ავტორი:

ქართველმა ცოლ-ქმარმა ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონზე მეტი ღირებულების უნიკალური წიგნები მოიპარა - რა დეტალებია ცნობილი ტრანსნაციონალურ დანაშაულზე?

ქართველმა ცოლ-ქმარმა ევროპის ბიბლიოთეკებიდან 2 მილიონზე მეტი ღირებულების უნიკალური წიგნები მოიპარა - რა დეტალებია ცნობილი ტრანსნაციონალურ დანაშაულზე?

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრები დააკავა. ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც ევროპის ბიბლიოთეკებიდან მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებული წიგნების მოპარვა ედებათ ბრალად.

  • "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ცოლ-ქმარი მათე ცირეკიძე და ანა გოგოლაძე, ორ სავარაუდო თანამზრახველთან ერთად. მათ უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებისთვის მიყენებული ზარალი 2,5 მილიონ ევროს აღწევს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 2022 წლის დასაწყისიდან შექმნეს. ისინი იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.

წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.

რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

"ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და 3 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა.

მათივე ცნობით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი.

ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს.

ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა“ და "ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.