ავტორი:

თეიმურაზ პაპასქირი: "მალე შეიძლება პუტინის მეთოდებზე გადავიდნენ, როდესაც პირდაპირ კლავდნენ და კლავენ მის მოწინააღმდეგეებს" - დღევანდელი პროცესების მძიმე ისტორიული რაკურსი: რისკები და საფრთხეები

თეიმურაზ პაპასქირი: "მალე შეიძლება პუტინის მეთოდებზე გადავიდნენ, როდესაც პირდაპირ კლავდნენ და კლავენ მის მოწინააღმდეგეებს" - დღევანდელი პროცესების მძიმე ისტორიული რაკურსი: რისკები და საფრთხეები

ე.წ. აგენტების კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ განვითარებული პროცესები სულ უფრო მძიმდება - ბოლო დღეების განმავლობაში ორგანიზებული ძალადობის მომსწრები ვართ, როდესაც წინასწარ შერჩეულ სამიზნეებს - აქციის აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ზონდერ ჯგუფები ლამის სახლებში უვარდებიან, ქუჩაში ფიზიკურად უსწორდებიან, კანონის გარეშეც ადამიანებს აგენტების იარლიყს აწებებენ და კარზე ზიზღისა და ცილისწამების შემცველ პლაკატებს უკრავენ, ზოგსაც აპატიმრებენ... ეს მდგომარეობა ძალიან ჰგავს პუტინის რუსეთში რუსული კანონის მიღების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ambebi.ge თსუ-ს პროფესორს, ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელ თეიმურაზ პაპასქირს ესაუბრა.

"რაც ამ დღეებში ხდება, არის დასჯადი ქმედება, სახელმწიფო გასულია სამართლებრივი ველიდან.

დავიწყოთ აბსურდული მონაცემთა ბაზების შექმნით, რომელიც შალვა პაპუაშვილმა დააანონსა და მისი მსგავსი ალბათ ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება. მსგავსი სიები პირველად ძველ რომში გამოიკრა და მასში ჩაწერილი ადამიანის მოკვლა და მისი ქონების დასაკუთრება ნებისმიერ რომაელს შეეძლო. იმ სიიდან ზოგიერთი თავის ამოღებას თუ ასწრებდა, იმასაც ძალიან დიდი ქონების სანაცვლოდ ახერხებდა. იმედი მაქვს, საქართველოში საქმე აქამდე არ მივა, თუმცა ხელისუფლების მოქმედებები იმასაც კი გაფიქრებინებს, რომ შეიძლება პუტინის მეთოდებზე გადავიდნენ. პუტინის მეთოდები ამ შემთხვევაში არ არის მაგ. ცემით დაშინება, არა, იქ პირდაპირ კლავდნენ და კლავენ მის მოწინააღმდეგეებს. რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიძლება ვიღაცას გაელახა ყოფით ნიადაგზე, მაგრამ ეს შედარებით იშვიათობა იყო. ვინმე თუ გაბედავდა პუტინზე რაღაც დაეწერა, მას ანეიტრალებდნენ, თავიდან იცილებდნენ. ეს რუსეთში ჩვეულებრივი მოვლენაა და პუტინის რამდენიმე ათეულ მსხვერპლზე შეგვიძლია ვისაუბროთ. რაც შეეხება "ტელეგრამარხზე" მოქალაქეების მისამართების გამოდებას, ბატონებო, ეს არ არის ის მეთოდი, რომლითაც ხალხი დაშინდება, უფრო მეტი გაბრაზდება, გამოვა გარეთ და ხელისუფლება რომ შეიცვლება, შემდეგ ყველას, ვინც დღეს სამართლებრივად არღვევს კანონს, თავისი მიეზღვება – პირადი ინფორმაციის გავრცელება არის დასჯადი. აქ თუ ვიღაცას ჰგონია, რომ დეპუტატების ტელეფონების გასაჯაროება არის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, ცდება. საქართველოში დეპუტატთან დაკავშირება არის შეუძლებელი, წარმოიდგინეთ, აშშ-ს სენატორს რომ ტელეფონის ნომერი ჰქონდეს დამალული – მას აქვს სპეციალური ტელეფონი, რომელზეც მოქალაქეები რეკავენ, მათ უსმენს და პასუხობს. "ამხილეს“ ჯგუფის წევრები წერდნენ, იმავე მეთოდებით გაგისწორდებით, რადგან დეპუტატების და სამთავრობო პირების ნომრებს ავრცელებთო. საჯარო თანამდებობის პირი და ჩვეულებრივი მოქალაქე სულაც არ არის ერთი და იგივე. საჯარო თანამდებობის პირს (დეპუტატს, მთავრობის წევრს) ნამდვილად უნდა ჰქონდეს ერთი ტელეფონი, რომელზეც მას მოქალაქე დაუკავშირდება.

"ოცნების“ წარმომადგენლებს უბრალოდ არ ესმით, რომ ისინი არ არიან კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები და რომ ისინი ქვეყანას წარმოადგენენ. მთავრობის წევრებზე საერთოდ საუბარიც ზედმეტია, ისინი მთლიანად საქართველოს წარმოადგენენ განურჩევლად იმისა, ვინ მისცა ხმა მათ პარტიას და ვინ - არა.

დღეს ხელისუფლებამ გვიჩვენა, ამ კანონის მიღების შემდეგ რეალურად რის გაკეთებას აპირებს. მათ 29 აპრილს დააანონსეს რეპრესიები და ვხედავთ, დაიწყეს კიდეც. თან იმდენად მცდარი მეთოდებით მოქმედებენ, ისეთი იაღლიშები მოსდით, რომ არც ფიქრობენ, რომ მაგ. შენობის გარე პერიმეტრზე შეიძლება კამერები იყოს და მათი მანქანის ნომრები დააფიქსიროს. ისინი მუქარის და ზიზღის შემცველ პოსტერებს აკრავენ, თან ჩანს, რომ სუს-ის მანქანაა. წარმოგიდგენიათ, რით არის დაკავებული უწყება, რომელიც მუშაობს გადასახადების გადამხდელების გადახდილი ფულის ხარჯზე (იქ ყველას ფულია გადახდილი). ამისთვის შეიძლება სუს-ის გამოყენება? 11 წელია, არათუ არ დაუჭერიათ, რუსეთის ერთი აგენტი არ გამოუვლენიათ. ჰოდა, ეს ხალხი მთლიანად ჩართულია შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავდეს.

ჩვენ ახლა ვხედავთ "ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სრულ ეროზიას. ახლახან კახი კალაძის პოსტზე, ფაქტობრივად, რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც დამჰაჰავებლებმა დიდი სხვაობით აჯობეს მის მომწონებლებს - იქნებოდა ეს დამლაიქებლები თუ დამგულებლები, მიუხედავად იმისა, რომ მობილიზებული იყო ბაღების, სკოლების და საჯარო პირების მთელი რესურსი, მიუხედავად იმისა, რომ ნაყიდი იყო ინდონეზიელი თუ ინდოელი ტროლ-ბოტების ლაიქები. რეფერენდუმი ვახსენე და, ფაქტობრივად, ასეც იყო - 60%-ზე მეტი იყო დამცინავი ნიშანი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სრული ეროზია აქვს. კალაძემ მერე საერთოდ საოცარი რამ გააკეთა - საჯარო თანამდებობის პირი გადავიდა იმ ხალხის დაბლოკვაზე, ვინც პოსტის დაცინვა გაბედა. არ შეიძლება საჯარო თანამდებობის პირმა თავის ქვეყანაში კომენტარის გამო დაბლოკოს ჩვეულებრივი ადამიანი. სხვათა შორის, პუტინის რუსეთშიც ხდებოდა ხალხის გამოვლენა - ვინც ე.წ. უცხოელ აგენტებს მოიწონებდა, მერე მათ ავლენდნენ და მიდიოდა გარკვეული ზეწოლა, დევნა. შესაბამისად, ეს რუსული სახელმძღვანელოა. ამიტომაც მოუწონა დუგინმა "ოცნებას“ ეს ქმედებები, შემოუთვალა, ყოჩაღ, კარგად იქცევითო. და როდესაც დუგინი ქმედებას გიწონებს, აშკარად არასწორად აკეთებ რაღაცას.

ჩვენ გვაქვს ძალზე ცუდი გამოცდილება 1991-92 წლებში, როცა უმძიმეს შედეგებამდე მიგვიყვანა გახლეჩილობამ, რომელიც გარკვეულწილად ტერიტორიების დაკარგვის მთავარი მიზეზი იყო. რუსეთის ჩარევის გარდა, ჩვენ რომ ერთმანეთს ვებრძოდით, ესეც აფუჭებდა საქმეს. შესაბამისად, ყველანაირად უნდა ავიცილოთ თავიდან მოვლენების მსგავსი განვითარება და სამოქალაქო დაპირისპირება. მაქვს შთაბეჭდილება, რომ განსხვავებით 1991 წლისგან, თბილისის მოსახლეობა ცალსახად უფრო ერთ აზრზეა. დღეისათვის თითქმის ყველა ხელისუფლების მოწინააღმდეგეა რუსული კანონის გამო, რომელმაც ამ ხელისუფლებას ჩამოხსნა ნიღაბი. განსაკუთრებით 29 აპრილის კონტრაქციის შემდეგ გახდა ნათელი, ამათ საით მიჰყავთ ქვეყანა. რადგან დიდი სხვაობაა, იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ეს თავის გავლენას იქონიებს. ბოლო-ბოლო იმავე პოლიციაში ჩვეულებრივი ხალხი მსახურობს, იმ ხალხს თავისი ნათესავები, ახლობლები და გარემოცვა ჰყავს, სადაც აშკარად არ მგონია, დანარჩენი საზოგადოებისგან განსხვავებული ვითარება იყოს.

დღეს ხელისუფლება, ფაქტობრივად, გადის ლეგიტიმური ველიდან და როგორც კი მესამე მოსმენით მიიღებს ე.წ. აგენტების კანონს, მას დარღვეული აქვს საქართველოს კონსტიტუცია. შესაბამისად, ყველა შემდგომ შედეგზე პასუხს აგებს ხელისუფლება.

პუტინი უკრაინაში მიზნის მიღწევას ვერ შეძლებს და უფრო ადრე წააგებს ამ ომს, ვიდრე - გვიან. სანამ პუტინი უკრაინაში კატასტროფული შედეგების წინაშე დამდგარა, საქართველოში ცდილობს მისი მომხრეების გარდაუვალი მარცხის თავიდან აცილებას. უკვე ნათელია, რომ არჩევნები რომ ჩატარდეს, მასში "ოცნებას“ გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, განსხვავებით თვენახევრის წინანდელი მდგომარეობისა, სანამ ის ხელახლა შემოიტანდა რუსულ კანონს. როგორც ჩანს, მესამე მოსმენით კანონის მიღება გარდაუვალია, ნათელია, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. ეს სრულიად სხვა ვითარებას ქმნის ქვეყანაში და ძნელია იმის პროგნოზირება, როგორ განვითარდება მოვლენები იმიტომ, რომ არა მგონია, ხელისუფლების სასიკეთოდ წარიმართოს ეს ყველაფერი. ვეტოც დაიძლევა და ამ დროს საზოგადოება ალბათ გაცილებით მომზადებული იქნება, ვიდრე აქამდე იყო, პლუს ამას, მესამე მოსმენის შემდეგ დასავლეთს ექნება ლეგალური სანქციების მიღების უფლება. სანამ კანონი არ არის მიღებული, მანამდე ქვეყნის პრორუსული კურსი ოფიციალურად არ არის გაფორმებული. სანქციები უკვე არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ვხედავთ, როგორ იქცევა ხელისუფლება, სახეზეა ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაცია. აშკარად ძალიან ბევრ შეცდომას უშვებენ, ეს ტელეფონზე დარეკვები საერთოდ აბსურდი იყო, რომლის მსგავსი არაფერი მინახავს და მსმენია. მგონი, ვერც ვერავინ შეაშინეს და როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, მათ ისინი გააბრაზეს, ვისაც არ დაურეკეს. ხელისუფლება ამ რუსული მეთოდებით და სტილით თავდასხმებით მოსახლეობის უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, ვინაიდან საქართველოში ყოველთვის ასე იყო - ასეთი დახვედრები, ლაჩრულად მივარდნები და ცემები ხუთი ერთზე, თუ სამი ერთზე უკურეაქციას იწვევს ხოლმე იმიტომ, რომ არაკაცურია. ვხედავთ, რომ ყველა პირი იდენტიფიცირებულია, ვინც რამდენიმე დღის წინ თავს დაესხა მშვიდობიან მანიფესტანტებს, ვიცით, რომ ისინი ფინანსდებიან მერიიდან და მიუხედავად ამისა, პოლიციას ჯერ არცერთი მათგანი არ დაუკავებია, სამაგიეროდ, აკავებენ აქციის მონაწილეებს, რომლებსაც აქციის დროს თურმე სათვალთვალო კამერა დაუზიანებიათ. რეალურად, დღეს საქართველოში მოქმედებს საბჭოთა კოდექსები, განსაკუთრებით, ადმინისტრაციული, რაც სირცხვილია და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს“.