ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები სოცქსელებში? - "ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ"

როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები სოცქსელებში? - "ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ"

"რადიო პალიტრის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ანა მარშანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საინტერესო და სასარგებლო პოსტს აქვეყნებს.

"როგორ ამოვიცნოთ ტროლები და ბოტები? - პირადი გამოცდილებით, საჭირო, აქტუალური რჩევები ჩამოვწერე და გამოგადგებათ, გაგიზიარებთ:

1. როგორც წესი, ტროლებსა და ბოტებს ერთი სტილის პროფილები აქვთ და სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულები არიან მსგავსი სახელებით: Nino Nino; Gio Giorgi; ან რაღაც ასეთი (პირობითად) - აქ სიყვარულია; ბედნიერების გალაქტიკა; გადარეული ქართველი; სამშობლოს ერთგული და სხვა.

2. უმეტესად, არ აქვთ პროფილის ფოტო და არც ქავერ ფოტო უყენიათ.

3. თუ ფოტოების დადება მაინც გადაწყვიტეს, პრიორიტეტს ოდრი ჰეპბერნს, პეიზაჟებს, ფლორას, ფაუნასა და მსგავს მიმართულებებს ანიჭებენ.

4. ძალიან ბუნებრივი და ჩვენნაირი, მაგრამ მაინც გამოგონილი სახელებითაც გვხვდებიან - (პირობითად) თამარ გიორგაძე, დათო კაპანაძე, გიორგი ბერიძე... ხომ ნამდვილი გვეგონება? ფოტოც ვიღაცისგან მოპარული, რეალური უდევს - მაგრამ მაინც ტროლია.

5. კედელი ძირითადად ჩაკეტილი და არაფრის მთქმელი აქვთ. ვერ ნახავთ პოსტს ვერაფერზე. როცა ჩასქროლავთ, მათ აქტივობებში წამლად, NBAvoteZazaPachulia-ც კი არ შეგხვდებათ.

6. სიმბოლურად აქტიურებიც არიან. ძირითადად, რომელიმე დღესასწაულის მისალოცი ქარდის ან ცნობილი ადამიანის ციტატის, ასევე, youtube-დან რომელიმე ტრეკის გაზიარებით შემოიფარგლებიან.

7. იმის გამო, რომ იდენტიფიცირებულები და ადვილად მოსაძებნები არ არიან, ეს კატეგორია, უმეტესწილად, გამოირჩევა სიძულვილის ენით, ბოღმით, უკიდეგანო ბილწისტყვაობით, უხეშობით. იგინებიან, ილანძღებიან და ბოლომდე თავზეხელაღებულები რჩებიან.

8. თუ ტროლებისა და ბოტების გამოვლენა გსურთ, საერთო მეგობრების რაოდენობამ არ მოგატყუოთ. პირადად მე, რომელიმე მათგანთან შესაძლოა 300-400 "საერთო მეგობარიც“ კი მყავდეს, მაგრამ მის მიერ მეგობრობის შემოთავაზების შემდეგ, ჩემგან დასტურის მიცემამდე, ამ საერთო სამასივე მეგობარს რომ მივწერო, აღმოჩნდება, რომ არც ერთი მათგანი არ იცნობს და ყველამ "ერთმანეთის ხათრით“ დაიმატა.

9. ტროლებისა და ბოტების ანგარიშები შეიძლება შექმნილი იყოს წლების წინ, თუმცა, ვინაიდან, პერიოდულად, ცუკერბერგი დიდ წმენდას ატარებს ხოლმე, ყალბი პროფილების დიდი ნაწილი ახალია.

10. ტროლები და ბოტები ბიოგრაფიული მონაცემების შევსებაზე თავს არ იწუხებენ, მაგრამ ღიმილით უნდა აღინიშნოს, რომ მათ ნაწილს, სამუშაო ველში facebook აქვს მითითებული.

11. დააა ბოლოს, ჩემი ყველაზე საყვარელი ხერხი მათ გამოსავლენად, მათივე ფოტოებზე კომენტარები და ემოციებია. აი, ჩვენ ხომ გვაქვს პროფილის ფოტოებზე 20, 200 თუ 2000 ლაიქი? ამავდროულად, დაქალი, თანამშრომელი, დედა, დეიდა, მეზობელი ხომ გვიწერს: "ნინო, ძალიან ლამაზი ხარ“, "თაკო, ანათებ“, "მომენატრე, ძმაო“ ; "გიო, გენაცვალე, მამიდას სიმპათიურო ბიჭო“. "ეგ ფერი ძალიან გიხდებაააა“ და ა.შ. აი, ტროლებსა და ბოტებს “მომკითხავი და მყვარებელი“ არავინ ჰყავს. პირობითად "თამუნა გიორგაძის“ პროფილის ფოტოს ქვეშ აქტივობა არაა და დიდი დიდი, მეგობარი ტროლის მფეთქავი გულის ემოჯი ან მბრუნავი წარწერა super შეგხვდეთ. ვგონებ, ძალიან საჭირო თემაზე, ფრიად აქტუალური რჩევები შემოგთავაზეთ. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პოსტის სიახლოვეშიც მოგროვდნენ, თუმცა, აბა, რისთვის გავისარჯე? - აგერ, მრავლად არის მათი იდენტიფიცირების გზები და უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ - ნერვს არ ვიტოკებთ, ვავლენთ და ვბლოკავთ".