ავტორი:

SIMPLE STEPS-ში BTU-ს პროექტის "კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის" ბენეფიციარები საქმდებიან

SIMPLE STEPS-ში BTU-ს პროექტის "კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის" ბენეფიციარები საქმდებიან

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს “კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ახორციელებს. მისი მიზანი ტექნოლოგიებში ქალთა როლის გაძლიერებაა.

ამჟამად პროექტის ფარგლებში გადამზადებული პირველი ნაკადის ბენეფიციარების დასაქმების პროცესი აქტიურ ფაზაშია. ისინი სხვადასხვა მიმართულების კომპანიებში ინტენსიურად საქმდებიან და მნიშვნელოვან კარიერულ წინსვლასაც განიცდიან. ერთ-ერთი მათგანია SIMPLE STEPS, რომელიც ქართულ ბაზარზე ოფიციალურად 2021 წლის 15 თებერვალს გამოჩნდა.

„ჩვენი თავდაპირველი მიზანი სოციალურ ქსელებში სტარტაპების მხარდაჭერა იყო, რათა მათი საინტერესო წამოწყებები ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო, რაც ეფექტური რეკლამის გარეშე შეუძლებელია. დღეს უკვე ჩვენი კომპანია არაერთ ცნობილ ბიზნესს ეხმარება სწორი მარკეტინგული ნაბიჯების გადადგმაში. ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პროექტებისადმი ინდივიდუალური მიდგომაა,“ - აღნიშნავენ კომპანიაში.

SIMPLE STEPS-ში მისასალმებელია ყველა ტიპის ინიციატივა და აქტივობა, რომელიც ქალთა გაძლიერებას ეხება.

„ვამაყობთ, რომ BTU-ს პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ერთ-ერთი ბენეფიციარი ჩვენი მარკეტინგის გუნდშია დასაქმებული. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა პროექტში, რომელიც ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერებას ისახავს მიზნად,“ - აცხადებენ SIMPLE STEPS-ში.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა კომპანიებმა, თბილისსა და რეგიონებში დაამსხვრიონ სტერეოტიპები და დაასაქმონ ქალები მოკლევადიანი და/ან გრძელვადიანი თანამშრომლობით, ადგილზე ან დისტანციურად შემდეგი მიმართულებებით: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება.

დაინტერესებულ კომპანიებს შეუძლიათ შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა, გახდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტის ოფიციალური პარტნიორი და ჩაერთონ ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერების მნიშვნელოვან ინიციატივაში.

R