ავტორი:

"მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? - ეს არის დაშინება, რომ შვილები აქციებზე არ გამოუშვან" - იაგო ხვიჩია

"მშობლებს უთხრეს: თქვენ შვილებს გავლახავთ, ძაღლებს დავაკბენინებთ, ცხენებს შემოვატარებთ, ხომ ეს კადრები დადეს? - ეს არის დაშინება, რომ შვილები აქციებზე არ გამოუშვან" - იაგო ხვიჩია

ხელისუფლებას უნდა მოუწიოს ბოდიშის მოხდა - „ქართულმა ოცნებამ“ იმედი გაუცრუა მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ენდობოდა, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელისუფლების კატასტროფული შეცდომაა.

„ეს კანონპროექტი არის შეცდომა. როგორც „ნაცმოძრაობის“ ბოლო პერიოდში იყო, შეცდომას შეცდომაზე აყოლებდნენ, ესენიც შეცდომას შეცდომაზე აყოლებენ ახლა. შეიძლება ვინმე რუსეთს ეპრანჭებოდეს, ეუბნებოდნენ, რომ გაჩვენებთ, რა მაგრები ვართ, როგორ ვფლობთ სიტუაციას, ახლავე კისერს მოვუგრეხთ ამერიკელებს და მის მხარდამჭერებს ქვეყანაში.

დღევანდელი გადმოსახედიდან უბრალოდ სულელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე, რომ ეს არის კატასტროფული შეცდომა ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო შეცდომა. თან ისეთი შეცდომა, რომ ძალიან რთული იქნება ამის გამოსწორება. ალბათ, მარტო ბოდიში თუ უშველის და თან ესეც მეეჭვება. ხელისუფლებას უნდა მოუწიოს ბოდიშის მოხდა. ხომ ხედავთ, რამხელა ენერგიაა იმ ხალხში, ვინც ამბობს, რომ ეს კანონი არ მომწონს და რა სუსტია მათი ენერგია, ვინც იძახის, რომ კარგი იყო ბატონი ბიძინას გამოსვლა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია გადაცემა „360 გრადუსში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მშობლების დაშინებას ცდილობს, რათა შვილები აქციაზე აღარ გაუშვან.

„რაც ახლა ხდება, ადასტურებს ჩემს სიტყვებს, რომ ნეტავ მშვიდობით მივიდეთ შემოდგომამდე. ხელისუფლება გამოდის და იძახის, რომ გაგლახავთ და ძაღლებს დავაკბენინებთ თქვენ თავს და ცხენით ვიჯირითებ თქვენზეო. ხომ ეს კადრები დადეს დღეს და ეს თქვეს? ამ დროს პაპუაშვილი გამოდის და ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში, რომელსაც რეპრესიები აქვს გამოვლილი, ამ ქვეყანაში აკეთებს შავ სიას mona.ru-ს. როცა ხელისუფლება აკეთებს ადამიანების შავ სიას, ეს ძალიან საშიშია.

ეს ყველაფერი არის მშობლების დაშინება, რომ შვილები, სტუდენტები და ახალგაზრდები, აქციებზე არ გამოუშვან. მათ უთხრეს, რომ თქვენ შვილებს ძაღლებს დავაკბენინებთ და ცხენებს შემოვატარებთ, როგორც ევროპაში გვაქვს ნასწავლი. თან ევროპის და ამერიკის სახელის გატეხას ცდილობენ. ამბობენ, რომ ჩვენი ხელებით ევროპელები გცემენ, მათი მოცემული "დუბინკებით" გაგლახავთ. დაახლოებით ეს მესიჯია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.