ავტორი:

"ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა: პალესტინელები ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია ისრაელის პოზიცია

"ჰამასი" აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა: პალესტინელები ზეიმობენ, თუმცა ჯერ უცნობია ისრაელის პოზიცია

"ჰამასი" აცხადებს, რომ დათანხმდა ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელმაც უნდა შეაჩეროს ისრაელთან 7 თვის განმავლობაში მიმდინარე ომი. გადაწყვეტილების შესახებ ისმაილ ჰანიემ კატარის პრემიერ-მინისტრსა და ეგვიპტის დაზვერვის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბარში განუცხადა. მოლაპარაკებები საკაოდ რთული იყო და მასში არა მხოლოდ "ჰამასი" და ისრაელი, არამედ აშშ, კატარი და ეგვიპტეც მონაწილეობდნენ. ისრაელს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

"ბურთი ახლა ისრაელის მოედანზეა“, - განაცხადა "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

წინადადების დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა ბოლო დღეებში ეგვიპტისა და "ჰამასის" წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვის განმავლობაში, ეტაპობრივად გაგრძელდება, რა დროსაც "ჰამასი" მძევლებს გაათავისუფლებს, ისრაელი კი ღაზიდან არმიას გაიყვანს.

ისრაელის ხელისუფლებიდან ანონიმურმა წყარომ სააგენტო "როიტერსთან" განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასი" დათანხმდა, წარმოადგენს "შერბილებულ" ვერსიას ეგვიპტის წინადადებისა, რომელიც მოიცავდა ისრაელისთვის მიუღებელ "შორს მიმავალ" დასკვნებს. "ეს სავარაუდოდ არის თვალთმაქცობა, რომლის მიზანია ისრაელი გამოჩნდეს შეთანხმებაზე უარის მთქმელ მხარედ", - ამბობს ის.

ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ალ-აქსას საავადმყოფოს გარეთ შეკრებული მოსახლეობა მოლაპარაკებების დასრულებას აღნიშნავს. შეთანხმების დეტალები ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ პროგრესი კონფლიქტის ზონაში მყოფთათვის ზეიმის მიზეზია.

პალესტინელებს არ აქვთ საკვები, საწვავი და მედიკამენტები, ისრაელის შეტევის შედეგად შექმნილია მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი, განადგურებულია ტერიტორიის დიდი ნაწილი.

ისრაელის თქმით, ღაზაში დაზარალებულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 100 000-ია. პალესტინის დახმარების სააგენტოები ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი 250 000-ს უახლოვდება.

კვირას "ჰამასმა" კერემ შალომის სასაზღვრო უღელტეხილზე რაკეტა გაისროლა, რის შედეგადაც ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა. შედეგად, 6 მაისს ისრაელმა პალესტინელებს ღაზის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰიდან ევაკუაცია უბრძანა, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელა - შემთხვევას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა შიში, რომ ისრაელი დაიწყებდა რაჰაფზე სრულმასშტაბიან შეტევას, რასაც ისრაელი დიდი ხანია იმუქრება, აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგობის მიუხედავად.

  • გაეროს შეფასებით, რაფაჰში 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათგან ნახევარი ბავშვია. ომამდე იქ, დაახლოებით, 275 000 მოსახლე იყო, თუმცა გასულის წლის 7 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ, ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მოყოლებული ამ ქალაქს უამრავმა პალესტინელმა შეაფარა თავი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელს ექნება შეერთებული შტატების პოლიტიკური ან სამხედრო მხარდაჭერა "ყოვლისმომცველი სახმელეთო შემოჭრისთვის“, თქვა მაირავ ზონსზეინმა, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის უფროსმა ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის ომი 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმით დაიწყო, რომლის დროსაც მძევლად აიყვანეს 253 პირი. საპასუხოდ ისრაელმა ღაზის სექტორზე სახმელეთო და საჰაერო იერიში მიიტანა.