საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე სამი თვის წინ მის მიერ დაინიცირებული პლატფორმის შესახებ ისაუბრა.
"ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც ვმუშაობ უკვე რამდენიმე კვირაა, ის ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას“.
პრეზიდენტის თქმით, პლატფორმის მიზანია არჩევნებისთვის მობილიზაცია.
"ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე ერთობით, მობილიზებულად და რომელიც არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალი არის მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის. ჩვენ, ყველანი ერთად, უთუოდ გავიმარჯვებთ, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:
"სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, რას უნდა წარმოადგენდეს ასეთი გაერთიანება, ან რას ნიშნავს ეს პლატფორმა. როცა იდეა თავისთავად იბადება, ხედავ მისი განხორციელების, თუ ფუნქციონირების მნიშვნელობას. აქ უბრალოდ ითქვა, რომ გავერთიანდეთ ევროპულ პლატფორმაზე. პრეზიდენტმა უნდა გვითხრას, რა გააცნო მინისტრებს, რას გეგმავს და როცა მეცოდინება, რა ფუნქცია ექნება ამ პლატფორმას, მაშინ შემეძლება შეფასება. დღესდღეობით, რასაც ვხედავ, შეიძლება ამის მიზანი იყოს დეკლარაციის შექმნა, რომელზედაც ხელს მოაწერენ პარტიები, არასამთავრობოები, საზოგადოება, იმის იქით რამეს თუ გულისხმობს, უბრალოდ, არ მესმის. მან ისიც თქვა, მე წავყვები ევროპულ პროტესტს, მაგრამ არა როგორც უშუალოდ მონაწილე, არამედ... არამედ როგორც რა? - ეს ცოტა გაუგებარია. პრეზიდენტის ამ იდეამ, რომელიც 3 თვის წინ პირველად გაჟღერდა, უბრალოდ, განვითარება ვერ ჰპოვა.

დღეს ყველა პარტია აცხადებს, რომ პროევროპულია. გულწრფელად რომ გითხრათ, საქართველოში პროევროპული ხელისუფლება მე არ მინახავს (არც დღევანდელი, არც გუშინდელი და არც გუშინწინდელი, კომუნისტებზე თავისთავად არ ვლაპარაკობ). ახლა ყველა ეს ხალხი ისევ ერთიანდება რაღაც ევროპულ პლატფორმაში. კი, ბატონო, დღეს ოპოზიციაა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობა“ ოდესმე პროევროპული ყოფილა? ვნახეთ მათი ევროპულობა... საქმე მაინც დეფინიცირებამდე მიდის, იქნებ ენმ-მ განაცხადი გააკეთოს, რას ნიშნავს მათთვის ევროპულობა, იმავე ღირებულებებზე როცაა ლაპარაკი, ზოგადი ფრაზები არა. ჩემთვის, მაგ. უხერხულია, როცა ენმ და მისი წარმომადგენელი (იქნება ძველი, თუ ახალი) ადამიანის უფლებებზე ლაპარაკობს. მიმაჩნია, რომ ეს ზნეობრივად და მორალურად არასწორია. მშვენივრად ვიცი, რომ მათ ჰყავთ მხარდამჭერები, რომ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ეს ცოდნა არ მარგია არაფერში, როდესაც ვაკეთებ შეფასებას.
მითხარით, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა, იქ რაიმე ევროპული იყო? სასამართლო იგივე რომ გვაქვს და დღეს ამბობენ, არ ვარგაო, მათ ხელში რომ იყო, მაშინ ვარგოდა? რეპრესიები, დარბევა მაშინ შეიძლებოდა და დღეს - აღარ? ჩვენი საზოგადოება იმას თუ ვერ აფასებს, ვინ ვინ არის, წარსულიდან ხომ მაინც უნდა ვიცოდეთ, ხელისუფლებაში რომ იყო, რას აკეთებდა? სულ არ მომწონს, რაც ხაბეიშვილს დამართეს, მაგრამ კობა დავითაშვილს რა დამართეს, ის მაშინ გამართლებული იყო და დღეს არა? მე რომ ვაკრიტიკებ და არ მომწონს "ქართული ოცნების" სისულელეები, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რადგან ოპოზიციაშია, "ნაციონალები" წმინდანები გახდნენ? ყველა ხელისუფლებამ, სანამ მოვიდოდა, იცოდა რა იყო გასაკეთებელი, მაგრამ მოსვლის შემდეგ არც ერთს არაფერი გაუკეთებია. ახლა ოპოზიციაში რომ არიან, ყველას უნდა წესიერი სასამართლო, ადამიანების უფლებების დაცვა, სამართლიანობა, მაგრამ ხელისუფლებაში რომ მოვლენ, მერე? მე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ იმ კანონის, რომელიც მიიღეს და ყველა აპროტესტებს, გაუქმება მოხერხდება (იმავე კოალიციის ხელში). დეკლარაციას ყველა ხელს მოაწერს, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოვლენ, შემდეგ ვინ რისი გამკეთებელია, კაცმა არ იცის.
"ამ პლატფორმაში ეს ვერ მოხერხდება, ერთიანი სიების გაკეთება იქნება წამგებიანი. იმისთვის, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვოს და "ოცნებამ" 76 მანდატი ვერ აიღოს, ამ ქვეყანაში ერთპარტიულობა მაინც რომ დავასრულოთ, მგონია საუკეთესო ვარიანტია არჩევნებისთვის შუაშისტური პარტიები ცალკე დაჯგუფდნენ (იმისათვის, ოპოზიციური ელექტორატი რომ აითვისონ), ცალკე - ენმ და მისგან წარმოშობილი სხვადასხვა პარტიები და მესამე იქნება „ოცნება“. ასე ხმებიც არ დაიკარგება და თუ ეს შესაძლებელია, მათ ერთიან სიებზე უნდა იმუშაონ. ეს თუ შეუძლებელია და ყველა ცალ-ცალკე უნდა გამოვიდეს, მაშინ საერთოდ გაუგებარია ამ პლატფორმის არსი. სააკაშვილის ერთიანი სია დაუშვებელია, ამას ხელისუფლება გამოიყენებს და დაიწყება პროპაგანდა კოლექტიურ ნაცობაზე. რაღაცნაირად უნდა ჩამოყალიბდნენ, ხომ არ შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელისუფლებას აძლევდე საშუალებას, რომ მოახდინოს ენმ-ს პროპაგანდირება? დღეს ერთიანი სია ხელს აძლევს "ქართულ ოცნებას". ჯერ ერთი, ერთიანი სია მთლიანობაში არ გაკეთდება, ისედაც უამრავი პარტია იქნება, რომელიც ცალკე მიიღებს მონაწილეობას (არა იმიტომ, რომ ბარიერი გადალახოს). როგორც კი ერთიანი სია გაჩნდება, იმავე წუთში "ქართულ ოცნებაც" ისევ მიეცემა საშუალება თქვას, - აი, "ნაცმოა".

არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ პროტესტანტული ელექტორატი ამ ერთიან სიას ხმას მისცემს, ამიტომ ამაზეც საფიქრალია. არაა ერთიანი სიის შექმნის აუცილებლობა, არის იმის აუცილებლობა, რომ გამსხვილდეს ჯგუფები - ნაციონალური, შუაშისტური და თავისთავად - „ოცნება“. ელექტორატი რომ აითვისონ, ეს უნდა იყოს მიზანი და არა ის, რომ ერთიანი სია შეიქმნას. ცალკე თემაა ის, რომ ოპოზიცია უკვე შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობს, სათავეში მოექცეს პროცესს, რომელიც რუსთაველზე ხდება და რაღაც განცხადებებს აკეთებს. ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს, მაგრამ საარჩევნო კამპანიას როცა დაიწყებს, მაშინ. თავს დავდებ, როგორც კი ამ აქციებზე წამყვან ზოლში რეალურად პოლიტიკური ლანდშაფტი გაჩნდება, ჩათვალეთ, რომ იქ მარტო პარტიები დარჩებიან.
ამ პროცესებს უკვე აქვს პოლიტიკური ხასიათი და ის ძლიერი იქნება მანამ, სანამ იქ პარტიები გამოჩნდება, პოლიტიკურიდან გადავა პარტიულ პროცესში, რაც არ ვარგა. "ქართული ოცნება" დღეს არის საგონებელში და იცით, რატომ? - იმიტომ, რომ ვერ გაიგო, რა მოუხერხოს ამ აქციებს, რომელსაც რეალურად არც კოორდინატორი ჰყავს, არც ვინმე გამოკვეთილი ფიგურა, რომლისკენაც ხელს გაიშვერს. ადექი და დაიწყე საარჩევნო კამპანია და იქ გამოიყენე რუსთაველზე რაც ხდება, რეგიონებში გადი, იქ მუშაობა და მათი ინფორმირებაა საჭირო, რა ხდება თბილისში. ამაზე უკეთესი არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა "ოცნებას“, არ არსებობს. ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს პროპაგანდისთვის და პიარისთვის და არა იმისთვის, აქციას ჩაუდგეს სათავეში. ეს თუ ასე მოხდა, ამბავი იმით დასრულდება, რომ იქ მხოლოდ პარტაქტივისები დარჩებიან. ხომ ვნახეთ შეფასებები, როცა მიტინგზე პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, მათ ლაზერს ანათებდნენ, დიდი ოვაციები არცერთ გამოსვლას არ გამოუწვევია და ამით ხომ მაინც უნდა მიხვდე რაღაცას?".