ამერიკის ხელისუფლების დასკვნით, ქართული წარმოშობის რუსი პოლიტიკოსი და სტრატეგი ილია ღამბაშიძე ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის უკან დგას. ეს კამპანია მიზნად ისახავს შელახოს ნდობა დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტების მიმართ აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ.
ღამბაშიძის ციფრული მარკეტინგის სააგენტო, კრემლთან თანამშრომლობით, ქმნის ყალბი ამბების საიტებს, ზოგჯერ კი რეალური მედიის საიტების კლონებს. გამოქვეყნებული სტატიებიდან ჩანს, რომ მიზანი ძირითადად უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შემცირებაა.
2024 წლის მარტში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ, სანქციების სიაში დაამატა ღამბაშიძე, მისი ბიზნესპარტნიორი და მათი კომპანიები. სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ყურადღების ცენტრში ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური სტრატეგი, რომელიც ადრე რუს დეპუტატებსა და რეგიონულ პოლიტიკოსებზე მუშაობდა.
2013-2020 წლამდე კომპანიებმა, რომლებსაც ნაწილობრივ ან მთლიანად ფლობდნენ ღამბაშიძე ან მისი ახლო ნათესავები, კრემლიდან დაახლოებით 180 მილიონი რუბლის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტები (დაახლოებით 2,7 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის კურსით) მიიღეს. და მიუხედავად იმისა, რომ ღამბაშიძის მუშაობის მიზანი ამერიკაში სოციალური და პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციაა, მისი ვაჟები და ყოფილი ცოლი შტატებში ცხოვრობენ.
ინფორმაცია ამერიკის ხმასთან ღამბაშიძის ყოფილმა მეუღლემ დაადასტურა, რომელიც უკვე 15 წელია აშშ-ში ცხოვრობს. ქალი და მისი ამჟამინდელი ქმარი მიიჩნევენ, რომ ღამბაშიძის მიმართ ეკონომიკური სანქციები ერთგვარი დარტყმაა მის შვილებზე. "ჩვენი აზრით, ერთადერთი, რასაც ეს სანქციები აკეთებს, მოკრძალებულ ზიანს აყენებს მისი შვილების ცხოვრების წესს", - ამბობს, ღამბაშიძის შვილების მამინაცვალი. "ისინი, უბრალოდ, ჩვეულებრივ სკოლაში დადიან, საზოგადოებრივ კოლეჯში”.
ილია ღამბაშიძის სრული ბიოგრაფიის მოპოვება ღია წყაროებიდან რთულია. ცნობილია, რომ ის 1977 წელს, კიევში დაიბადა. 2008 წელს, რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია სოციოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად.
2009 წელს მოსკოვის ჩრდილოეთ ოლქის პრეფექტის თანაშემწედ მუშაობის დროს, მისი გატაცება სცადეს. სავარაუდოდ, ამ პერიოდში წავიდნენ მისი ყოფილი ცოლი და შვილები აშშ - ში.
თავად ღამბაშიძე რუსეთში დარჩა და მუშაობა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილის, პიოტრ ტოლსტოის მრჩევლად დაიწყო. ის ასევე მუშაობდა ყალმუხეთის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ბათუ ხასიკოვთან, ხოლო 2023 წლის არჩევნების წინ, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან (ЛДПР).
იმავე წელს რუსეთის პოლიტიკურ კონსულტანტთა ასოციაციამ სამი პროექტისთვის დააჯილდოვა ის გუნდები, რომელთა წევრი ღამბაშიძეც იყო. მათ შორის რამდენიმე პროექტის შესახებ საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება - ЛДПР-ის დამფუძნებლის, 2022 წელს გარდაცვლილი ვლადიმირ ჟირინოვსკის ძეგლი და საპირველმაისო მიტინგი ვიდეოთამაშისთვის Minecraft და ასევე, ნეიროქსელი “ჟირინოვსკი” - ეს უკანასკნელი გარდაცვლილი პოლიტიკოსის ვირტუალური ვერსიაა, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული და შეუძლია ჟირინოვსკის ხმით კითხვებზე პასუხის გაცემა.
2024 წლის მარტში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, ღამბაშიძის გუნდმა, შექმნა იუმორისტული პოლიტიკური რეკლამა ტამბოვის მცხოვრებლებისთვის. ვიდეოში, ახალგაზრდები რუსული ხალხური სამოსით, დათვებისა და მგლების კოსტიუმებში გამოწყობილ ანიმატორებთან ერთად ცეკვავენ. ასევე უკრავენ აკორდეონებსა და ბალალაიკაზე და მღერიან ინგლისურად რუსული აქცენტით.
"ხალხური წესია, ყველა მივდივართ საარჩევნო უბნებზე!", "არ არსებობს ავტოკრატია, ჩვენ დემოკრატიაში ვცხოვრობთ!", "ჩვენ არ გვაქვს ავტოკრატია, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში", - ისმის ვიდეო რეკლამაში.
2022 წლიდან ღამბაშიძის ორ კომპანია დაკავშირებულია პროექტთან, რომლის მიზანიც არის უკრაინაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და შეერთებულ შტატებში დეზინფორმაციის გავრცელება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში "მეტამ" განაცხადა, რომ წაშალა 2300-ზე ყალბი ანგარიში და გვერდი Facebook-სა და Instagram-ზე.
ამ ანგარიშების საშუალებით ზიარდებოდა მასალებს სამთავრობო გვერდებიდან. ასევე სტატიები, რომელშიც აკრიტიკებდნენ უკრაინას, ადიდებდნენ რუსეთს. ასევე ამტკიცებდნენ, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ნეგატიურ შედეგებს მოიტანდა.
"მეტამ" აღნიშნული კამპანია დაუკავშირა ორ რუსულ ფირმას, მარკეტინგულ კომპანია “სოციალური დიზაინის სააგენტოს” (ASP) და IT-ფირმა “სტრუქტურას”. მათ ჯამში 105 000 დოლარი დახარჯეს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია ASP ღამბაშიძეს ეკუთვნის, თუმცა ფორმალურად რეგისტრირებულია სხვაზე. რაც შეეხება "სტრუქტურას“ ის ნიკოლაი ტუპიკინის კუთვნილებაშია. 2023 წლის ივლისში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ღამბაშიძეს და ამ ორ კომპანიას.
2023 წლის ნოემბერში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ჩართულობის ცენტრის ინფორმაციით, ღამბაშიძემ და ტუპიკინმა საკუთარი ფირმების საშუალებით, ლათინურ ამერიკაში კრემლის დაკვეთით, ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციის კამპანია წამოიწყეს.
ისინი იყენებდნენ ბოტების მომსახურებას, რომლებიც ძალიან ჰგავს ევგენი პრიგოჟინის "ტროლების ქარხანას“. კამპანიის ფარგლებში, ბოტები ცდილობდნენ შიშის გაღვივებას ამერიკის საზღვრების უსაფრთხოებაზე. "ასევე მუშაობდნენ რასობრივი და ეკონომიკური დაძაბულობის გაზრდაზე საზოგადოებაში,“ - წერს “ვაშინგტონ პოსტი”. მათივე ცნობით, კამპანიის ევროპული და უკრაინული მიმართულებებს ხელმძღვანელობდა ვინმე სოფია ზახაროვა - რუსეთის პრეზიდენტის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ადმინისტრაციიდან.
რამდენიმე პოლიტიკოსსა და კრემლზე მუშაობის გარდა, ღამბაშიძემ ბედი ბიზნესშიც სცადა. მისმა კომპანიებმა 2013 წლიდან არაერთი სახელმწიფო ტენდერი მოიგეს.
ერთ-ერთი კონტრაქტის მიხედვით, მისი კომპანია ჩაერთო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფილმის “ჟასმინის” წარმოების პროცესში, რომელიც ჰიტად იქცა. თუმცა ღამბაშიძე კინოს თემასთან დაკავშირებით სხვა დროსაც ჩნდება.
კომპანია Deep Communication-მა ასევე იმუშავა ყირგიზულ-რუსულ ერთობლივ ფილმზე “სულეიმან-ტოო”. 2012 წელს კანის კინოფესტივალზე თავად ღამბაშიძეც ჩავიდა, სადაც ამერიკელ მსახიობ ზაკ ეფრონის ფონზე ჩანს. მისი თითქმის ყველა კომპანია, რომლებმაც ტენდერები მოიგეს, ამჟამად ლიკვიდირებულია.
2024 წლის მარტში აშშ-ის ხაზინის მიერ ღამბაშიძის დასანქცირების შემდეგ, გაიყინა მისი ორი "საფულე“, სადაც ექსპერტების აზრით, დაახლოებით 200 ათასი დოლარის კრიპტოვალუტა ჰქონდა.
ღამბაშიძეს ასევე აქვს მამისგან მიღებული კომპანია, რომელიც ბულგარეთშია რეგისტრირებული, თუმცა იქიდან შემოსავალი არასოდეს ჰქონია. დოკუმენტების მიხედვით, ღამბაშიძის მამას ბინა ბულგარეთის ქალაქ ბიალაში აქვს.
დღეს იქაური აქტივები სანქციების გამო მიუწვდომელია და როგორც მისი ყოფილი გარემოცვა აცხადებს, ეს პრობლემებს უქმნის მის შვილებს.
"ამჟამად შვილებისთვის სანქცირებული მამისგან ალიმენტის მიღების ერთადერთი გზა აშშ-ის ხაზინიდან სპეციალური ლიცენზიის აღებაა", - აცხადებენ მედიასთან ღამბაშიძის ყოფილი ცოლი და მისი ამჟამინდელი ქმარი, თუმცა ეს ვერ ხერხდება.
“სანქციები შეეხო მხოლოდ მის შვილებს, რომლებიც არიან აშშ-ის მოქალაქეები და კარგი სტუდენტები, ისინი რუსეთში არ ცხოვრობენ, მუდმივად აქ ცხოვრობენ და ამერიკელები არიან. ეს მათ ყველაზე მეტად აზიანებს“, - ამბობს ბავშვების ამერიკელი მამინაცვალი.