ავტორი:

წიგნების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რა ხდება ახლა საკანონმდებლო ორგანოში: "ცემა-ტყეპაა ქალებთან" (ვიდეო)

წიგნების სროლა და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში - რა ხდება ახლა საკანონმდებლო ორგანოში: "ცემა-ტყეპაა ქალებთან" (ვიდეო)

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მისი თქმით, დაპირისპირება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ყალბ სურვილს მოჰყვა, რომ წუხილი გამოეხატა ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით.

  • მისი თქმით, ქალებს ესვრიან წიგნებსა და ბოთლებს. კერძოდ, აქუბარდია აღნიშნავს, რომ ქალების მისამართით წიგნი „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ისროლა.

"ფიზიკური ცემა-ტყეპაა ქალებთან. ქალებსაც ესვრიან [ბოთლებს] „ქართული ოცნების“ დეპუტატები. მივიდა პაპუაშვილი იმიტომ, რომ ხაბეიშვილისთვის ეთქვა, რომ წუხს და თიკამ უთხრა, რომ გასულიყო, რომ მათი წუხილი არავის სჭირდებოდა. დაიწყო შემდეგ ჩხუბი. მივიდნენ კაცები. ახლაც მიდის, ქალებს ესვრიან ბოთლებს. მიდის ფიზიკური ჭიდაობა. ეს არის დამთავრებული ამბავი, ამ ქვეყანაში აღარ არსებობს აღარც პარლამენტი აღარც დემოკრატია. ხუნდაძემ წიგნი ისროლა და დაიწყო დაპირისპირება,“ - განაცხადა აქუბარდიამ.

  • განახლება:

პარლამენტის პლენარულ სხდომა ხმაურის - სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა.

სესიაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით - მუხლობრივად გრძელდება.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სულ 11 მუხლისგან შედგება. 30 აპრილის სხდომაზე მხოლოდ სამი მუხლის განხილვა მოასწრეს.

  • განახლება 12:40 საათი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც თამარ ჩარკვიანმა მიკროფონის გარეშე საუბარი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძო.

რაც შეეხება მიკროფონის გამორთვის მიზეზს, პაპუაშვილმა ჩარკვიანს სიტყვა ჩამოართვა, რადგან როგორც მან განმარტა, მისი საუბარი თემას არ ეხებოდა და „მიტინგის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა“.

  • განახლება 13:00 საათი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი გააძევა.

პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა. სამადაშვილის მხრიდან მოწოდების გაუთვალისწინებლობის შემდეგ კი პაპუაშვილმა მანდატურს მისი გაყვანა სთხოვა.

„შეკითხვა მაქვს ამ კანონის ყველა მუხლთან დაკავშირებით. გუშინ, ალექსანდრ დუგინმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა რომ...“,- თქვა სამადაშვილმა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პაპუაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.