ავტორი:

"საბას ძალიან უყვარდა ბუნება, მასზე სიუჟეტიც გაკეთებულა, გამორჩეული ახალგაზრდები იყვნენ ეკუნა და გიორგიც" - გლოვა სვანეთში: რას ჰყვება სკოლის დირექტორი?

"საბას ძალიან უყვარდა ბუნება, მასზე სიუჟეტიც გაკეთებულა, გამორჩეული ახალგაზრდები იყვნენ ეკუნა და გიორგიც" - გლოვა სვანეთში: რას ჰყვება სკოლის დირექტორი?

2 მაისს სვანეთში, მდინარე ნაკრას ხეობაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი სვანეთი აატირა. უმძიმესია ტრაგედიის დეტალები. იმ საბედისწერო დღეს სამი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იჯდა იმ ავტომობილში, რომელიც გზიდან მოცურდა და ხეობაში გადავარდა. საუბედუროდ მანქანაში მყოფი სამივე ახალგაზრდა დაიღუპა. არანაკლებ მძიმე იყო ტრაგედიის შემდეგი დღეებიც, მთელი სოფელი მაშველებთან ერთად რამდენიმე დღე ფეხზე იდგა და დაღუპულების ცხედრებს ადიდებული მდინარის ხეობაში ეძებდნენ. 4-დღიანი ძებნის შემდეგ ჯერ ეკა ვიბლიანი იპოვეს. გოგონას ამოცნობა მისმა ბიძამ შეძლო, რომელიც პირველივე წუთებიდან მაშველებთან ერთად ჩართული იყო სამძებრო სამუშაოებში.

მაშველები სპეც აღჭურვილობითა და მძიმე ტექნიკის დახმარებითაც მუშაობდნენ. მაშველებს რთულ გეოგრაფიულ პირობებთან ერთად ამინდიც უშლიდა ხელს. ხეობაში გადაუღებლად წვიმდა, მდინარეები ადიდებული იყო და ამღვრეულ წყალში ხილვადობა ძალიან დაბალი იყო. მაშველებთან ერთად დაკარგულებს დრონითაც ეძებენ.

უამრავი ადამიანი იყო მათი ძებნის საქმეში, 7 მაისს დილის საათებში 14 წლის გიორგი ვიბლიანი იპოვეს და იმავე დღეს, მოგვიანებით საბა გვარმიანის ცხედარსაც მიაგნეს. სამივე გარდაცვლილი ერთმანეთის ნათესავები არიან, ეკა და საბა კარგი მეგობრები და თანაკლასელები იყვნენ, ერთ სკოლაში სწავლობდნენ, მე- 12 კლასში იყვნენ და ახლა სკოლის დამთავრება ერთად უნდა ეზეიმათ. იმ დღესაც თურმე ბოლო ზარისთვის ემზადებოდნენ.

მათზე საუბარი ძალიან გაუჭირდა ნაკრას საჯარო სკოლის დირექტორს, სპარტაკ გვარმიანს. მის თვალწინ გაიზარდნენ ეს ბავშვები, სამივე მისი ნათესავია.

სპარტაკ გვარმიანი:

- არ ვიცი ასეთ დროს რა უნდა ვთქვა. მართლა მიჭირს საუბარი. ეკუნა და საბა ჩემი სკოლის მოსწავლეები იყვნენ. წელს სკოლას ამთავრებდნენ. წინა დღეს ბანკეტის ამბებს გვითანხმებდნენ. გეგმავდნენ როგორი ბოლო ზარი უნდა ჰქონოდათ და სად აღენიშნებათ ბანკეტი. სკოლის ეზოში ბოლო ზარს გავაკეთებთ, სურათებს გადავიღებთ, მერე ბანკეტი გვექნებაო. ისეთნაირად იყვნენ მოტივირებულები და ამაღლებულ განწყობაზე, ისე უბრწყინავდათ თვალები, მართლა საოცარი მოლოდინი ჰქონდათ. მაგრამ არ დაგვცალდა და მათი გაბრწყინებული სახეები არ დაგვავიწყდება არასოდეს, მარადიულ მე-12 კლასელებად დარჩნენ.

- რა მოხდა იმ დღეს?

- იმ დღე სკოლაში იყვნენ ორივე, გაკვეთილების შემდეგ სტადიონზე ბურთს თამაშობდნენ და წავიდნენ. როგორც ჩანს, მერე სამივე ახლო სოფელში ჩასულან, მანქანაში ბენზინი ჩაასხეს და მალევე ამობრუნდნენ სოფლისკენ, სამი კილომეტრი ჰქონდათ დარჩენილი სახლამდე, როცა ეს საშინელი ტრაგედია მოხდა. ჯერ არავინ იცის მიზეზი, ფაქტია, მანქანა მოცურდა და გადავარდა. საბა იჯდა საჭესთან, მანქანას კარგად მართავდა. გამორჩეული ბიჭი იყო თავისი ფიზიკური აღნაგობით, ადამიანობით, ადამიანების სიყვარულით, მეგობრების გვერდში დგომით. დედისერთაა საბა. კარგი სპორტსმენიც იყო, სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდა, კარატეში დადიოდა და შავი ქამარი ჰქონდა. ძალიან უყვარდა ბუნება, ცხოველების მიმართ საოცარი სიყვარული ჰქონდა და ალბათ გინახავთ კიდეც მასზე გაკეთებული სიუჟეტიც.

ტყეში იპოვა არჩვი, მოიყვანა და გაზარდა. ისე ძალიან უყვარდა ცხოველები, ამბობდა ვეტერინარი გამოვალ, ცხოველების განკურნება რომ შევძლო და მათ დავეხმაროო.

საოცარი ბუნების ბავშვი იყო, ისევე როგორც ეკუნა. მუდამ მომღიმარი, თვალებციმციმა გოგონა იყო ეკუნა. მას ჰყავს 2 და და ერთი ძმა, ძმა ჩვენი სკოლის მოსწავლეა, დები ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან. ეკუნა გამორჩეული იყო, სულ პოზიტიური, სულ ღიმილიანი ბავშვები იყვნენ და ასეთ ბავშვებად დარჩებიან. არ ვიცი შევძლებთ თუ არა მათ გარეშე რამეს გაგრძელებს, არც ის ვიცი როგორ შევხდეთ მათ თანაკლასელ ბავშვებს, რომლებიც ძალიან განადგურებულები არიან. სამივე ჩემი ნათესავია, ჩემს თვალწინ გაზრდილები.

საბა გვარმიანი

ეს დღეები იყო საშინელება. მთელი სოფელი დათრგუნულია, დამუნჯდა ყველა. მთელი სოფელი ეძებდა, დიდიან პატარიანად და ისეთ რამეებს ჩადიოდნენ, გაოცებული ვარ. მათი თანაკლასელებიც თვალცრემლიანები, ტირილით ეძებდნენ მათ ცხედრებს. უფსკრულებში შედიოდნენ. 60 კილომეტრიან მონაკვეთზე ყოველდღე მაშველებთან ერთად მთელი სოფელი იდგა დადუმებული და მათ ეძებდა. ხმას რომ ვერ იღებ და ისე რომ ეძებ. მიზანი იყო ცხედრები მაინც მოგვეძებნა. ამხელა ტრაგედიის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანმა თქვას შვებით ამოვისუნთქეო, მართლა ასეა, რადგან შვება იყო, რომ მოვნახეთ და საკუთარ ოჯახში დავაბრუნეთ ისინი.

ეკა ვიბლიანი

ეკუნას მამა განადგურებული იდგა და მეუბნებოდა, ოღონდ ჩემი შვილი დამიბრუნდეს და ხმას არ ამოვიღებო. ეძებდა ისიც და შეევედრა ეკუნას, მამიკო დამიბრუნდი და აწი არსად არ გაგიშვებო. მერე, რომ იპოვეს თქვა, სულ მიჯერებდა ჩემი შვილი და ახლაც დამიჯერა, აწი არსად არ გავუშვებო. ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია ყველა ბოლო ზარი, როცა შენი სკოლის დამთავრებულები მიდიან, თითქოს ცარიელდება სკოლა, ისე ეჩვევი და გიყვარდება თითოეული მათგანი, როგორც ოჯახის წევრები, ისე არიან. ახლა წარმოიდგინეთ ამხელა ტრაგედიის მერე დარეკო ბოლო ზარი. წარმოუდგენლად მწარე იქნება, მათ სახელზეც დაირეკება და ჩვენი სკოლის წლევანდელი კურსდამთავრებულების სიაში ეკა და საბა იქნებიან და ყველა ბოლო ზარის დროს ავლენ მათი უმცროსი მეგობრები მათ საფლავებზე და მიულოცავენ ბოლო ზარს.

- ამინდის გამო გაჭირდა ასე ძალიან ცხედრების პოვნა?

- ჯერ ძალიან სიცხეები იყო, მერე კოკისპირულად წვიმდა და ამღვრეულ და ადიდებულ მდინარეში გაჭირდა მათი პოვნა. მერე მოთოვა მთებში და საგრძნობლად დაიკლო წყალმა, ამან გვიშველა ნამდვილად, რომ არ დაეკლო წყალს, არ ვიცი მოხდებოდა, თუ არა ცხედრების პოვნა. საბედნიეროდ წყალმა დაიკლო და ვიპოვეთ. ეს დღეები იყო სრული ჯოჯოხეთი. ყოველდღე ჯგუფებად ვიყავით გაყოფილი, უწყვეტ ჯაჭვად იყო გადაჭიმული სიგრძეზე ხალხის ნაკადი და ყველა ეძებდა.

ჯერ ეკუნა იპოვა ბიძამ. იმ მონაკვეთზე ჩასულა ბიძა, მანამდე ერთ ჯგუფს დათვალიერებულიც კი ჰქონდა იქაურობა. წინ მიმავალ ჯგუფს თურმე დაუძახა, ეს მონაკვეთი გაიარეთო? დავათვალიერეთო - იყო მათი პასუხი, ბიძა ამბობს, ამის შემდეგ შემობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ ერთ ადგილას რატომღაც გავჩერდი, 5 წუთი იქ ვიდექი გარინდული და ვუყურებდი მდინარე ხან იკლებდა, ხან ემატებოდა წყალიო. ესეც ბედისწერა იყო ალბათ, მერე რაღაც თეთრი გამოჩნდა, მერე ისევ დაიკარგა, რომ დავიხარე, რაღაც რბილი მომეჩვენა, დავხედე და ეკუნას ხელის თითები ვიცანიო.

გიორგი ვიბლიანი იპოვეს მერე, გიორგი მეცხრე კლასელი ბიჭია, ზუგდიდის სოფელ რუხის სკოლაში სწავლობდა. სტუმრად იყო ბებიასთან. იმ საბედისწერო დღეს ჩაუჯდა საბას მანქანაში და მოხდა ეს ტრაგედია. ჩვენს სოფელში ცხოვრობს მისი მამიდა, ბიძები. მთელ ზაფხულს აქ ატარებდა. ჩემი ნათესავია გიორგიც. ძალიან კარგი ბიჭი. სიცოცხლით სავსე, უზომოდ ადამიანების მოყვარული.

გიორგი ვიბლიანი

ამ ამბავმა შეძრა მთელი სოფელი. ბევრი ტრაგედიები გვახსოვს, ერთხელ სამი ადამიანი გადავარდა და ერთი მათგანი ვერც მოვძებნეთ, ადრე განვიცადეთ ესეც, დიდი ტრაგედიაა, მაგრამ ისინი ზრდასრული ადამიანები იყვნენ და ამ ახალგაზრდების ტკივილმა გაგვანადგურა, ეს საშინელებაა, ჩვენი მოსწავლეები, ღმერთო, სულ მთლად ბავშვები იყვნენ. ეს არ უნდა მომხდარიყო. ეკუნას დედა ძალიან მორწმუნეა, მისი ხელმძღვანელობით სკოლის ეზოში აშენდა ტაძარი და დედა ამბობდა, არ გამწირავს უფალი და აღდგომის დღეს დამიბრუნებს ჩემს შვილსო. მართლაც აღდგომის დღეს ვიპოვეთ ეკუნა, მერე მაშველებმა იპოვეს გიორგი. საოცრად იმუშავეს ისეთი გვერდში დგომა ვიგრძენით მაშველებისგან. მთაში თოვლი რომ არ მოსულიყო, სხვანაირად შეიძლება არც გვენახა. მოთოვა მთებში, ძალიან აცივდა, მდინარემაც ძალიან დაიკლო, ხილვადობაც უკეთესი იყო და სამივე ვიპოვეთ. ძალიან მიჭირს, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.

ბანკეტი არ ჩატარდება, მეზობელი სკოლის ბავშვებმაც უარი თქვეს ბანკეტზე. ამდენი ცრემლი არ დაღვრილა ალბათ ჩვენი სოფლის ისტორიაში. თავზარდაცემულები ვართ.