ავტორი:

ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა: ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

ირანის პრეზიდენტის უკანასკნელი ფრენა: ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკატასტროფა უამინდობის გამო მოხდა - რა არის ამ დროისთვის ცნობილი?

ოფიციალური ინფორმაციით, წუხელ მომხდარ ავიაკატასტროფას ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, საგარეო საქმეთა მინისტრი და შვეულმფრენის ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რაისი 63 წლის იყო.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდნენ, 19 მაისს ჩამოვარდა ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მთიან რაიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის მახლობლად. დელეგაცია ბრუნდებოდა აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციიდან - ირანის რეგიონიდან, რომელიც აზერბაიჯანს ესაზღვრება. ირანის პრეზიდენტი რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად მონაწილეობდა ახალი კაშხლის გახსნის ცერემონიაში.

ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად იყვნენ პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი, ქალაქ თავრიზის იმამი, პრეზიდენტის დაცვის უფროსი და დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ორი პილოტი და ტექნიკოსი.

ირანის ხელისუფლებამ ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზად უამინდობა დაასახელა.

ძლიერი ნისლის გამო გართულებული იყო სამძებრო-სამაშველო ოპერაციაც. მაშველებმა ვერტმფრენის კატასტროფის რაიონამდე დღეს, 20 მაისს მიაღწიეს.

"შიიტი სასულიერო პირი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის ოპონენტების ყველაზე სასტიკ დარბევაში მონაწილეობდა, იყო ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის პროტეჟე და ქვეყანაში რელიგიური მმართველობის ერთგული მხარდამჭერი", - წერს New York Times-ი.

Reuters-ის ცნობით, შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ თვითმფრინავი მთის მწვერვალს შეეჯახა, თუმცა ავარიის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, Reuters-ი იუწყება, რომ ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნასა და პრეზიდენტის დაღუპვაში მათი ხელი არ ურევია.

რაისის გარდაცვალებას თეირანში რუსეთის საელჩო და საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოეხმაურნენ.

ლავროვმა სამძიმარი გამოთქვა და დასძინა:

"რუსეთში ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი ცნობილი იყვნენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი, სანდო მეგობრები... ამ მწუხარების ჟამს, გულით თქვენთან ვართ", - მიმართა მან ირანელ ხალხს. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი რაისი უკრაინასთან ომის განმავლობაში რუსეთს იარაღით ამარაგებდა.

მოჰამედ მოხბერი

  • მოსალოდნელია, რომ ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის თანამდებობას ირანის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი დაიკავებს. ის საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებას ჩაუდგება სათავეში, რომელიც პრეზიდენტის გარდაცვალებიდან 50 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

ტრაგიკულ შემთხვევას ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც გამოეხმაურა და X-ზე ატვირთულ პოსტში დაწერა:

"ევროკავშირი გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს პრეზიდენტ რაისის და საგარეო მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის, ისევე როგორც მათი დელეგაციის სხვა წევრების და ეკიპაჟის ავარიაში გარდაცვალების გამო".

ირანელებს ყატარის შეიხმა თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმაც მიუსამძიმრა. მან X-ზე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა:

"გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას და ხალხს პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდულაჰიანის და მათი თანმხლები ჩინოვნიკების გარდაცვალების გამო",- წერს ის სოციალურ პლატფორმაზე.

შემთხვევას ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაისის ტრაგიკული დაღუპვით ღრმად არის დამწუხრებული და შოკირებული: " ამ მწუხარების დროს ინდოეთი ირანის გვერდით დგას",- წერს ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა ერაყის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შია ალ სუდანიმ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ირანელ ხალხსა და ლიდერებს მხარს უჭერს ამ ტრაგიკული ინციდენტის ფონზე.

ბოლო ინფორმაციით, ახლახან "ჰამასმაც" გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაჯგუფება ირანის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:

"ამ ლიდერებმა სიონისტური ერთეულის წინააღმდეგ ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ბრძოლას დაუჭირეს მხარი. მათ ღირებული მხარდაჭერა გაუწიეს პალესტინის წინააღმდეგობას და ღაზას სექტორში მყოფი ჩვენი ხალხისთვის დაუღალავი ძალისხმევა გაიღეს. მათ ასევე პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ სიონისტური აგრესიის შესაჩერებლად პოლიტიკური და დიპლომატიური მოქმედებებიც ჩაატარეს", - წერს ტერორისტული დაჯგუფება.

  • ებრაჰიმ რაისი ირანის პრეზიდენტი იყო 2021 წლის აგვისტოდან. ის მანამდე ხელმძღვანელობდა ირანის სასამართლო ხელისუფლებას და გენერალურ პროკურატურას. ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქცირებული იყო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ.

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა