ავტორი:

"საქართველო რეგიონში ყველაზე პროდასავლური ქვეყანაა..." - თბილისი მსოფლიო მედიის ობიექტივშია: რას წერენ წამყვანი გამოცემები?

"საქართველო რეგიონში ყველაზე პროდასავლური ქვეყანაა..." - თბილისი მსოფლიო მედიის ობიექტივშია: რას წერენ წამყვანი გამოცემები?

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ამბავს მსოფლიოს წამყვანი გამოცემებიც ეხმაურებიან. მათ შორის აქტიურად აშუქებს მიმდინარე მოვლენებს Sky News, Al Jazeera, The Guardian, BBC, CNN და Daily Mail.

"საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა "უცხოური გავლენის" საკამათო კანონს, რომელიც რამდენიმეკვირიანი მასობრივი ქუჩის პროტესტის გამომწვევი მიზეზი გახდა," - წერს BBC საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ვითარებაზე.

"კანონის დამტკიცებას დღეს 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შემდეგ სპეცრაზმმა მომიტინგეების დაკავებაც დაიწყო, რადგან ზოგიერთი პირი ბარიერების ჩამოშლას და პარლამენტის შენობაში შეჭრას ცდილობდა",- წერს CNN.

გამოცემას საქართველოს პრემიერ მინისტრის ოფიციალური განცხადებაც მოჰყავს: "ორშაბათს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კოლეგები გააფრთხილა, რომ თუ ხელისუფლება კანონპროექტის მესამე მოსმენაზე უკან დაიხევდა, საქართველო სუვერენიტეტს დაკარგავდა და "უკრაინის ბედს გაიზიარებდა", მაგრამ მან არ დააზუსტა ის, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა",- წერს CNN.

BBC-სთვის მიცემულ კომენტარში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. თუმცა გამოცემა წერს, რომ "ქართულ ოცნებას" საკმარისი რაოდენობის წარმომადგენლები ჰყავთ პარლამენტში, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

CNN-ის დღევანდელ სტატიაში ნათქვამია, რომ კანონპროექტმა საქართველოში კულტურული გარდატეხა გამოიწვია და ქვეყნისთვის მოსკოვის გეოპოლიტიკური ორბიტიდან თავის დაღწევა გაართულა.

"საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წელს შეიტანა და დეკემბერში კანდიდატის სტატუსიც მიენიჭა, რაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის რუსეთისგან ჩამოშორების მცდელობად განიხილება. თუმცა, ევროკავშირის ლიდერებმა ნათლად განაცხადეს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას საფრთხეს შეუქმნის",- წერს CNN.

გამოცემა იმაზეც საუბრობს, რომ ბევრი ქართველი კვლავ ბრაზობს 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის გამო და იმ ფაქტის გამო, რომ კრემლს კვლავ ოკუპირებული აქვს მათი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაახლოებით 20%.

გამოცემას კრემლის განცხადება მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ "უცხოური გავლენის" კანონი "ანტირუსული განწყობის პროვოცირებისთვის" გამოიყენება. CNN-ს სტატიაში ვლადიმერ პუტინის სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებაც აქვს ჩართული, სადაც ის ამბობს, რომ "კანონპროექტის კრიტიკა საქართველოს შიდა საქმეებში დაუფარავად ჩარევას ნიშნავს".

The Guardian-ი "უცხოური გავლენის" კანონის მიღებას ასე ეხმიანება: "საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელსაც ოპონენტები გმობენ და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიისთვის კრემლის მიერ შთაგონებულ ნაბიჯს უწოდებენ. საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა, რათა ვაშინგტონის შეშფოთების შესახებ ესაუბრათ.

"პრემიერის ოფისის ცნობით, კობახიძემ "ო'ბრაიენს განუმარტა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მმართველი პარტიის მზადყოფნა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში გულდასმით განიხილოს საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი კომენტარი",- წერს Guardian-ი.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი კი ასე აღწერს სიტუაციას: "საქართველო რეგიონში ყველაზე პროდასავლური ქვეყანაა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას. 2012 წელს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანა თანდათანობით პუტინის ორბიტაში მოექცა."

"არის მოწოდებებიც პარტიის ოლიგარქი დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების თაობაზეც. ბატონი ივანიშვილი გორაკზე, შუშის სასახლეში ცხოვრობს, რომელიც მთელ დედაქალაქს გადაჰყურებს. მან ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა და ითვლება, რომ კანონპროექტის დამტკიცება მის პირად სურვილს ეფუძნება",- წერს Daily Mail-ი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა