ავტორი:

"არცერთ ქვეყანაში რევოლუცია ცარიელ ადგილას არ ხდება, მას ხელისუფლება აწყობს" - ალეკო ელისაშვილი

"არცერთ ქვეყანაში რევოლუცია ცარიელ ადგილას არ ხდება, მას ხელისუფლება აწყობს" - ალეკო ელისაშვილი

ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა, რომ მისი მმართველობის მე-4 წელი ძალიან მაგარი იქნებოდა, მე-12 წელს გვაგინებს, ეს არის ბოლო ჟამის სიმპტომი, - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ აღნიშნა.

ამით ის გამოეხმაურა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირების მიმართ განხორციელებულ სატელეფონო ზარებს.

"ხელისუფლება, რომელიც გვპირდებოდა, რომ მისი მმართველობის მეოთხე წელი ძალიან მაგარი იქნებოდა, მეთორმეტე წელს გვაგინებს. ამის გარდა ვერაფერს ახერხებს. ეს არის ბოლო ჟამის სიმპტომი. ხმას რასაც ვუსმენდი, ახალგაზრდები იყვნენ და წარმოიდგინეთ, მთელი დღის განმავლობაში, გინებით იყვნენ დაღლილი. ჰგონიათ, რომ ბელორუსსა და რუსეთში რაც მოქმედებდა, ის აქაც იმოქმედებს, მაგრამ აქ ეს ღიმილის მომგვრელია. "ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებიდან წავა, გამოჩნდება, რომ ამ დღეებში საქართველოში "ეფ-ეს-ბე“-ს კურატორები იყვნენ ჩამოსულები და ამ სტრატეგიებს იფიქრებდნენ.

ეს ფუნდამენტის კანონია. რუსეთში სანამდე მივიდნენ? გუშინწინ დუმამ მიიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც აგენტებად რეგისტრირებულ პირებს არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. "აგენტების“ წიგნები გამოიტანეს და დაწვეს, ასეთი აუტოდაფეები ჰიტლერის გერმანიაში ხდებოდა. კანონს ამატებენ და ამატებენ რაღაცებს. ეს არის თავისუფალი აზრის დევნა, ავტორიტარიზმი“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

გარდა ამისა, მან მომავალ არჩევნებსა და რევოლუციის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, რევოლუცია ხდება იქ, სადაც ხელისუფლება ისეთ "იდიოტობებს აკეთებს“, რომ ხალხი ბრაზდება და არჩევნებს აღარ ელოდება.

"არცერთ ქვეყანაში რევოლუცია ცარიელ ადგილას არ ხდება, ხელისუფლება აწყობს მას. მაგალითად, ვინმე წავიდეს, რამდენი ფულიც უნდა იმდენი დახარჯოს და შვედეთში ან დანიაში რევოლუციის მოწყობა სცადოს. რევოლუცია ხდება იქ, სადაც ხელისუფლება ისეთ იდიოტობებს აკეთებს, რომ ხალხი ბრაზდება და არჩევნებს აღარ ელოდება. ხელისუფლებაში ერთი სული აქვთ, ვინმე გამოვიდეს და თქვას "აღარ შემიძლიაო“ და მერე დაიშლებიან. განცხადებებიც, რასაც აკეთებენ, კონსოლიდაციისთვისაა. უდიდესი ეროვნული ამოცანაა, რომ ესენი გავუშვათ. მათზეა დამოკიდებული, არჩევნებამდე მივლენ თუ არ მივლენ“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.