ავტორი:

"სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება" - ექსპერტი

"სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ  ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება" - ექსპერტი

საქართველოს ხელისუფლებამ ე.წ. აგენტების კანონი მესამე მოსმენით სწორედ იმ დღეს მიიღო, როდესაც თბილისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო ბრაიენი სტუმრობდა.

მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თემაზე ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ეს ძალიან ახლო პერსპექტივაა. არ მინდა, პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ ამაზე ვიმუშავებთ. როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ ცხად მტკიცებულებებსა და ძალიან ძლიერ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. ეს არ არის ისეთი რამ, რომ ერთ ღამეში გაკეთდეს“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით:

"ძალიან ცუდი იქნება, თუ კანონი ახლანდელი სახით დაინერგება. ასე რომ, სანამ საბოლოოდ შევა ძალაში, გვჭირდება, რომ მასში არსებითი ცვლილებები შევიდეს. ეს და ასევე რიტორიკა, რასაც ვხედავთ, მიგვიყვანს კითხვამდე, თუ რა დარჩება ჩვენი პარტნიორობისგან... გვსურს, რომ თავი ავარიდოთ ყოველგვარ სტიგმას ორგანიზაციების მხოლოდ მცირე ჯგუფისადმი. არსებობს ევროკავშირის ჩარჩო, რომელიც ამჟამად განიხილება, რომელიც უკავშირდება უცხოურ დაფინანსებას. აშშ-შიც გვაქვს გარკვეული ჩარჩოები. ასე რომ, არ მინდა ვუკარნახო, ზუსტად რა უნდა გამოვიდეს, მაგრამ გვსურს, რომ თავი ავარიდოთ იმას, რაც ბოლო კვირაში ვნახეთ - საჯარო დისკუსია ცალკეულ ორგანიზაციებზე გამოყენებულია გარკვეული ჯგუფის მიერ, რომ დააზიანონ კერძო საკუთრება, დააზიანონ ადამიანები. ეს დაუშვებელია“.

მანამდე ო ბრაიენმა დაადასტურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა შეხვედრაზე იმის გამო, რომ უკვე იმყოფება დე ფაქტო სანქცირების ქვეშ და ამ რეალობაში არ სურს შეხვედრა. ამის საპირისპიროდ, ო ბრაიენმა განაცხადა: "ამ ეტაპზე ივანიშვილის მიმართ სანქციები არ არის დაწესებული.“

"ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი ასე ცუდად არის ინფორმირებული, ნამდვილად საოცარი და სამწუხაროა. ეს მიზეზი, რომ ადამიანმა უარი განაცხადოს ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე, ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო ქვეყნის წინაშე ვალდებულებაზე წინ, რაც კონსტიტუციაშია გაწერილი“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

უმრავლესობა ჯერჯერობით არც მოსალოდნელი დასანქცირების გამო იტეხს იხტიბარს და ერთხმად იმეორებს, - როცა ქვეყნის სუვერენიტეტს ეხება საქმე, სანქციები რა მოსატანიაო.

ჯიმ ო ბრაიენის ტექსტის ძირითად გზავნილებსა და სანქციების საფრთხეზე, ambebi.ge - ს პოლიტოლოგი, GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ესაუბრა:

"ეს იყო უკიდურესად კრიტიკული გამოსვლა, დიპლომატიურ ენაზე ამაზე მეტად კრიტიკული გამოსვლა ვერ იქნებოდა. ჯიმ ო ბრაიენმა ახსენა, რომ შეთქმულებაზე საუბარი ზოგადად არასერიოზულია და ეს არის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მესიჯი, რომლის მიხედვით, ხელისუფლება არა მარტო ამ შეთქმულების თეორიებში ცხოვრობს, არამედ ამ თეორიების გამავრცელებელი თავად ხდება. ეს კი დამაზიანებელია არა მხოლოდ მისი რეპუტაციისთვის, არამედ ზოგადად საზოგადოების მდგომარეობისთვის იმიტომ, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლებას უსმენს ხოლმე. შესაბამისად, ძალიან მძიმეა, როცა ხელისუფლება ამ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს, როგორიცაა მაგ. გლობალური ომის პარტია და სხვა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი შეეხება იმას, რომ სახელმწიფო არ უნდა იქცეს პირადი ინტერესების გატარების საშუალებად და მექანიზმად. ეს, პრაქტიკულად, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები, რომლებიც აქამდე არსებობს, ეკუთვნის ხალხს და თუკი ვიღაცის მიერ მოხდა მისი მისაკუთრება, პირად ინტერესებში გატარება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მიტაცებულია და ემსახურება ერთ ადამიანს, რაც, რა თქმა უნდა, კატასტროფულად დამაზიანებელია ნებისმიერი სახის რეპუტაციისა და ნდობისათვის ნებისმიერი ადამიანისათვის.

რაც შეეხება სანქციებს, ეს პრინციპში, ლოგიკურიც იყო, თუმცა სანქციების ფორმა, რაოდენობა, დადების მომენტი და სხვა როგორ იქნება, ეს დროთა განმავლობაში გადაწყდება, რაც პრინციპში, ინტრიგასაც ტოვებს და მიანიშნებს იმაზე, რომ მოქნილი საშუალება კიდევ არსებობს. ის, რომ სანქციების დადება ჯერჯერობით უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისადმი არ განიხილება, მიანიშნებდა იმაზე, რომ მას უკან დახევისთვის გზას უტოვებენ. მთავარი, რაც შეიძლება ამ გზავნილიდან იყოს, ეს არის ის, რომ ამერიკული საზოგადოება და ჩვენი მოკავშირეები ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს შიგნით და მათ არ აქვთ ილუზია, რომ ხელისუფლებამ შეიძლება ვიღაცა მოატყუოს ან დაარწმუნოს, რომ ეს რუსული კანონი არ არის, რუსული სამართლებრივი წესრიგის დამყარება არ არის და ა.შ. ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი ზოგადად უფრო პოზიტიური იყო, ვიდრე ნეგატიური, მაგრამ მოსალოდნელია, ახლო მომავალში სანქციები ვიხილოთ (რამდენიმე კვირა გვაქვს შესაფასებლად). ეს არ არის არც ნელი და არც ძალიან სწრაფი პროცესი, ზოგადად, ეს არის პროცესი პასუხებზე.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი სანქციების რიგში პირველი არ იქნება, რაც ჭკვიანური ნაბიჯია, ვიდრე არასწორი. არ მგონია, რომ ამ ეტაპზე ბიძინა დაასანქცირონ, პირიქით, ვფიქრობ ის იქნება ყველაზე ბოლო და თუ ის დასანქცირდა, ნიშნავს, რომ უკან წასაღები აღარაფერი იქნება და ეს დასავლეთიდანაც იქნება სრული ვა ბანკი. დასავლეთი ამ მიმართებით ზოგადად, ძალიან ფრთხილობს ხოლმე. გვახსოვს, როცა რუსეთში, კრემლში ყველას ასანქცირებდნენ და როცა უშუალოდ პუტინზე მიდგებოდა საქმე, ეს იყო ყველაზე ბოლო და უკიდურესი პროცესი.

როგორც იკვეთება, ამ პროცესში მონაწილე ყველა პირი დასანქცირდება მათი ოჯახის წევრებიანად. სანქციები თუ დაწესდა, ის ოჯახის ყველა წევრზე ვრცელდება ხოლმე. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მყოფთა შვილებსაც, რომლებიც სწავლობენ აშშ-სა თუ ევროპის ქვეყნებში, შეეზღუდებათ დასავლურ ქვეყნებში ყოფნის საშუალება. ეს სტანდარტული პროცედურაა და არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული. როდესაც საუბარი გვაქვს ოჯახის სანქციებზე, გამოდის, რომ მათ ყველას გადაადგილება შეეზღუდება, ასევე, იზღუდება ხოლმე ფინანსური მოქმედებები ოჯახების გავლით. როდესაც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დაასანქცირეს, მათ შორის იყო პუტინის შვილი, რომელიც სწავლობდა ნიდერლანდებში. მას მოუწია იმ ქვეყნის დატოვება და, შესაბამისად, მეუღლესთან ერთად უკან დაბრუნდა, თუმცა მან დაასწრო და სანამ პუტინის ოჯახს სანქციებს დაადებდნენ, რამდენიმე კვირით ადრე დატოვა ნიდერლანდები. ეს ჩვეულებრივი პროცესია და გამორიცხულია, ვიღაცებზე, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა, გამონაკლისი დაუშვან. თუმცა მთავარი რაცაა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ეტაპზე ამერიკულ სანქციებზე უფრო მნიშვნელოვანია იმავე ზომის ევროპული სანქციები, რომელიც ბევრად უფრო მძიმე იქნება იმ გაგებით, რომ ევროპასთან მიმოსვლა ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ამერიკასთან.

ჯიმ ო ბრაიენმა ევროპული სტადარტის კანონზე ისაუბრა და როცა თქვა კანონის შეცვლაზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება მიღებული კანონიდან რიგი მუხლების ამოღება, მათ შორის, პირველ რიგში, მე-8 მუხლის - მონიტორინგი მთლიანად უნდა გაქრეს, ასევე, სახელი უნდა შეეცვალოს კანონს. სტიგმატიზაცია (რომ ვიღაც აგენტია, ვიღაცა გავლენას ახდენს და სხვა), რომელზე მან აქცენტიც გააკეთა, აზარალებს ყველაფერს - ეს იყო მთავარი სიგნალი და მესიჯი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ამ განცხადებაში.

პრეზიდენტი კანონს ვეტოს როცა დაადებს, ის არ უნდა დაიძლიოს, ან მოგვიანებით, პარლამენტმა კანონის გაუქმებას კენჭი უნდა უყაროს. სამართლებრივი პროცედურების მოძებნა შესაძლებელია, მთავარია პოლიტიკური ნება არსებობდეს. საინტერესო კიდევ ერთია, რაც მოვისმინე და ლოგიკურადაც მეჩვენა - ო ბრაიენმა განაცხადა, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ნაკლები ინფორმაცია აქვსო, რაც არის ერთგვარი მინიშნება იმაზეც, რომ ის უკეთ უნდა გაეცნოს ამერიკიდან მოსალოდნელ, პოტენციურ ნაბიჯებს".

იხილეთ ასევე: