ავტორი:

აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა - მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს (ფოტოები)

აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა - მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს (ფოტოები)
  • მთავარი ფოტო: Roma Shurghaia

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა ნაწილმა სანაპიროზე გადაინაცვლა.

დემონსტრანტები ამ წუთებში მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

მომიტინგეებმა გზის სავალი ნაწილი, მათ შორის ავტომობილების გამოყენებით გადაკეტეს. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზეც სხედან.

"სანაპირო გადაიკეტა - იგივე იქნება ყველა ქალაქში. დღეს რუსთაველზე მხოლოდ თბილისი იბრძვის - ხვალიდან დანარჩენი საქართველო ემატება" - წერენ აქციის მონაწილეები ადგილიდან.

"ავტობუსი დაგვეხმარა. გარმონივით გადაიშალა და გზა გადაკეტა" - წერს აქციის მონაწილე

პარალელურად დაძაბული ვითარებაა რუსთაველის გამზირზე, სადაც სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რის გამო შესაბამის ღონისძიებებს მიმართეს.

"რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.“, - ნათქვამია განცხადებაში.