რუსთაველის გამზირზე, ე.წ. აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მორიგი ხალხმრავალი აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია საავტომობილო გზა. პარლამენტთან დემონსტრანტები 21:00 საათიდან, ღამისთევის მიზნით შეიკრიბნენ. აქციის, "გავათენოთ საქართველოსთვის“ მონაწილეები გეგმავენ, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შენობასთან დახვდნენ "ქართული ოცნების“ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00 საათზე. სწორედ, ამ დროს არის დანიშნული იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, რომლის დღის წესრიგში შეტანილია ერთადერთი საკითხი: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა.

"შევიკრიბეთ და დავრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად. ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით - გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. ვინაიდან პროტესტანტები ღამის გათევას აპირებენ, ისინი საკმაოდ მომზადებულები არიან მისული რუსთაველზე, მათ შორის საკვებითაც.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, პლენარულ სხდომაზე კი კანონპროექტის მე-3 მოსმენით განხილვა 14 მაისს გაიმართება.
რუსთაველის გამზირის მიმდებარედ მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, მათ შორს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.
პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით ჩაკეტეს. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათ პარლამენტის შენობაში არ უშვებენ.

3 აპრილს, "უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.
კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში, თუკი მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კონსტიტუციით განსაზღვრული არ არის, პარლამენტმა რამდენ ხანში უნდა განიხილოს პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.