ავტორი:

ე.წ. აგენტების კანონის მხარდამჭერი, ცნობილი მამების შვილები, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ გამოდიან - "ასე იწყება ყველა ხელისუფლის დასასრულის დასაწყისი...“

ე.წ. აგენტების კანონის მხარდამჭერი, ცნობილი მამების შვილები, ვინც ამ კანონის წინააღმდეგ გამოდიან - "ასე იწყება ყველა ხელისუფლის დასასრულის დასაწყისი...“

საქართველოში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე პერიოდულად მედიაში ჩნდება ინფორმაცია, რომ ცნობილი ბიზნესმენების ან ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების შვილები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს მხარდაჭერას უცხადებენ ან სამართალდამცველების ქმედებებს აპროტესტებენ.

შეგვიძლია გავიხსენოთ კომპანია "ვისოლის" მეწილის, ლევან ფხაკაძის ქალიშვილის, ანი ფხაკაძის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ გული სწყდებოდა, მისი ოჯახის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულების გამო.

"დღეს მე ძალიან გული მწყდება, რომ ვხედავ ამ ბოლო დღეებში ჩემი ოჯახის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

ჩვენ გავიზარდეთ დასავლური ღირებულებებით და ყველა, ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ან ჰქონია მათთან მცირეოდენი შეხება, ძალიან კარგად იცის, რომ ისინი ყოველთვის გვერდში უდგანან ქართველ ხალხს და წლების განმავლობაში ოჯახსა თუ მის გარეთ ამკვიდრებენ სწორედ რომ დასავლურ ღირებულებებს და ფასეულობებს.

ანი ფხაკაძე მამასთან ერთად

მე ყოველთვის გვერდში ვუდგავარ და ვედგები ჩემს საქართველოს, ჩემს ოჯახსა და ჩემს მეგობრებს! არა რუსულ კანონს!"

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლევან ფხაკაძემ მიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "გამჭვირვალობის და ღია პროცედურების/რეგულაციების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სუვერენიტეტის და დემოკრატიის შენარჩუნება".

ხელისუფლების მხარდამჭერები გაოცებული დატოვა რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ქალიშვილის ირინა გაჩეჩილაძის მიერ გამოქვეყნებულმა პოსტმა. ირინამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამის" პირად გვერდზე, "სთორიში“ აქციის დროს გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ პოლიცია ხალხს ურტყამს.

ირინა გაჩეჩილაძე მამასთან ერთად

"ღორები, ზუსტად ასეთი კადრებით იწყება ყველა ხელისუფლის დასასრულის დასაწყისი, გონს მოეგეთ“, - წერდა ირინა.

ამერიკიდან საქართველოში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა ბიზნესმენ თემურ უგულავას ქალიშვილი ნუცა უგულავაც. მან სოციალურ ქსელში გუშინ, აქციის დროს გადაღებული სამართალდამცავების ვიდეო გამოაქვეყნა და მათ საქციელს გულისამრევი უწოდა.

"ფუჰ, გულისამრევები ხართ. თვალებში გეტყობათ სიბოროტე. ვერაფერი ვერასდროს ვერ გაამართლებს ამათ საქციელს. ასეთი რა დაგაკლეს მშობლებმა, ასეთები რომ გაიზარდეთ. დარეკეთ, იქნებ დედიკო ჩაგეხუტოთ", - წერს ნუცა უგულავა.