ავტორი:

"ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება..." -  სად მიჰყავს ქვეყანა ე.წ. აგენტებს კანონპროექტს?

"ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება..." -  სად მიჰყავს ქვეყანა ე.წ. აგენტებს კანონპროექტს?

არ დარჩა დასავლური ორგანიზაცია თუ ქვეყანა, რომელთაც უარყოფითი დამოკიდებულება არ გამოეხატათ ე.წ. აგენტების კანონპროექტის მიმართ. პრემიერ კობახიძეს გერმანიის კანცლერმა საჯაროდ უთხრა: "ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას". ევროკავშირის ლიდერები პირდაპირ გვაფრთხილებენ, რომ ეს იქნება შემაფერხებელი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა მმართველი ძალა ჯიუტად ცდილობს დაარწმუნოს ქვეყნის მოსახლეობა, რომ ამ კანონპროექტს დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით იღებს, მისი გზა კი კვლავ ევროპულია. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე საუბრობს:

- მოსახლეობის ნაწილმა, რომელიც პროევროპულ პოზიციაზე დგას, შეუძლებელია დაიჯეროს, რომ ეს კანონპროექტი ევროპულია და ევროკავშირთან გვაახლოებს. ეს არ სჯერათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ფსევდოევროპულად განწყობილ მომხრეებსაც. ეს ხალხი დინებას მიჰყვება და მედროვედ არის გადაქცეული. "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ბაზას, ძირითადად, წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ვერტიკალში მყოფი პირები, მათი ახლობლები და სანაცნობო წრე, რომლებიც საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე აფასებენ ვითარებას და ფიქრობენ, რომ დინებას თუ არ გაჰყვებიან, კეთილდღეობას დაკარგავენ. შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" რაც არ უნდა გააკეთოს, ისინი ყველაფერს მოიწონებენ. ისინი არიან პროევროპელები იმდენად, რამდენად ამას ზემოდან ეუბნებიან, თუ ეტყვიან, რომ მათ პოზიცია უნდა შეცვალონ, მყისვე შეცვლიან. ამ ხალხის დიდი ნაწილი თავის დროზე გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, შემდგომ შევარდნაძის, შემდგომ სააკაშვილის და ახლა ივანიშვილის მომხრეა. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლის პატარა ნაწილი არის კიდევაც პროევროპულად განწყობილი. შესაბამისად, მათთვის თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ დღეს "ქართული ოცნების" რიტორიკა დასავლურ ორიენტაციაზე ფარსია.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაშიც კარგად ესმით, თუ გინდა რომელიმე ორგანიზაციაში შეხვიდე, უნდა გაითვალისწინო მისი წესები. რაღაცის დათმობა ყველას უწევს. მაგალითად, როდესაც სტუმარი მოდის შენთან და ეუბნები, რომ სახლში ფეხსაცმლით არ შედიხარ, მას მოუწევს გაითვალისწინოს ეს წესი, სხვა შემთხვევაში, თუ ტალახიანი ფეხით დააპირებს შემოსვლას და გეტყვით, მე ღირსებით მსურს შემოვიდეო, მას, უბრალოდ, არ შემოუშვებ და ასე დასრულდება მისი სტუმრობა.

ერთი მხრივ, ევროპას ყოველდღე აგინებდე და მეორე მხრივ, ამტკიცებდე, ევროპაში მივდივარო, ასე არ ხდება. ამიტომაც "ქართული ოცნება" ვერავის მოატყუებს. მისი ამომრჩეველი კი არ ტყუვდება, არამედ მზად არის საკუთარი კეთილდღეობისთვის ყველაფერი დაიჯეროს, რადგან ეს ამომრჩეველი პრინციპულობით არ გამოირჩევა. დღეს საქართველოს სუვერენიტეტი ევროპულ ღირებულებებზე გადის. აქსიომაა, რაც უფრო შორს ხარ ევროპისგან, საზოგადოდ, დასავლეთისგან, მით უფრო უახლოვდები რუსეთს. ევროპაზე უარი პირდაპირ ნიშნავს პრორუსულობას. არა აქვს მნიშვნელობა, ეს გაუაზრებლად ხდება თუ გააზრებულად. მაინც მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება ასე გააზრებულად იქცევა, რადგან არ მჯერა, ვინმეს არ ესმოდეს, რომ 21-ე საუკუნის იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ყველა მეზობელი ამა თუ იმ ფორმით კონფლიქტურ ვითარებაშია, რაოდენ მნიშვნელოვანია დასავლეთის მხარდაჭერა.

კონფლიქტი რუსეთთან წლებია გრძელდება - მცოცავი ანექსია, ლამის ყოველდღიურად ადამიანების გატაცება, წამება, მოკვლა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართველი მოსახლეობის განდევნა. ამ ყველაფერს თუ ვერ ვამჩნევთ, ბრმები და ყრუები ვყოფილვართ. ამ გეოპოლიტიკურ ჭიდილში შენ უნდა იყო მტერი რუსეთისგან რაც შეიძლება შორს და ერთადერთი გზა ევროპისკენ გაქვს. მეორე გზა ირანისა და ჩინეთისკენ მიდის, მაგრამ ეს არანაკლებ დამაზარალებელი იქნება ქვეყნისთვის.

თუ გვსურს გავყვეთ ევროპულ გზას, უნდა დავსვათ შეკითხვა, რა გვიშლის ხელს ამ გზაზე სიარულში და რა არის ის მექანიზმები, რაც დაგვეხმარება. დამერწმუნეთ, მსგავსი კანონები ამ გზაზე მხოლოდ ხელს შეგვიშლის და ამას ყოველდღე გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუ ამის გაგება არ სურს ვიღაცას, ეს არის, მსუბუქად რომ ვთქვათ, მავნებლობა, თუმცა უფრო ღრმად თუ ჩავყვებით საკითხს, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც ქვეყნის ევროპული რელსებიდან გადაგდებისა და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის რელსებზე გადაყვანის მიზანმიმართული ცდა. მოკლედ, უკეთეს შემთხვევაში საქმე გვაქვს წინდაუხედავ, უგუნურ ადამიანებთან, უარეს შემთხვევაში კი ანტიდასავლური და პრორუსული პოლიტიკის გამტარებელ ჯგუფთან.

დარწმუნებული ვარ, "ქართული ოცნების" ელიტაში მშვენივრად აქვთ გააზრებული, რომ ეს გზა არ მიიყვანთ ევროპაში. ეს გზა მხოლოდ ქვეყანაში კონფლიქტამდე მიგვიყვანს, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთის დასმენასა და დევნას დაიწყებენ. საქართველოში ოპოზიცია ამ კანონპროექტზე ლაპარაკისას მხოლოდ საგარეო კურსის პრობლემებზე ლაპარაკობს, მაგრამ ის არანაკლებ უარყოფითად აისახება ქვეყანაში ვითარებაზე. თუ ე.წ. აგენტების კანონპროექტი კანონად იქცა, ის ყოველი ადამიანის პიროვნულ დამოუკიდებლობასა და ეკონომიკურ თავისუფლებას ისე შეარყევს, ქვეყანა შესაძლოა დიდ უფსკრულში გადაიჩეხოს.

- "როგორც კი მოვიქცევით ევროპულად, ჩვენც ევროპულად მოგვექცევიან" - ილია ჭავჭავაძე ლამის სახედ ჰყავს გამოცხადებული გარკვეულ კასტას. "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს" - რას ნიშნავს, საერთოდ აცნობიერებენ?" - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

- ჯერ ერთი, ილია ჭავჭავაძემ ეს თქვა იმ შინაარსით, რუსეთისგან დამოუკიდებელი უნდა ვიყოთო. მეორე - მან თავის "შინაურ მიმოხილვაში" გარკვევით თქვა, საქართველომ უნდა მიჰბაძოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ინგლისი, საფრანგეთი და გერმანიააო. ილია პირდაპირ წერს, საქართველომ სწორება სწორედ ევროპულ წამყვან ქვეყნებზე უნდა აიღოსო. ამასთანავე, ჩვენი თავი ჩვენვე რომ გვეყუდნოდეს, სულ ცოტა, დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ იმ ძალისგან, რომელსაც ჩვენი რუკიდან გაქრობა უნდა. ეს კი სურთ არა ევროპასა და ამერიკას, არამედ ოკუპანტ რუსეთს, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებს ქართველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას, გენოციდს. აქედან გამომდინარე, თუ დამოუკიდებლობა გინდა, უპირველესად დამოუკიდებელი უნდა იყო მტრისგან, მტრისგან თავდასაცავად კი აუცილებლად გჭირდება მოკავშირეები. ილიას არ უგულისხმია მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან დამოუკიდებლობა, რა დროსაც მოგვიწევს მტერთან პირისპირ დარჩენა. წაიკითხეთ სრულად