ავტორი:

შეხლა-შემოხლა საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - "ვის უწოდებ რუსს, თავად მოღალატევ. როგორ ბედავ!"

შეხლა-შემოხლა საკრებულოში: დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - "ვის უწოდებ რუსს, თავად მოღალატევ. როგორ ბედავ!"

ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბანერები გამოფინეს წარწერით: "არა რუსულ კანონს”, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წევრები დაუპირისპირდნენ.

  • "ქართული ოცნების” წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სხდომის დატოვებისკენ და ბანერის გატანისკენ მოუწოდებდნენ, რამაც მხარეებს შორის სიტუაცია დაძაბა.

დარბაზში საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება დაცვის თანამშრომლებმა და ასევე, საკრებულოს სხვა წევრებმა განმუხტეს, თუმცა ამის შემდეგ ხმაური საკრებულოს დერეფანში გაგრძელდა.

“გაიტანე ეს ბანერი და გადი გარეთ! ვის უწოდებ რუსს, თავად მოღალატევ. როგორ ბედავ ჩვენს შეურაცხყოფას”,- მიმართეს მმართველი გუნდის წევრებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლაშა კომახიძეს.

თავის მხრივ, ოპოზიციაში აღნიშნეს, რომ "ცუდი საქციელია, როდესაც კოლეგებს ხელით ეხებიან". მათივე თქმით, “ქართული ოცნების” წევრებმა ბანერები დაუხიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“არ გაბედოთ მოახლოება, ეს რა საქციელია. თქვენ რუსებო, ეს მუქარა არ შეგრჩებათ, ხელები გაწიეთ”,- უპასუხეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა.