ავტორი:

"შემეძლო, ცხოვრება წარმატებული კარიერისთვის მიმეძღვნა... არაერთ შეთავაზებაზე ვთქვი უარი, რადგან ჩემი ადგილი ტაძარში იყო" - ქალი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა მაცხოვრის დატირებას გალობს

"შემეძლო, ცხოვრება წარმატებული კარიერისთვის მიმეძღვნა... არაერთ შეთავაზებაზე ვთქვი უარი, რადგან ჩემი ადგილი ტაძარში იყო" - ქალი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა მაცხოვრის დატირებას გალობს

წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა მთელი წლის განმავლობაში, როდესაც სრულიად სამყარო ირინდება, რაღაც დიდი საიდუმლოს მოლოდინით! დღე, როდესაც ცა და დედამიწა დუმს! დღე, გაუცნობიერებელი შიშის, კრძალვის, ტკივილისა და სისხლად დაღვრილი გულის ცრემლების! დღე, როდესაც ყველაზე ძვირფასი გააკრეს ჯვარზე...

დღე, როდესაც მათ, რომელნიც ყველაზე მეტად უყვარდა, ღალატით გასცეს და დიდი ტკივილისათვის გაიმეტეს! დღევანდელ დღეს, საქართველოს ყველა ტაძარში, იგალობებს საგალობელი - იესოს დატირება, რომელიც არცერთ ჩვენგანს გულგრილს არ ტოვებს. მათ შორის გამორჩეულია ხმა - სოპრანოსი, ქალბატონი ნაირა ნაჩხატაშვილის. ქალბატონი ნაირა უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც ამ საოცარ დატირებას ასრულებს.

ნაირა ნაჩხატაშვილი:

- როდესაც ქრისტეს ცხოვრებას, ქრისტეს გალობას გალობ, უნდა გაიზიარო, მისი თითოეული ტკივილი. ამ დროს თითქოს მთელი სხეული მეც მიმძიმდება და მისივდება გული. მიუხედავად იმისა, რომ შემეძლო, წარმატებული საოპერო კარიერისათვის მიმეძღვნა ჩემი ცხოვრება, ჩემი ადგილი ტაძარში იყო, არის და იქნება. არაერთ პროფესიულ შეთავაზებაზე ვთქვი ამ მიზეზის გამო უარი და დღემდე ეკლესიაში ვგალობ. სცენის მიმართ სიყვარული კი, შვილს, მაყვალა ასპანიძეს გადავაბარე. რა მნიშვნელობა აქვს, მე დავდგები თუ ჩემი შვილი სცენაზე? ჩვენ ხომ ისედაც ერთნი ვართ. რაც შეეხება ეკლესიას, ჩემი ერთგულება და სიყვარული უკავშირდება არაერთ სასწაულს, რომელიც პირველივე დღიდან დაიწყო, როცა მე გალობა დავიწყე.

პირველივე ღამეს, როცა ეს საგალობელი შევასრულე, არ დამეძინა და მთელი ღამე ანგელოზების გალობა მესმოდა. თითქოს მათ მაჩვენეს, როგორ უნდა მეგალობა და მას მერე ვგალობ იმ ტემპით და ხმით, რაც მაშინ ყურში ჩამესმა. მე დატირების ჩემეულ ვერსიას ვგალობ, თუმცა თავდაპირველად ტექსტზე, არაერთმა კომპოზიტორმა დაწერა ნაწარმოები.

- როგორც ვიცი, თქვენი ეს ვერსია, მის უწმინდესობასთან ერთად აირჩა?

- პატრიარქს ძალიან უნდოდა, რომ ხალხი მოეზიდა. ეს ის წლები, იყო, როცა არ დადიოდნენ ტაძარში. შეიძლება ბევრს უნდოდა მოსვლა, მაგრამ თუ წავიდოდნენ ეკლესიაში, დასჯიდნენ. ერთხელაც უწმინდესმა იქადაგა, რომ "დიდი სურვილი მაქვს, ხალხმა ტაძარში იაროს. კარგი იქნება თუ ყოველდღიური წირვა-ლოცვა იქნებაო. და ვაჟთა და ქალთა ანსამბლი მინდა შევქმნაო“.. იმ პერიოდში მე, კონსერვატორიის სტუდენტი ვიყავი. ისე მოხდა, რომ, მე ჩემმა პედაგოგმა რეპეტიციის მერე დამიძახა: ნაირა, საქმე მაქვს, ლექციების მერე, და არ წახვიდეო". მომასმენინა რაღაც ნაწარმოები და მკითხა: სად იმღერებდი ამ ნაწარმოებსო? რატომღაც მაშინვე ვუპასუხე - ტაძარში-მეთქი. მახსოვს, ჩემი პედაგოგის გაკვირვებული სახე.

ამის მერე, ჩემი ნამღერის ჩანაწერი მოასმენინეს პატრიარქს. უწმინდესმა დავით გურამიშვილის, ამ საოცარი დატირების მიხედვით, მუსიკის შექმნა დაავალა ქართველ კომპოზიტორებს. და როდესაც ჩვენმა უწმინდესმა მომასმენინა სხვადასხვა ვერსია, მაშინვე მკითხა: "აბა, რას? რომელ ვერსიას აირჩევდითო? ყველა კარგია, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ როგორც ქართველი დედა დაიტირებს თავის შვილს, ზუსტად ისე უნდა იგალობებოდეს, ისეთი კილო მოუხდება ჩემი აზრით მეთქი“. აბა როგორო?“ იქვე გოგონებს ბანი დავაჭერინე, და დავიწყე. თან ტექსტს მივყვებოდი, თან ვტიროდი და თან ვგალობდი“. უწმინდესმა შუამდე რომ მივედი, გამაწყვეტინა გალობა და მითხრა: "ხო, ხო. ეგ არის! დღეიდან შენ ამას იგალობებ!..

იმ დღის მერე, 1979 წლიდან, 44 წელია უკვე ვგალობ "მოთქმა ხმითა, თავბოლო ერთი“, რომელიც ისე მიიღო ხალხმა, რომ ამ სათაურის მაგივრად დაარქვეს, იესოს დატირება“. გაილევა თუ არა, ვნების კვირა, ისევ თავიდან ვიწყებ ფიქრს მომავალ წითელ პარასკევზე, ჯვარცმის დღეზე. ყოველთვის ამ დღის მერე, ვიჩოქებ, ღვთისმშობლის ხატთან, და ვთხოვ, რომ ეს მადლი არ წამართვას. და მართლაც, ყოველ წითელ პარასკევს, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, და ჩემი მთელი გულით და სულით, ჩემს იესოს, ჩემს ქრისტეს დავტირი. ეს დღე ყველა ჩვენგანისათვის ყოფილიყოს სინანულის მომცემი და ვისურვებდი, ღირსეულად შევხვედრილიყავით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ მხოლოდ რწმენა და იმედი გადაგვარჩენს. რწმენა იმისა, რომ უფალი ჩვენთან არის.

ავტორი: რუსუდან შიაშმელაშვილი