ავტორი:

"ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ" - როგორ ეხმაურება იუსტიციის მინისტრი წუხელ განვითარებულ მოვლენეს

"ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ" - როგორ ეხმაურება იუსტიციის მინისტრი წუხელ განვითარებულ მოვლენეს

ეს ყველაფერი არის რადიკალური ოპოზიციის გაუწონასწორებელი ქმედებებით გამოწვეული შედეგი და, პირველ რიგში, მინდა, მოვუწოდო სწორედ ამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, იყვნენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები. ისინი უნდა იყვნენ ძალიან ფრთხილად – ვგულისხმობ პოლიტიკურ ლიდერებს, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს საზოგადოებრივი და სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის რაიმე სახის საფრთხის შექმნას, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს.

  • იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქროექტზე და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „ის სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა და ევროპულ ღირებულებებთან“.

„ეს ყველაფერი ეფუძნება დემოკრატიას და დემოკრატიის გამჭვირვალობას და თუკი ვინმე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უარს ამბობს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობაზე, ეს არის მათი პრობლემა, მათ აქვთ დასამალი საზოგადოებისგან. ასეთი უაპელაციო განცხადებები, რომ კანონი თითქოსდა არის რუსული, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფოს მიერ“,- განაცხადა ბრეგაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობას, მით უფრო იმ ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია.

„სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებებს და შემდგომ პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე. საზოგადოებას და სახელმწიფოს აქვს სრული ლეგიტიმაცია იმისა, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული დაფინანსების შესახებ და ჰქონდეს ამ საკითხზე სრული ინფორმაცია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და, მით უმეტეს, აქვს სრული უფლება, იცოდეს უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების შესახებ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რომლის კომენტარსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვის პროცესში.

"ამ ხალხისგან ნამდვილად არაფერია გამორიცხული, რადგან, როგორც თქვენც აკვირდებით და, ალბათ, ამ ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, მათი ყველა ქცევა არის, ფაქტობრივად, რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს. როდესაც ისინი კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, სხვებს არ თვლიან ადამიანებად საკუთარი თავისა და გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც იზიარებენ მათ შეხედულებებს. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.

ახლა თქვენც ეთერში წაიკითხეთ ბატონი თარგამაძის განცხადება ე.წ. პარაშის ხეხვაზე. მას, ეტყობა, ენატრება ის ნაციონალური წარსული, როდესაც ციხეში, მათ შორის, მისი მონაწილეობითაც, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ა.შ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან სწორედ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი წამხალისებელი მთელი ამ ძალადობრივი სისტემისა. ეს ნომერი მათ ვერანაირად ვერ გაუვათ. ამას ქართველმა საზოგადოებამ უკვე 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი. შესაბამისად, ეს ხალხი ცდილობს მაქსიმალური დაძაბულობის მუხტის შეტანას. ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობას. მათთვის სრულიად მეორე და მეასეხარისხოვანია – რა არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი. უბრალოდ, მათ უნდათ, რომ ნებისმიერი დაკვეთა შეასრულონ, რისთვისაც მიიღებენ თანხას. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო არის და იქნება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას ჩვენი მოსახლეობის ინტერესები“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

წაიკითხეთ ასევე: