ერთ-ერთ მეგაპროექტში იხილავს. ახლა დედა-შვილი ამ პროექტების წინასამზადისში ვართ. ლაივებშიც რომ გავდივართ, დღის განმავლობაში, ამისთვის ვემზადებით. რაღაცებს ვგეგმავთ ხოლმე. ლიზა სკოლაში დადის, მეორე კლასშია. სკოლაში რომ მიდის, სახლში მე და ნუციკო ვრჩებით და ახალ სიმღერას ვსწავლობთ.

- რა არის თქვენი სურვილი?

- ნუცა რეალიზებული იყოს ჯერ თავის სამშობლოში და შემდეგ აუცილებლად საზღვარგარეთაც. ეს იმისთვის, რომ მისი ადამიანებს ნიჭიერება საზღვრებს მიღმაც გავაცნოთ. მინდა, რომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს და მეც ამდენი წლის განმავლობაში რაც მინდა და რაღაცები ვერ შევძელი, შევძლო. მინდა, ჩემითაც ამაყობდნენ შვილები და ოჯახი. ჰყავდეთ წარმატებული დედა, რომ მათთვის ვიყო მაგალითი, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას. ჩემი მეუღლე კი ჩვენი დიდი გულშემატკივარია.