დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80 %-ზე მეტი, ხოლო უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", მოსახლეობის 60%-ზე მეტი.
"ეს კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციების წარდგენას. შეუძლებელია, გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს ვინმე, ვისაც წაკითხული აქვს ეს კანონი და გააზრებული აქვს, რომ გამჭვირვალობა ერთ-ერთი საკვანძო ევროპული ღირებულებაა.
მადლობა მინდა გადავუხადო მმართველი გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საქართველოს ეროვნული ინტერესები ერთგულებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციელებს, რომლებიც მიტინგებზე ძალადობასა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით პასუხობდნენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მომიტინგეებს, თავი შეიკავონ ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, ასევე კიდევ ერთხელ ვთხოვ სამართალდამცველებს, ძალადობასა და შეურაცხყოფას მაქსიმალური მოთმინებით უპასუხონ", - აღნიშნა პრემიერმა.
"საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო. ჩვენ მომავალშიც ვიმოქმედებთ უმაღლესი პასუხისმგებლობით ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე და გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ღირსებით და სუვერენიტეტით არის შესაძლებელიც და ფასეულიც, რაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული.მადლობა ქართველ ხალხს, რადგანაც სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა გასულ წლებში რევოლუციის ორი მცდელობის თავიდან აცილების, მშვიდობის შენარჩუნებისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შესაძლებლობაც, სწორედ, ქართველი ხალხის მხარდაჭერამ მოგვცა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით ,მომავალშიც დიდ წარმატებებს მივაღწევთ და 2030 წლისთვის საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს, რა დროსაც მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა სურვილი და მზაობა, რომ მაქსიმალურად იზრუნონ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
"ო’ბრაიანთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა, ვიდრე დაგეგმილი იყო, 1 საათი იყო დაგეგმილი და ორ საათ ნახევარი გაგრძელდა. ძალიან გულწრფელი შეხვედრა იყო. ჩვენ გულწრფელად ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებს ეხება. მათ შორის საუბარი იყო იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში წარიმართა გასული 3 წლის განმავლობაში. ჩვენ ბატონ ო’ბრაიენს განვუმარტეთ ყველაფერი, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ სურვილი და მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ეს არის სურვილი, მთავარია, რომ მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო და სამართლიანი დამოკიდებულება.
თუ ასეთი დამოკიდებულება იქნება, ასეთ შემთხვევაში მივაღწევთ წარმატებებს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზაზე. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გავლენის შესახებ“ კანონზე. განვუმარტეთ ყველა დეტალი, რაც ამ კანონთანაა კავშირში. თუ რაიმე შენიშვნები იქნება, ჩვენ კიდევ ერთხელ, მზად ვართ დისკუსიისთვის და ეს მზაობა ბატონ ო’ბრაიანსაც დავუდასტურე. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ძალიან ბევრი რამ გახდა ცხადი იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო და რაც ხდებოდა ამ ორმხრივ ურთიერთობებში გასული სამი წლის განმავლობაში. ჩვენ მზაობა გვაქვს, რომ ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად ო’ბრაიანსაც დავუდასტურე“, - აღნიშნა კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე: