სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მისვლის საშუალებას არ აძლევენ.
მომიტინგეები მთავრობის სახლს მიუახლოვდნენ, თუმცა უშუალოდ შენობასთან მისვლას ვერ ახერხებენ, ვინაიდან მთელი პერიმეტრი პოლიციას აქვს გადაკეტილი. ამ დროისთვის ინგოროყვას ქუჩასა და მთავრობის ადმინისტრაციის მთელ პერიმეტრზე სამართალდამცავებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული.
აქციის მონაწილეები პოლიციელებს ხელებაწეული ხვდებიან და მოუწოდებენ, რომ "გაატარონ". აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, რომ ქუჩაში (სულხან საბას ქუჩა) დასხდნენ და ხელი შეუშალონ პრემიერის სახლში წასვლას.
რა განცხადება გაავრცელა შსს-მ?
"პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.
საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები.
"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.