ავტორი:

"ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს..." - პრემიერი

"ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, უფრო მეტიც, ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს..." - პრემიერი

ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ, რაღაცნაირად ერთგვარი ნეგატიური ფონი ჩააფინონ, დააშინონ ქართული საზოგადოება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც 25 აპრილს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტარები ბოლო წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების დაშინებას ცდილობენ და მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიღებულ რეზოლუციებს ჩალის ფასი აქვს.

"ეს პროცესი არის იმ ყველაფრის გამეორება რაც 2022 წელს ხდებოდა, მაშინ იცოდნენ კონკრეტულმა ძალებმა, მათ შორის ოდიოზურმა ევროპარლამენტარებმა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუს ვერ მიიღებდა და ამისთვის ისინი საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს ქმნიდნენ. აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ საზოგადოებას. მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით 3 რეზოლუცია მიიღეს, სადაც საუბარი იყო, მათ შორის დამნაშავეების გათავისუფლებაზე, დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტაზე და იქაც საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის დასჯაზე. ეს იყო ერთგვარი მოსამზადებელი ფონი, რომ კანდიდატი სტატუსის ვერ მიღების შემდეგ ქვეყანაში რევოლუცია მომხდარიყო. თქვენ გახსოვთ, რომ ეს რეზოლუციები ფარატინა ფურცლებად დარჩა, ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და ქვეყანამ მომდევნო წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო. ყველაფერი არის მარტივი დეჟავიუ, ყველაფრის გამეორება, როგორც ჩანს ოდიოზურ პარლამენტარებს გათვლა აქვთ, რომ ოქტომბერში კომისიის უარყოფითი დასკვნა დაიწერება მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით და ცდილობენ, რომ, რაღაცნაირად, ჩაუფინონ ერთგვარი ნეგატიური ფონი, დააშინონ ქართული საზოგადოება, როგორც მაშინ ჰქონდა ამ რეზოლუციებს „ჩალის“ ფასი, ახლაც „ჩალის“ ფასი აქვს, უფრო მეტიც „ჩალის“ ფასიც არ აქვს, „ჩალაძის“ ფასი აქვს ამ რეზოლუციას, ყველა იმ ადამიანისთვის, რომლისთვისაც სიმართლეა მთავარი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტი "საქართველოში უცხოური აგენტების კანონის ხელახლა შემოტანის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი შეზღუდვების შესახებ“ მიღებულ რეზოლუციაში, რომელიც გუშინ შესწორებებით დაამტკიცა, მოუწოდებს, განიხილონ ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება. ამასთან, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული ნიშნით და დაუშვას მისი საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის“ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ შესწორებაში ასევე საუბარია ლგბტქ+ შესახებ კანონპროექტის შესახებ. კიდევ ერთი შესწორებით, ევროპარლამენტი თვლის, რომ კანონმდებლობის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც ხმა მისცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის სასარგებლოდ.

წაიკითხეთ ასევე: