აქციის მონაწილეების ნაწილმა, რომლებიც გმირთა მოედანზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ, მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადაინაცვლა.
"მეტი ტერიტორია უნდა მოვიცვათ და ყველას გავაგებინოთ, რომ ვერ გაგვარუსებენ. ჩვენ ვართ საქართველო!
არ აჰყვეთ შესაძლო პროვოკაციებს, იყავით მშვიდად. გახსოვდეთ, რომ სასწრაფოს ყველა მანქანას ვუთმობთ გზას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ასევე ამ დროისთვის, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა სრულად პარალიზებულია.
კერძოდ, საგზაო მოძრაობა შეზღუდულია გმირთა მოედანზე მდებარე ყველა ესტაკადაზე, ასევე, მოძრაობა პარალიზებულია ვარაზისხევისკენ ასასვლელ გზაზე და კოსტავას ქუჩისკენ მიმავალ გვირაბში.
პროტესტის მონაწილეებმა აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შეკრებილებს განუცხადეს, რომ გმირთა მოედანზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
განახლება - 00:30
გმირთა მოედანზე ნაწილობრივ, ხოლო მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა.
ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი აქვთ ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირზე.
აქციის მონაწილეები, რომლებმაც მარცხენა სანაპირო გადაკეტეს, მსვლელობით კვლავ გმირთა მოედნის მიმართულებით ბრუნდებიან.
ფოტოები გმირთა მოედნიდან: "ინტერპრესნიუსი"


