ავტორი:

"მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლისთვის: მამული ის 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც 1 ლარად მიისაკუთრა. ენას მხოლოდ ტყუილის სათქმელად იყენებს, სარწმუნოება კი..." - გია ხუხაშვილი

"მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლისთვის: მამული ის 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც 1 ლარად მიისაკუთრა. ენას მხოლოდ ტყუილის სათქმელად იყენებს, სარწმუნოება კი..." -  გია ხუხაშვილი

ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიციირების შემდეგ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"როდესაც დასავლეთისგან სუვერენიტეტი რუსეთთან სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე მოიპოვება;

როდესაც ხელისუფლების “ღირსება” საზოგადოებისთვის ღირსების აყრის ხარჯზე მოიპოვება;

როდესაც ხელისუფლების თავისუფლება ხალხის დამონების ხარჯზე მოიპოვება;

როდესაც ხელისუფლების კეთილდღეობა მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე მოიპოვება;

როდესაც ხელისუფლება აღსარებას ეკლესიაში კი არ აბარებს, თვითონ იბარებს სამღვდელოებისგან სუს-ში და “ამაყად” ეფარება ილია ჭავჭავაძის “მამული, ენა, სარწმუნოებას”;

მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ხელისუფლისთვის: მამული ის 10 ჰექტარი მიწაა, რომელიც 1 ლარად მიისაკუთრა.

ენას მხოლოდ ტყუილის სათქმელად იყენებს,

სარწმუნოება კი ფარისევლისთვის მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტია..."

შეგახსენებთ, 25 აპრილს, ევროპარლამენტმა მიიღო უმწვავესო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუციის სრულ ტექსტთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, ვიდრე „აგენტების კანონი“ ძალაში იქნება, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ორივე შესწორებას, რომლებითაც ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“. დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ კანონპროექტი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან, ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებს აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამასთანავე, აშშ-ის სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა - 14-მა სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომ თუკი ხელახლა ინიციირებული "უცხოური აგენტების კანონპროექტი" კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. "ამერიკის ხმის" ცნობითვე, ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი. "ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება", - ვკითხულობთ სენატორების წერილში.