ავტორი:

რატომ მედიაცია? - დავის გადაწყვეტის მექანიზმის უნიკალური მახასიათებლები

რატომ მედიაცია? - დავის გადაწყვეტის მექანიზმის უნიკალური მახასიათებლები

თუ გაქვთ დავა, იცოდეთ, რომ გაქვთ დავის გადაწყვეტის მარტივი ალტერნატივაც - მედიაცია. ეს არის დავის გადაწყვეტის მექანიზმი, რომელიც მხარეებს, დაპირისპირების ნაცვლად, მოლაპარაკებისა და ურთიერთშეთანხმების შესაძლებლობას აძლევს. მისი მეშვეობით ნებისმიერი სამოქალაქო და ბიზნეს დავის გადაწყვეტაა შესაძლებელი - უფრო მარტივად, უფრო სწრაფად, ნაკლები ხარჯით, კონფიდენციალურად.

რა უნიკალური მახასიათებლები აქვს მედიაციას?

მედიაცია ხელმისაწვდომი, მოქნილი და სწრაფია - პროცესი 45 დღეს გრძელდება. არ მოითხოვს საქმის მასალების, მტკიცებულებებისა და სხვა დოკუმენტაციის წარდგენას. შესაბამისად, უფრო ნაკლებ დანახარჯს უკავშირდება.

მედიაცია კონფიდენციალური და არაფორმალურია - მედიაციის დრო და ადგილი დამოკიდებულია მხარეების არჩევანსა და შეთანხმებაზე. პროცესს არავინ ესწრება მხარეების, მათი წარმომადგენლების, დავასთან დაკავშირებული პირებისა და მედიატორის გარდა.

მედიაციისას კონტროლი მხარეების ხელშია - მედიაციას არ ჰყავს მოგებული და წაგებული. გადაწყვეტილებებს იღებენ მხოლოდ მხარეები და პროცესიც სრულდება მათთვის ხელსაყრელი და მისაღები შედეგით.

მედიაცია ურთიერთობის შენარჩუნების გზაა - მედიაცია ორიენტირებულია არა მოდავეთა დაპირისპირებაზე, არამედ საერთო ენის გამონახვაზე. რაც სამომავლოდ ურთიერთობის შენარჩუნების მეტ შესაძლებლობას იძლევა.

“მედიაცია, სხვა ბევრ უნიკალურ მახასიათებელთან ერთად, ეხმარება მხარეებს ერთმანეთს კი არ დაშორდნენ, არამედ დააახლოვონ პოზიციები. ეს არის მექანიზმი იმისთვის, რომ თავიდან აიცილო ხიდჩატეხილობის პრობლემა სამომავლოდ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესისთვის, ისე ცალკეული ადამიანებისთვის.” - ამბობს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი.

რით გამოირჩევა მედიაციის პროცესი?

მედიაციის პროცესში მარტო არ ხარ - პროცესს წარმართავს დამოუკიდებელი, პროფესიონალი და მიუკერძოებელი მედიატორი, რომელიც ყველა ეტაპზე გეხმარება მოლაპარაკების წარმოებასა და ყველასთვის მისაღები შედეგის მიღწევაში.

მედიაციისთვის მოსამზადებლად არ არის საჭირო ისეთი ფორმალობები, როგორიცაა რეგისტრაცია, დოკუმენტაციის, მტკიცებულებებისა და საქმის მასალების წარდგენა. სესიები ტარდება კომფორტულ, კონფიდენციალურ სივრცეში და მას ესწრებიან მხოლოდ მხარეები, მათი წარმომადგენლები, დავასთან დაკავშირებული პირები და მედიატორი.

პირველ ეტაპზე, მხარეები და მედიატორი საქმეს, ერთმანეთსა და პროცესს ეცნობიან. ინიშნება საერთო შეხვედრა, სადაც მოდავე მხარეები მედიატორის თანდასწრებით აზიარებენ საკუთარ პერსპექტივას, ცვლიან წინადადებებს, აახლოვებენ პოზიციებს და აფიქსირებენ შეთავაზებებს.

მედიაციის ბოლო ეტაპზე კი დგება წერილობითი შეთანხმება, სადაც აისახება მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების პირობები. ამ შეთანხმების აღსრულება ისეთივე სავალდებულოა, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში.

როგორ გავიგო მეტი მედიაციის შესახებ?

მედიაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მედიატორთა რეესტრის გასაცნობად და მათთან დასაკავშირებლად, შეგიძლიათ, ეწვიოთ მედიატორთა ასოციაციის ვებ-გვერდს, დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 2 905 900, ან დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: info@mediators.ge

აირჩიე მედიაცია, დაასრულე დავა შეთანხმებით!

R