ავტორი:

"არ ვიმსახურებ ამ გულისწყვეტას, მამა... კარგად იცი ბილწსიტყვაობა არ მომწონს, მაგ ხალხთან ერთად მეც ვდგავარ აქციებზე" - საჯარო მოხელისა და მისი შვილის "დებატები" სოციალურ ქსელში

"არ ვიმსახურებ ამ გულისწყვეტას, მამა... კარგად იცი ბილწსიტყვაობა არ მომწონს, მაგ ხალხთან ერთად მეც ვდგავარ აქციებზე" - საჯარო მოხელისა და მისი შვილის "დებატები" სოციალურ ქსელში

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსს ლაშა გვასალიას "აგენტების კანონის" მოწინააღმდეგე რამდენიმე ქალის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებენ.

ამის დასტურად გვასალიას პოსტი მოჰყავთ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეურაცხმყოფელი სიტყვებით საჯარო მოხელე ზუგდიდელ სამოქალაქო აქტივისტებს - ცაბუნია ვართაგავას, ივდო ოტობარს და ოპოზიციური პარტია "დროას" წევრ მარიამ სიჭინავას მიმართავს.

ლაშა გვასალია, რომელიც პოეტიცაა, ფეისბუქზე ძირითადად საკუთარ ლექსებს აქვეყნებს. ბოლო დღეებში კი მის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებში ჰომოფობიური და სექსისტურ ტერმინოლოგია შეინიშნება.

რას წერს ის სოციალურ ქსელში?

"ჩეჩმა ცაბუნია ვართაგავას კიდევ ერთი გაურკვეველი სქესის წუნწუხი მარიამ სიჭინავა ამოუდგა გვერდით, ღამის ქოთანი და უსაზიზღრესი არსება, უვიცი, ბოგანო, ჭიაფსელა და ილანძღებიან ერთობლივი ძალისხმევით. თქვენ ვინ უნდა ლანძღოთ ქუჩის ქალებო, ძაღლთა წილად დარჩენილო ნეხვმღილებო. თქვენისთანების ქვეყანა არ გვინდა და იმიტომაც მივიღებთ იმ კანონს. ფუ, აყროლებული ქალაჭუები" - წერს გვასალია, რის შემდეგაც მის მიმართ უამრავი უარყოფი კომენტარი დაიწერა.

გვანცა გვასალია, ლაშა გვასალიას ქალიშვილი, სოციალურ ქსელში მამის მიმართ ატეხილ აჟიოტაჟს პოსტით ეხმაურება და ამბობს, რომ ლანძღვას და ძალადობას გმობს. თუმცა განმარტავს, რომ "ამის გამო მამის დაკარგვას არ აპირებს".

"არ ვარ თბილისში, გასული ვარ ქალაქიდან, საერთოდ არ ვიცი რა ხდება, უცებ მიგდებენ რაღაც გაურკვეველ სქრინებს მამაჩემთან დაკავშირებით და ვიღებ ათას დაუმსახურებელ "შემკობას". ყველამ, ვინც კი ოდნავ მაინც მიცნობს, იცის რომ "ნაცებიც" და "ოცნებაც" ერთნაირად მეზიზღება იმ დანაშაულთა გამო, რაც ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე აქვთ ჩადენილი.

არც ერთ პროტესტს არ უარსებია ისე, რომ სამართლიანობის მხარეს არ ვმდგარიყავი. სამწუხაროდ, კარგ იდეებს და იდეალებს ხშირად არც თუ ისე კარგი ადამიანებიც ეწებებიან, ახლანდელი სიტუაცია, თუნდაც ჩემი ჩათრევის მცდელობა, ამის ნათელი მაგალითია. არაერთხელ გამიჟღერებია, რომ მე და მამას ერთნაირი პოლიტიკური გემოვნება არ გვაქვს, მაგრამ ამის გამო მამის დაკარგვას და ლანძღვას ნამდვილად არ ვაპირებ. ეგაა ზუსტად რუსეთის პოლიტიკა, რომ ერთმანეთს გადაგვკიდონ ყველანი და ჩვენი ერთობა და ის იდეალები, რომელიც ქართველებს ქართველებად გვაქცევს, გაანადგურონ. ესეც რომ არა, ჩემთვის ოჯახი ხელწამოსაკრავი რამ არაა, რომლის აღება და სადღაც გვერდით გადადება ნორმალურია.

არ ვიცი ამის მოლოდინი საერთოდ რატომ არსებობს. მამაჩემი თუ გასხივოსნდება სიკარგისგან, მაშინაც მამაჩემი იქნება და თუ დაეცემა - მაშინაც. ესაა ოჯახის დეფინიცია ჩემთვის. ცხადია სხეულზე თუ სხვა სახის შეიმინგს, ლანძღვას და მსგავს რამეებს ვგმობ. როგორც სხვების, ასევე მამას მხრიდანაც. რაც ზოგადად არასწორად მიმაჩნია, ოდესმე ის რომ გავამართლო, გული ამერევა საკუთარ თავზე.

არ ვიცი რა უთანხმოებები გაქვთ სამეგრელოში ერთმანეთთან, არც ის ვიცი, რამ განაპირობა მამას ამ ზომამდე მისვლა, უჩემოდაც გეცოდინებათ, რომ ნამდვილად არ უჭირს სათქმელის რაციონალურად ჩამოყალიბება, თუმცა, თუ ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებ, მკვდარ-ცოცხალს ამოუტრიალებ და ა.შ არც მისი განრისხება უნდა გაიკვირვო. არ მგონია აქ სქესს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. მთელ ქართულ ოცნებას გადაბლოკილი ვყავარ მეც თავიანთ გვერდებზე, მაგრამ ამის მიზეზი გარდაცვლილი მამის მიწაში ტრიალი, **ეოს ძახილი და მათი შვილებისთვის მიწერა არც ერთხელ არ ყოფილა. ყველაფრამდე ადამიანი უნდა იყო ჯერ და სახე არ უნდა დაკარგო. ალბათ კიდევ ვიდგებით ერთ მხარეს, მინიმუმ ამ რუსული კანონის წინააღმდეგ, თუმცა თქვენთან მეგობრობა, თუ საქმიანი ურთიერთობა არასდროს მენდომება. ახლა დავისვენებ, თქვენის ნებართვით" - წერს გვანცა გვასალია.

ლაშა გვასალია

ამის შემდეგ მამა-შვილს შორის საუბარი სწორედ პოსტის კომენტარებში მიმდინარეობს:

ლაშა გვასალია: შენს მეგობრებთან კი ისე ვჩანვარ, თითქოს ამაღლებული და საოცნებო ღირებულებების მოწინააღმდეგე ვიყო და ამისთვის ვიღვწოდე. მე ვებრძვი უვიცობას, სიბილწეს, ნარკომანიას, გათახსირებას და იდენტობის დაკარგვას. საქართველო სხვა სიმაღლეა, სხვა პასუხისმგებლობა, ვიდრე ბევრ ყასიდს წარმოუდგენია ან მიაჩნია. მთავარი - ეს შენ უნდა დაგეწერა, შენგან მართალი და გონიერი სიტყვის შეწევას ველოდი, მით უფრო შენი თაობის ადამიანების საყურადღებოს, მაგრამ ... ხდება თურმე... არამუშავ...მომიტევე...".

გვანცა გვასალია: "ეს პოსტი იმათთვისაა, ვინც მომწერა. დაცემაც უტრირებაა, იმის აღსანიშნად რომ რაც არ უნდა გააკეთო, მაინც მამაჩემი იქნები და არ მივიღებ იმ მოლოდინებსა თუ რჩევებს რაც მომწერეს. მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ სიტუაციაზე, რომელსაც არ ვიცნობ, რაზეც ვფლობდი ინფორმაციას, ის დავწერე. კარგად იცი საზოგადოებაში ბილწსიტყვაობა და მასე პოზიციონირება არც მე მომწონს, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ხალხმა ჩემს მინდაზე იცხოვროს და ჩემთვის არ მოსაწონ ადამიანებთან ვერაფერმა საერთომ ვერ გადამკვეთოს. მაგ ხალხთან ერთად მეც ვდგავარ, იმ აქციებზე ჩემთვის ძვირფასი და სწორი ხალხიც. ვიღაცების არ მოწონების გამო რუსული კანონის მიღების აუცილებლობის გამართლებას ვერანაირად ვერ მივიჩნევ სწორად. მჯერა, რომ კარგი განზრახვა გამოძრავებს, მაგრამ ამ კარგი რაღაცების მიღწევა დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში შეუძლებლად მიმაჩნია. არ ვიმსახურებ ამ გულისწყვეტას, მამა. პოლიტიკოსი შენ ხარ, შენ უნდა გენდობოდნენ და შენი სჯეროდეთ, ოჯახის წევრს რომ მოსწონხარ და უყვარხარ, ეგ ხალხისთვის არაფერს ამბობს".

ლაშა გვასალია: "გვანცა, პოლიტიკურ ველს სად ხედავ შენ? ფალოსითა და ქალთა სასქესო ორგანოებით მოყლურტუნე ხალხთან? და ამ ხალხს უნდა ევროპა? ესაა ევროპული ღირებულებები?ვის უნდა სჯეროდეს ჩემი - უზნეო არამზადებს, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ, იმათ?".

გვანცა გვასალია: "ყველამ ისე უნდა გამოხატოს საკუთარი თავი, როგორც სურს. მე მყავს ისეთი წრე, როგორიც მომწონს, მაგრამ შეუძლებელია და არცაა სწორი მხოლოდ ჩემი მოსაწონი ხალხი დავასახლო საქართველოში. ეს როდის, რომელ საუკუნეში, ან სად არსებულა? ნუ, ჩრდილოეთ კორეას არ ვგულისხმობ, განვითარებულ, ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყანაზე მაქვს საუბარი.

ევროპა უნდა ყველას, ვისაც თავში ტვინი აქვს, ყველა სხვადასხვა რამეს ეძებს მაგ ევროპაშიც, შენთვის თუ ზნეობრიობის მწვერვალია, ვიღაცისთვის თავის თავად ყოფნის შესაძლებლობა, ვიღაცისთვის მეტი დაცულობის შეგრძნება, ვიღაცისთვის ბიზნესის განვითარების, სხვა ქვეყნებში მარტივად მოგზაურობის, ევროკავშირის ქვეყნის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ბენეფიტების მიღების შანსი და ა.შ ნებისმიერი მარტივი რამით დაწყებული, დიდი რამეებით დამთავრებული.

მთავარია, რომ უნდათ და მთავარია, რომ რუსეთისგან სხვა ვერაფერი დაგვიცავს. არამზადებს რაც შეეხება, ყველგან არიან, თუმცა იქ არამზადაზე მეტი გულანთებული, ნათელი მომავლის მოსურნე, თავისუფალი, ლაღი, განათლებული და ჭკვიანი ახალგაზრდა დგას. სწორედ მათ უნდა სჯეროდეთ იმ პოლიტიკოსების, ვისაც საკუთარ ხმად ირჩევენ, უბრალოდ ამ ქვეყანაში მაგის ფუფუნება არ გვაქვს და ვცდილობთ ისე გავაკეთოთ, რომ ძალაუფლება გადანაწილდეს და ყველა ბერკეტი ერთი კაცის, ან ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში არ აღმოჩნდეს, როგორც ეს ნაცების დროს, ან ახლაა".