ავტორი:

პარლამენტთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - მობილიზებულია სპეცრაზმი: რა ხდება ადგილზე?

პარლამენტთან სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა - მობილიზებულია სპეცრაზმი: რა ხდება ადგილზე?

ამ წუთებში ხმაურია პარლამენტთან. ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელი მთლიანად ბლოკირებული ჰქონდათ აქტივისტებს. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. სწორედ ამ შესასვლელიდან უნდა დატოვონ პარლამენტი "ქართული ოცნების" დეპუტატებმა.

პოლიციამ აქტივისტების შესასვლელიდან გამოყვანა დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.

  • ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმები. ამ წუთებში სპეცრაზმი ცდილობს შექმნას სივრცე, რათა პარლამენტის წევრებს შენობის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

პარლამენტში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა დღეს დასრულდა და ხვალ 12:00 საათიდან გაგრძელდება.

  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, დღესაც იმდენივე პოლიციელია გამოყვანილი რუსთაველზე, რამდენიც გუშინ "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ "სახალხო-საყოველთაო შეკრებაზე".

როგორც მან „ტვ პირველთან“ განაცხადა, პოლიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისი ორგანიზებული აქციაა, რადგან ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ.

"პარლამენტი დაკეტილი ხომ არ არის, სხდომა მიმდინარეობს სამუშაო რეჟიმია. სტანდარტულად, პოლიციელები ყველა აქციაზე ვართ ხოლმე. ზუსტად იმ რაოდენობის პოლიციელები ვართ, რამდენიც ამ დღეებში, გუშინ, გუშინ წინ ვიყავით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვისი აქცია იქნება, მოვალეობას ვასრულებთ. გუშინაც ზუსტად იმავე რაოდენობის თანამშრომელი იყო. რატომ ყოფთ ერთ და მეორე აქციას ერთმანეთისგან. მათ შორის, დღევანდელი აქციის ორგანიზატორები მოვიდნენ ჩვენთან და გარკვეულ საკითხებზე დახმარება გვთხოვეს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.