ავტორი:

"მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი... საქართველოში დაბრუნება რომ გადავწყვიტე გიჟს მეძახდნენ" - თუში ქალი ცხენების რემითა და წარმატებული ბიზნესით

"მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი... საქართველოში დაბრუნება რომ გადავწყვიტე გიჟს მეძახდნენ" - თუში ქალი ცხენების რემითა და წარმატებული ბიზნესით

თინა იდიძე, თუში ახალგაზრდა ქალი, ღვთაებრივ თუშეთში ჯერ კიდევ 2009 წელს გავიცანი. მაშინ პატარა გოგო იყო, გეგმებს აწყობდა, მიზნებს ისახავდა. ერთ დღეს მითხრა, აქ არაფერი გამოდის, ემიგრაციაში მივდივარ, მაგრამ დავბრუნდებიო. ვიფიქრე, ემიგრაციის დიდ ტალღაში დაიკარგებოდა, მაგრამ ზუსტად ორ წელიწადში დაბრუნდა და მთიელის ხასიათით ისეთი ამბები დაატრიალა, ტურიზმის სფეროში დასაქმებული მისი მეგობრები ვულკანს უწოდებენ. თინა საქართველოში პირველი სერტიფიცირებული საფეხმავლო და საცხენოსნო გამყოლი ქალია, ქალი, რომელსაც ცხენების რემა ჰყავს და მსურველებისთვის ველურ ბუნებაში დაუვიწყარ ტურებს მართავს. რომ გავიცანი, ერთიც არ ჰყავდა, ახლა კი მისი რემა, სანამ საცხენოსნო ტურიზმის სეზონი დადგება, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ბალახობს. ამ დროს თინას უქმად რა გააჩერებს და გუდაურში მუშაობს. თუმცა ამბობს, რომ კი არ მუშაობს, ცხოვრობს და ძალიან მოსწონს, როგორც ცხოვრობს.

ბიძგი

- ალვანში დავიბადე. 2 წლის ასაკში თუშეთში წამიყვანეს საცხოვრებლად და მხოლოდ სასკოლო ასაკში დამაბრუნეს ალვანში. მერეც, არდადეგების დაწყებისთანავე, მთაში ვბრუნდებოდით და მთელი ოჯახი მესაქონლეობას ვეწეოდით. კარგად მახსოვს მთაში ზამთარში ცხოვრების კადრები. უდარდელი და ლაღი ბავშვობა გვქონდა, თან მძიმე იყო იქაური ყოფა. სკოლას რომ ვამთავრებდი, ერთ წვიმიან დღეს, ძროხას რომ ვწველიდი, მისი სხეულიდან ჩამოცურებული წვეთები სახელოში ჩამდიოდა და მაჟრჟოლებდა. იმ დღემ მიბიძგა, ქალაქში წავსულიყავი და მესწავლა. ჯერ შეშინდა ოჯახი, რადგან სწავლა დიდ ხარჯს უკავშირდებოდა, არდადეგებზე მეც შეგეშველებით-მეთქი, დავუფრთხე შიში და ქალაქში ჩამოვედი. ინგლისური ენის ფილოლოგის სპეციალობაზე დავიწყე სწავლა. სკოლის პედაგოგობისთვის ვემზადებოდი და სულ არ მიფიქრია, რომ ბედი სხვას მიმზადებდა.

გიჟი, რომელმაც ესპანეთში ცხოვრებაზე უარი თქვა

- სწავლის პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გავხდი ემიგრაციაში წავსულიყავი. ვთქვი, რომ მხოლოდ ორი წლით მივდიოდი. დამცინეს, ყველა ეგრე ამბობსო. მე მიზანი მქონდა და უცხოეთშიც მიზნის ასასრულებლად მივდიოდი. ამიტომ ორი წლის შემდეგ მართლა ბილეთი რომ ვიყიდე და საქართველოში წამოვედი, ჯერ ყველა სახტად დარჩა, მერე გიჟი მეძახეს, რადგან ესპანეთში იდეალურ გარემოში ვიყავი - "მაკდონალდსის" ქსელის მფლობელის ოჯახში ვმუშაობდი. რადგან ესპანეთში ინგლისურენოვანი კადრები ჭირდა, თუ დავრჩებოდი, ბევრ სიკეთეს მპირდებოდნენ, მათ შორის, ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას. მათი პირობები რომ მიმეღო, საქართველოში ჩამოსვლას იშვიათად შევძლებდი და თანაც ორ კვირაზე მეტი ხნით ვერა. ნოსტალგია ისე მტანჯავდა, რომ საქართველოში ყველაფრის ნულიდან დაწყება ვარჩიე. ისიც გავთვალე, ბინას რომ შევიძენდი, ისევ დამიდგებოდა ფინანსური პრობლემები. არადა, ესპანეთში ლეგალურად მუშაობის უფლება თუ მექნებოდა, ცხადია, ისევ უკან დავბრუნდებოდი, ამიტომ ესპანურ საბუთებზეც უარი ვთქვი.

საქართველოში სად არ ვცადე მუშაობის დაწყება, ამაოდ. ერთ დღესაც გამოჩნდა ტურისტული ორგანიზაცია, რომელიც გერმანელებთან ერთად ცხვრის ჩამორეკვის ტურს აკეთებდა. ინგლისურენოვანი გიდები უჭირდათ, დღეში 80 ლარს იხდიდნენ, 2013 წელს ეს კარგი ფული იყო, თან მე დამწყები ვიყავი. ვიფიქრე, ერთი კვირით წავალ-მეთქი. მამაჩემმაც მიბიძგა. მომეწონა გიდობა, სერტიფიკატიც ავიღე. მერე სერტიფიცირებული სომელიეც გავხდი - თუ გიდი ხარ, ღვინოც აუცილებლად უნდა იცოდე. მერე იყო ცხენები, თხილამურები და ა.შ. ქალი ტურიზმში საიმედო დასაყრდენია. ჩვენ სხვანაირი პასუხისმგებლობა გვაქვს წვრილმან დეტალებზე, რასაც კაცები შესაძლოა ყურადღებას არ აქცევდნენ...

"ჩემს ცხენს რომ ვინმემ რამე ატკინოს, ძალიან მეწყინება"

თინა: - მხედართან ერთად ყალყზე შემდგარი ცხენი დაცემისას დიდ ტკივილს გრძნობს. ეს რომ გავიგე, შემრცხვა, თურმე როგორ ვტკენდი ჩემი უვიცობის გამო. ახლა ჩემი რემიდან რომელიმეს ასე რომ მოექცნენ, ძალიან მეწყინება. ცხენი ადრეული ასაკიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. სოფლიდან სოფელში ერთადერთი გადამყვანი იყო. შემოგვისხამდნენ ბიჭები გოგონებს უკან და დაგვაქროლებდნენ ბილიკებზე. იყო ერთი ჟრიამული, მაგრამ სულ უკმაყოფილო ვიყავი, ჩემი ცხენის ყოლა მსურდა. პიანინოს ვუკრავდი კარგად, მაგრამ თუშეთში ამ ინსტრუმენტს ვერ ავიტანდით, მე კი მინდოდა მთებშიც მემღერა და ვიშოვე ერთი ძველი, დანგრეული გიტარა და დაკვრა ვისწავლე. ისეთი ძველი იყო, სისხლი მდიოდა თითებიდან, მაგრამ ჩემი მიზნისთვის მჭირდებოდა და ვიტანდი. თუშეთში დღეობებში ყველა მომღერალ გიტარიან თინას ეპატიჟებოდა და მეც ვაცხადებდი, არსადაც არ წამოვალ, თუ ჩემი ცხენი არ მეყოლება-მეთქი. მომართმევდნენ ცხენს და ასე გავლაღდი უნაგირზე.

"შენი ქვეყანა უნდა გიყვარდეს"

- სამწუხაროდ, ტურიზმში დასაქმებულთა შორის ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ლანძღავენ ქართველებს, ჩვენს ადათებს, წესებს. არ მესმის ამ ხალხის და ვერ ვხვდები, ტურიზმში როგორ შეიძლება იყო, თუ შენი ქვეყანა არ გიყვარს?! რამე არ მოგწონს? მის გაუმჯობესებაში წვლილი შეიტანე, ნუ ლანძღავ. ჩემთვის ყველა კუთხეში, ყველა სოფელში მისვლა ზეიმია, მიყვარს სხვადასხვა ადგილების თავისებურებების აღმოჩენა. ჩემთვის ტურიზმი იდეალური საშუალებაა საქართველოს ყველაზე მივარდნილი, მიტოვებული ადგილები აღმოვაჩინო და წვლილი შევიტანო მათ განვითარებაში. ვიცი ბაზრები, სადაც შეიძლება გავყიდო ისეთი მარგალიტები, რაც ზემო სვანეთის უკიდურესი ნაწილის სოფლებშია. ქვემო სვანეთი, ლენტეხის რაიონი ხომ აღმოუჩენელი და ულამაზესია.

რას ნიშნავს მწვანე, პასუხისმგებლობიანი და მზოგავი ტურიზმი

- ევროპასა და ამერიკაში ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა, ე.წ. პასუხისმგებლიანი, მწვანე, მზოგავი მოგზაურობა. რაც ნიშნავს შემდეგს: მწვანე ანუ კლიმატის კუთხით არაფერი არ უნდა შეიცვალო, მზოგავი - მასპინძელი თემი მასობრივი ტურიზმით არ უნდა დაბინძურდეს (როგორც, მაგალითად, ყაზბეგში, მესტიაში და სხვაგან) და პასუხისმგებლიანი - სტუმრების მასპინძლობისთვის დიდი ხარჯი არ უნდა გაიღონ. ამ იდეის მიზანია მასპინძელ თემში ხალხისთვის ადგილზე დამაგრებაში ხელშეწყობა. არ უნდა გსურდეს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რჩები სახლში, ოჯახთან ერთად, ჩვეულებრივ პირობებში, მათთან მუშაობ, საუზმობ, ვახშმობ, მათ ყოველდღიურობას ესწრები და ეცნობი...წაიკითხეთ სრულად