ავტორი:

პირველი ადამიანი, რომელსაც ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა

პირველი ადამიანი, რომელსაც  ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა

პირველი ადამიანი, რომელსაც გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი გადაუნერგეს, ოპერაციიდან ორი თვის შემდეგ გარდაიცვალა. 62 წლის რიჩარდ "რიკ" სლეიმანი თირკმლის დაავადებით იტანჯებოდა და დაავადება ბოლო სტადიაში იყო.

მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს განცხადებით, (MGH), მამაკაცის გარდაცვალება ტრანსპლანტაციის შედეგი არ ყოფილა.

თირკმელების დაავადების გარდა, სლეიმანს ასევე აწუხებდა დიაბეტი და ჰიპერტენზია.

ღორის ორგანოების ადამიანისთვის ტრანსპლანტაცია აქამდეც უცდიათ, თუმცა ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო. სლეიმანის ოპერაციას კი მეცნიერებმა "ისტორიული ეტაპი" უწოდეს. პაციენტი საავადმყოფოდან ორ კვირაში გაწერეს.

"რიკ სლეიმანი სამუდამოდ განიხილება, როგორც იმედის შუქურა უამრავი პაციენტისთვის. დიდ მადლობას ვუხდით მას ნდობისთვის. მას დიდი დამსახურება აქვს ქსენოტრანსპლანტაციის სფეროს წინსვლაში", - ნათქვამია MGH-ის განცხადებაში. ქსენოტრანსპლანტაცია არის ცოცხალი უჯრედების, ქსოვილების ან ორგანოების გადანერგვა ერთი სახეობიდან მეორეზე.

სლეიმენი შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა დიალიზზე, რის შემდეგაც, მას ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს. თუმცა, ხუთი წლის შემდეგ, გადანერგილ თირკმელსაც უკმარისობის ნიშნები დაეწყო, რამაც კვლავ დიალიზზე დაბრუნება აიძულა. მას შემდეგ, ის სერიოზული გართულებებით იტანჯებოდა.

ღორის თირკმლის გადანერგვის ნებართვა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) სპეციალური პროგრამის ფარგლებში გასცა, რომლის მიზანიც უიმედო პაციენტთა დახმარებაა.