ავტორი:

"უჩვეულო ამბავი გადამხდა აქციაზე და უნდა მოვყვე... წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს" - რას წერს მოქალაქე?

"უჩვეულო ამბავი გადამხდა აქციაზე და უნდა მოვყვე... წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს" - რას წერს მოქალაქე?

წუხანდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილე რობი ზარიძე უმძიმეს ღამეს იხსენებს, როცა სპეცრაზმის ალყაში მოექცა. ამბობს, რომ წაართვეს ჩანთა, გადაუგრიხეს ხელები და წაიყვანეს ე.წ. ფურგუნში, სადაც უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ადამიანები. მანამდე კი მისი ინფორმაციით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"უჩვეულო ამბავი გადამხდა დღევანდელ აქციაზე და უნდა მოვყვე. ცოტა ეჭვი მეპარებოდა, სრულიად უმიზეზოდ ხალხი რატომ უნდა დააკავონ და სცემონ–მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ.. წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს. არაფერს ვაკეთებდი. კედელს ვიყავი აყუდებული და ცალ ფეხს ვასვენებდი.

– რა რის გამო გცემთ ბიჭო, გკლავდნენ და გადაგარჩინეთო –მეუბნება პოლიციელი (ან მეთაური), რომელმაც სპეცრაზმელებს უთხრა, კაი ეყოფაო და თვითონაც მომაყოლა ერთი ორი წიხლი. წამართვეს ჩანთა, გადამიგრიხეს ხელები და წამათრიეს ფურგუნში. უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული ადამიანები და აყურყუტებდნენ იქ. ყველა ნაცემი იყო. სრული კოშმარი ხდებოდა.ყველაფერი ვცადე, ყველა შესაძლო კითხვა დავუსვი, რაც შეიძლებოდა იმ მომენტში გამჩენოდა და ერთადერთმა რამემ გაჭრა.

მანამდეც ბევრჯერ ვახსენე, ჟურნალისტი ვარ მეთქი მაგრამ არ მიუქცევიათ ყურადღება. რომ ვუთხარი, პრესკარტას გაჩვენებთ მეთქი – იმან იმას გადაულაპარაკა,მერე "ის" მოვიდა, შემოიხედა. ცოტათი დაფაცურდნენ, ეგ გადმოიყვანეთო, ვიღაცამ შემოსძახა. დატრიალდნენ, მიდგნენ–მოდგენენ და გადაწყვიტეს პატრულისთვის ჩავებარებინე. ორმა ფორმიანმა ჩამომიყვანა ფურგონიდან და დამატარებდნენ ამ პარლამენტთან, წინ – უკან. წინ –უკან.

–ე, ბიჭო უთხარი იმათ რა ვუყოთ ამას.

–პატრულს ჩააბარეთ, რა უნდა უყოთ

–არაა პატრული (მთლიანად პოლიციის და სპეცრაზმის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვართ. არც სასწრაფო დახმარებაა, არც პატრული)კიდევ ბევრი ახალგაზრდა ბიჭი იდგა, ალბათ რეზერვში, დადიოდნენ პერიმეტრზე, ბირჟაობდნენ ვისაც კი მივწვდი, ყველას ველაპარაკე. დაბნეული სახეები ჰქონდათ. ვერ გაეგოთ, რატო დამატარებდა ეს ორი კაცი წინ და უკან. ალბათ ისაც ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა საერთოდ და რატომ უბრძანებდნენ ბატონები ჯალათობას.

– ე ბიჭო მალე ქენით რა, სად წავიყვანოთ ეს? ბოლოს მოდის პოლიციის ფორმაში ჩაცმული სუსტი გაბღენძილი კაცი. ირონიული ღიმილით.

– გაგიმართლა, ახლა წაიყვანეთ აქედან და გაუშვით. ქაშუეთის ჩასახვევთან მიმიყვანეს და, რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი. ტელეფონი დამიბრუნეს. ეკრანი ჩამტვრეული აღმოჩნდა. პირიდან სისხლი გამდიოდა, ფეხებსაც ძლივს მივათრევდი. ქაშვეთს ჩავუარე და სასწრაფოს მანქანასთან გავჩერდი.

აი ის, კორდონებს მიღმა ტერიტორია, სადაც დაახლოებით ნახევარი საათი გავატარე – დღევანდელი საქართველოს სიმბოლო იყო ჩემთვის. სადაც არც სიტყვა ჭრის, არც კანონი. იქ მხოლოდ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული კაცუნების უსასრულო იერარქიაა და ყველა ყველაფერს იკადრებს თავისი ბატონისთვის.მე არ მინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება და მე – მარტო არ ვარ. ვერ დაგვაჯერებთ რომ თეთრი შავია და შავი თეთრი და ვერც იმას, რომ ქვეყანას რუსეთისთვის ჩასაბარებლად არ იმეტებთ.

ხანდახან მართლა ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს და ვინც სულ ასე ფიქრობთ, გაგახარებთ და გეტყვით, რომ მასე გაყოლით, აზრი არაფერს აქვს.ბიძინას იმპერიაც დაინგრევა, პუტინისაც, ამათი საყვარელი "გლობალური ომის პარტიაც" ჩამოიშლება და "ოზიმანიდას" პედესტალიღა თუ დარჩება მარტო. სადმე, გაშლილ უდაბნოში, მაგრამ,მოდი, დღეს რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ და როგორ ქვეყანაშიც გვინდა ცხოვრება, ისეთი საქართველოსთვის ვიბრძოლოთ. სულ ცოტათი მაინც, რაღაც ვქნათ. ჩვენი აზრის გამოხატვით მაინც" - წერს ის.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აღდგენილია სატრანსპორტო მოძრაობა.

  • რუსთაველის გამზირზე დარჩენილ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. დაპირისპირების მიზეზი გახდა სამართალდამცავების მოთხოვნა, რომ აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ. პოლიციამ აქციის ერთი მონაწილე, სავარაუდოდ, დაკაავა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის რამდენიმე მონაწილე კვლავ რჩება.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის საპოლიციო ძალებისგან თავისუფალია. როგორც სპეცრაზმი, ისე სხვა საპოლიციო დანაყოფები პარლამენტის ტერიტორიიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გაიყვანეს. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს აქცია დღეს, 12:00 საათიდან კვლავ გაიმართება.

პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით 21:30 საათიდან დაიწყო. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ 6 საათის განმავლობაში ე.წ. წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. დაშავდა ათეულობით ადამიანი, რომელთაც პირველადი დახმარება სასწრაფოს ბრიგადებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. აქციის მსვლელობისას არაერთი მომიტინგეც დააკავეს.