ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 აპრილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციას (ICT) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ, KIU-ს კანცლერმა მაგდა მაღრაძემ და საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სულაბერიძემ.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაცია ხელს შეუწყობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაიარონ სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა, აიმაღლონ კვალიფიკაცია და დასაქმდნენ. პარტნიორობა ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სხვა პროგრამების განხორციელების მიმართულებით, მათ შორის, USAID-ის დაფინანსებით შექმნილი კიბერუსაფრთხოების ტრენინგ პროგრამების განვითარების კუთხით. მემორანდუმის ფარგლებში ორგანიზაციები ითანამშრომლებენ საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების პოპულარიზაციის მიზნით, ხელს შეუწყობენ რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნას და ადამიანური კაპიტალის განვითარებას.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება KIU-ს პირველი დასაქმების ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიებას 40 ორგანიზაციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და 300-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო.

KIU-ში, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღო, დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. წელს უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მიზანია, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერით, ჩამოყალიბდეს სამეწარმეო უნივერსიტეტად და გახდეს ინოვაციების მამოძრავებელი ძალა, მოამზადოს მაღალკვალიფიციური პროფესიონალები და ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას.

KIU არის საქველმოქმედო მეგაპროექტი, რომელსაც აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

NS