ავტორი:

"გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე... გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული..." - რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, რომელიც აქციაზე დაშავდა

"გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე... გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული..." - რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, რომელიც აქციაზე დაშავდა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ რეზინის ტყვია მოხვდათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება მიიღეს. დაშავებულებს შორის არის “პალიტრანიუსის“ სპორტული ჟურნალისტი, ცოტნე შაორშაძე. ჟურნალისტმა მუცლის არეში მიიღო დაზიანება. მას დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. როგორც ცოტნე შაორშაძე ამბობს, რეზინის ტყვია იმ დროს ესროლეს, როდესაც "პალიტრანუსის" ჟურნალისტს, მარიამ ჩიქოვანს პირველად დახმარებას უწევდა, რომელიც ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს. უწყებაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

  • ambebi.ge "პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს, ცოტნე შაორშაძეს ესაუბრა:

- ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის სფერო სპორტია, მაგრამ იქ ვიყავი იმის გამო, რომ ჩვენს ჯგუფს დავხმარებოდი, რომელიც აქციას აშუქებდა. ასეთ დროს ვინც იქ არის ნამყოფი, იცის თუ რა რთულია მხოლოდ 2 ადამიანისთვის მუშაობა. ამიტომ, ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს, იქნება ეს, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც პირველადი სამედიცინო დახმარება, ტექნიკის წამოღება, თუ ოპერატორის და ჟურნალისტის კოორდინირება. ამ ყველაფერს უკვე გასული წლის მარტის აქციების შემდეგ ვაკეთებ და როგორც ჟურნალისტი, პროფესიულად ვიზრდები და თითოეული სამუშაო დღისგან რაღაცას ვსწავლობ. ამასთან, ვსწავლობ გუნდურ მუშაობას.

გუშინ, 1-ელ მაისს რუსთაველზე ჯგუფთან ერთად 7:00 საათიდან ვიმყოფებოდი. დაზიანება ღამის 11:00 საათისთვის მივიღე.

- სად იყავით მაშინ?

- გაზის პირველი გაშვებისას პარლამენტის წინა ტერიტორიაზე. შემდეგ ავედით ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები ასევე იყვნენ შეკრებილები. იმ პერიოდში ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ჩიქოვანი ცუდად გახდა და პირველად სამედიცინო დახმარებას, როგორც შემეძლო, ჩვენს ოპერატორთან, გიორგი გელაშვილთან ერთად ვუწევდი. მერე როცა შევბრუნდით ადგილზე, რომ იქ მიმდინარე სიტუაცია გადაგვეღო, წყლის ჭავლი არ ჩერდებოდა. აქციის მონაწილეებიც აგრძელებდნენ პროტესტს. ჩვენ კიდევ ერთხელ ავიწიეთ ზემოთ. ოპერატორი მუშაობდა და ჩვენც იქვე ვიყავით.

უეცრად მარიამმა მითხრა, რომ გაშვებული გაზის გამო ცუდად იყო და დავიწყე მისთვის თვალებში ფიზიოლოგიური ხსნარის ჩასხმა. ზუსტად მაშინ გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე. მერე მარიამმა მოიკრიბა ძალა და ჩემზე იზრუნა. ირგვლივ აქციის მონაწილე არავინ იყო, იმ ადგილას მხოლოდ ჩვენ ვიდექით. აღსანიშნავია, რომ კამერაც გვეკავა ხელში, მიკროფონიც და "პალიტრანიუსის" ეკიპირებით ვიყავით.

- ანუ ჟურნალისტები რომ იყავით, ეს ადვილი შესაცნობი იყო.

- კი, ჟურნალისტები რომ ვიყავით, ამის იდენტიფიკაცია მარტივი იყო. ნასროლი აშკარად იმ ჭიშკრის მიღმა ტერიტორიიდან იყო. ჩემი ჟილეტი გაიხა, გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული. ჭიშკართან მარცხენა მხრით სადაც ვიდექი, იქ მომხვდა. ნეკნს რამდენიმე მილიმეტრით არის აცდენილი. გადავრჩი. თავიდან მეტკინა, მერე თითქოს ტკივილმა გადამიარა. მაისური არც ამიწევია, რომ მენახა, რა მჭირდა. ამის დრო არ იყო. იქვე დავინახე ბიჭი, რომელსაც ყელში ჰქონდა მორტყმული, დავინახე კიდევ ერთი ბიჭი, რომელსაც მუცელში ჰქონდა მოხვედრილი.

დაახლოებით 3 საათის შემდეგ, ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი. სამედიცინო დახმარების ბრიგადამდე როგორღაც მივაღწიე, რომ დახმარება მიმეღო. მადლობა მათ, მთელი გულით დამეხმარნენ. გვერდით მედგნენ.

ჩვენი ამბავი პროდიუსერებსაც გავაგებინეთ, ჩაგხსნით, გამოგიყვანთო, - არ წამოვედი, რადგან ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად შემეძლო მუშაობის გაგრძელება და იქ უფრო საჭირო ვიყავი.

- ახლა როგორ გრძნობ თავს?

- ტკივილი მაქვს, მაგრამ მხნედ ვარ და მზად ვარ გავაგრძელო მუშაობა და სადაც საჭირო ვიქნები, იქ ვიყო.