ავტორი:

5 საინტერესო ფაქტი იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალზე, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს

5 საინტერესო ფაქტი იაპონური წარმოშობის ბრიტანელ მწერალზე, რომელსაც ნობელის პრემია მიანიჭეს

ავტორმა „რომანებში გააშიშვლა ჩვენი ილუზორული კავშირი სამყაროსთან“ - ასე შეაფასა შვედურმა აკადემიამ კაზუო იშიგუროს ნამუშევრები, რისთვისაც მას 2017 წელს ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში.

მწერალს შვიდი რომანი აქვს დაწერილი, რომელიც 40-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია „არასოდეს გამიშვა”(Never let me go), რომლის მიხედვითაც 2010 წელს ფილმი გადაიღეს. „დღის ნარჩენებისთვის" კი (The Remains of the Day) იშიგურომ ბუკერის პრემია მიიღო.

კაზუო იშიგუროს აქვს უნარი, რომანებში შექმნას მძაფრი ემოციური ფონი, რის გამოც მკითხველს უჭირს, მოსწყდეს კითხვის პროცესს და სუნთქვაშეკრული ეცნობა მის შემოქმედებას.

გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს მწერლის შესახებ, რომელიც როგორც მასზე, ისე მის შემოქმედებაზე გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით:

1. კაზუო იშიგურო იაპონიაში დაიბადა, თუმცა 3 წლის ასაკში ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად

იშიგურო 1954 წლის 8 ნოემბერს იაპონიის ქალაქ ნაგასაკში დაიბადა. მისი მამა, სიძუო იშიგურო ოკენოგრაფი იყო. იგი 1959 წელს ოკეანოგრაფიის ეროვნულ ინსტიტუტში კვლევით სამუშაოებზე მიიწვიეს, რისთვისაც ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში, სარის საგრაფოს ქალაქ გილდფორდში გადავიდა. თავდაპირველად იშიგუროს ოჯახი მხოლოდ ორი წლით აპირებდა ინგლისში დარჩენას, თუმცა სიძუო იშიგუროს კვლევითი პროექტის დაფინანსება დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ განაგრძო, რის გამოც ოჯახი იაპონიაში აღარ დაბრუნდა.

2. მწერალს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მხოლოდ 1983 წელს მიენიჭა

მიუხედავად იმისა, რომ მან თითქმის მთელი თავისი ცხოვრება დიდ ბრიტანეთში გაატარა, მოქალაქეობა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მიანიჭეს.

იშიგურო სამშობლოში პირველად 1989 წელს დაბრუნდა, რა დროსაც იგი იაპონიის ფონდის ფონდის მოკლევადიანი ვიზიტორთა პროგრამის მონაწილე იყო.

ამჟამად მწერალი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

3. მწერლის პირველი რომანის სახელწოდებაა „მთების მკრთალი ხედი“

მწერლის პირველი რომანი, „მთების მკრთალი ხედი“ ინგლისში მცხოვრებ შუახნის იაპონელ ქვრივ ქალბატონზე გვიამბობს, რომელსაც ქალიშვილის თვითმკვლელობის შემდეგ ჭარბად მოზღვავებულ ემოციებთან და მოგონებებთან უწევს გამკლავება.

მეორე რომანში, „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი იაპონურ ქალაქში ხდება. რომანი ომთან დაკავშირებული ძალადობრივი წარსულით დამძიმებულ მხატვარზე მოგვითხრობს, რომელიც თანამედროვე იდეალებს უპირისპირდება. „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“ მეორე მსოფლიო ომის მიმართ იაპონელთა დამოკიდებულებას ასახავს.

კენძაბურო ოესთან ინტერვიუში იშიგურომ განმარტა, რომ იაპონური გარემო მის პირველ რომანებში წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს.

4. „არასოდეს გამიშვა“ ჟურნალმა Time-მა 1923 წლის შემდეგ დაწერილ 100 საუკეთესო ინგლისურენოვან რომანს შორის დაასახელა.

ნობელიანტი მწერლის ანტიუტოპიური რომანი 2005 წელს გამოიცა. ეს მისი რიგით მეექვსე ნოველაა, რომელიც გვიამბობს 1990-იანი წლების ინგლისის ალტერნატიულ რეალობაზე, რომელშიც ადამიანებისგან მასობრივად ქმნიან კლონებს და ეს აბსოლუტურად ლეგალურია.

2010 წელს კინოეკრანებზე გამოვიდა მარკ რომანეკის ეკრანიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს კირა ნაითლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი ასრულებენ. „არასოდეს გამიშვა“ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დრამაა, რაც შეიძლება ნახოთ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წელს იშიგუროს Time-ის სიაში „1945 წლის შემდგომ მოღვაწე საუკეთესო 50 ბრიტანელი მწერალი“ 32-ე ადგილი მიენიჭა.

5. კაზუო იშიგურო ბუკერის პრემიაზე 4-ჯერ იყო ნომინირებული

ბუკერის პრემიაზე კაზუო იშიგურო 4-ჯერ იყო ნომინირებული რომანებისთვის: „მოფარფატე მსოფლიოს ხელოვანი“, „როდესაც ობლები ვიყავით“, „არასოდეს გამიშვა“ და როგორც აღვნიშნეთ, „დღის ნარჩენები“.

მწერლის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოები თარგმნილია ქართულ ენაზე და ხელმისაწვდომია „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და წიგნის მაღაზიებში. თარგმნილ რომანებს შორისაა: „დღის მიწურულს“, „როცა ობლები ვიყავით“, „და შემდეგ“, „არასოდეს გამიშვა“, „დაფლული გოლიათი“, „კლარა და მზე“.

R